ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.
“დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანიასთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ.
ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში“,- აღნიშნა მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, თუ რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი იმისთვის, რომ პრეპარატ „ჯივინოსტატით“ იმკურნალოს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პრეპარატის გამოყენება იწყება 6 წლის ზემოთ ასაკიდან და პაციენტს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი უნდა გააჩნდეს.
“რაც შეეხება “ჯივინოსტატის” გამოყენების კრიტერიუმებს, თუ ვისთან მიმართებით იქნება გამოყენებადი, ძირითადი ფაქტორი არის ის, რომ 6 წლამდე არ გამოიყენება ეს მედიკამენტი, 6 წლიდან იწყება. დაწყების საფუძველია, რომ გადაადგილების უნარი უნდა გააჩნდეს. სხვათა შორის, გადაადგილების უნარიც საჭიროებს დაზუსტებას. აქ იგულისხმება ის, რომ შეეძლოს დამოუკიდებლად ნაბიჯების გადადგმა. შესაბამისად, ამის მიხედვით განისაზღვრება. კრიტერიუმი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვეული მახასიათებლები. აქ საუბარია მაგალითად იმაზე, რომ თრომბოციტების კონკრეტული დონე უნდა იყოს, რომ დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს და ა.შ. ამ ასაკობრივი ჯგუფის უდიდესი უმრავლესობისთვის, თუ არა 100 %-ისთვის იქნება ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი. ვისთვისაც არა, იქაც არსებობს შესაძლებლობა, რომ შემდეგ ჩაერთოს ამ პროგრამაში”, – განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრის განმარტებით, 6 წელზე ზემოთ პაციენტი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია, დაახლოებით 30-35-ია. ამასთან, მისი თქმით, იტალიელები გამოთქვამენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და ერთად მომზადდეს პროგრამა, რომ გამართულად ფუნქციონირებდეს.
რაც შეეხება სხვა პრეპარატის შემოტანის საკითხს, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დასრულდება. მინისტრმა აღნიშნული პრეპარატის სახელწოდება არ დააკონკრეტა.
“ძალიან მალე შეიძლება დასრულდეს. არ ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით დიდხანს ფიქრს, რადგან საკმაოდ ნათლად არის გამოკვეთილი, ყველა ფაქტორის მხედველობაში მიღებით, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.

