აქტიური მობილობა ხელს უწყობს ძირითადი არაგადამდები დაავადებების პრევენციას, აუმჯობესებს ფსიქიკურ კეთილდღეობასა და ჰაერის ხარისხს, ამცირებს გარემოს ხმაურსა და სათბური აირების გაფრქვევას, განტვირთავს საცობებს, საზოგადოებისთვის მეტ საჯარო სივრცეს ქმნის და ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო, მწვანე, საცხოვრებლად კომფორტული და მიმზიდველი ქალაქების ჩამოყალიბებას.
იმისთვის რომ მთავრობებსა და ქალაქებს ტრანსპორტის, ურბანული განვითარებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას ჯანმრთელობის ასპექტების გათვალისწინებაში დაეხმაროს, WHO ევროპის რეგიონულმა ბიურომ შეიმუშავა ფეხით სიარულისა და ველოსიპედით გადაადგილების ჯანმრთელობის ეკონომიკური შეფასების ინსტრუმენტი (HEAT).
ეს არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია, რომელიც აქტიური მობილობისგან მიღებულ ეკონომიკურ და ჯანმრთელობის სარგებელს რაოდენობრივად აფასებს.
საქართველოში HEAT-ის დასანერგად, WHO გარემოსა და ჯანმრთელობის ევროპულმა ცენტრმა (ECEH), WHO-ს საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, სამდღიანი მასტერკლასი ჩაატარა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „უკეთესი ჰაერის ხარისხი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში.
მასტერკლასში მონაწილება მიიღეს სხვადასხვა უწყებების ტექნიკურმა სპეციალისტებმა და პრაქტიკოსებმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოსდაცვითი სექტორების წარმომადგენლებმა, ურბანულ დაგეგმვაზე მომუშავე ექსპერტებმა, მუნიციპალიტეტების, სტატისტიკის სამსახურების, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
მონაწილეებმა განიხილეს კავშირი აქტიურ მობილობასა და ჯანმრთელობას შორის, გაეცნენ პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას HEAT-ის გამოყენების გზებს და ინტერაქტიული სავარჯიშოებისა და კონკრეტული შემთხვევების ანალიზის მეშვეობით ეს ინსტრუმენტი ქართულ კონტექსტს მოარგეს.
დისკუსიების დროს ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტებზე, მონაცემთა შეგროვებისა და შესაძლებლობების განვითარებაზე, ასევე, უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ამასთანავე, შეხვედრისას საფუძველი ჩაეყარა სპეციალისტებს შორის ქსელის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას ტრანსპორტის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების სფეროებში.
მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილესა და ექსპერტს აქტიური ჩართულობისთვის და იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოში აქტიური მობილობის განვითარებასა და უფრო ჯანსაღი და საცხოვრებლად კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება.

