სტრესული ვარჯიში თუ ვარჯიში როგორც პოზიტიური სტრესი ?
ფიზიკური ვარჯიში თავისი არსით სტრესორია. ჰანს სელიეს მიერ აღწერილი ზოგადი ადაპტაციური სინდრომი (1936, 1960) სრულად გადატანილია სპორტის ფიზიოლოგიაში: ორგანიზმი თავდაცვით რეაქციას სამ სტადიად ავითარებს — განგაშის, წინააღმდეგობისა და გამოფიტვის. მოუმზადებელი ადამიანის შემთხვევაში თუნდაც ზომიერი დატვირთვა მაშინვე იწვევს განგაშის რეაქციას, ვინაიდან გულ-სისხლძარღვთა, რესპირაციული და ნეირო-ენდოკრინული რეზერვები ორგანზმის მოთხოვნას ვერ ფარავენ, ხოლო “ადაპტაციის ფასი” (აპრასიუხინა, 2024) რეზერვის ფარგლებს სცილდება.
როგორ უნდა გრძნობდეს თავს ადამიანი ვარჯიშის შემდეგ.
ჯანსაღი ვარჯიშის შემდეგ ადამიანი უნდა გრძნობდეს სასიამოვნო კუნთურ დაღლას, რომელიც დასვენებით სრულდება; მადა და ძილი არ ირღვევა, არამედ ხშირად უმჯობესდება, ხოლო შესრულებული სამუშაოს გრძნობით განწყობა მაღლდება. ა. ა. უხტომსკის სიტყვებით, დაღლის შეგრძნება დაღლის “ბუნებრივი მაფრთხილებელია” — ის სიგნალს გვაძლევს ტემპის შემცირების ან მუშაობის შეწყვეტის შესახებ და ამით ხელს უშლის ორგანიზმის ფუნქციურ გამოფიტვას.
აღდგენა სამ პერიოდად მიმდინარეობს:
სამუშაო (თვით ვარჯიშის დროს — ატფ-ის, კრეატინფოსფატის რესინთეზი), ადრეული (მუშაობის დასრულებიდან რამდენიმე ათეული წუთის განმავლობაში — სუნთქვის, გულისცემის, ჟანგბადის დავალიანების ნორმალიზაცია) და გვიანი (ხანგრძლივი ინტენსიური დატვირთვის შემდეგ რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე — წყალ-მარილოვანი ბალანსის, ჰორმონების, ფერმენტების აღდგენა). სრული აღდგენის შემდეგ ვითარდება სუპერკომპენსაცია — ფუნქციური რეზერვების გაფართოება, რომელიც სწორედ ვარჯიშის სასარგებლო ეფექტს განაპირობებს.
განგაშის ნიშანი ის არის, თუ მომდევნო ვარჯიშის წინ ადამიანი დაღლილი დგება, ცუდად სძინავს, მადა შემცირებული აქვს, კუნთები 24–48 საათზე მეტ ხანს სტკივა ან ვარჯიშის სურვილი დაკარგა — ეს უკვე ქრონიკული დაღლის ნიშნებია და დატვირთვა გადახედვას საჭიროებს.
დაღლის ფაზობრივი დინამიკა.
პრობლემა იწყება მაშინ, როცა აღდგენა არასრულია და აღუდგენელი დაღლა სუმირდება. ფაზობრივი თანმიმდევრობა ასეთია:
- მწვავე (ფიზიოლოგიური) დაღლა — შრომისუნარიანობა დროებით ეცემა, ჩვეულებრივი დასვენებით აღდგება.
- ქრონიკული დაღლა — სასაზღვრო ფუნქციური მდგომარეობა; დაღლის ნიშნები შემდეგ ვარჯიშამდე რჩება, საჭიროა დამატებითი დასვენება.
- გადაწვრთნა — უკვე პათოლოგიური მდგომარეობა მუდმივი დაღლის შეგრძნებით, ძილისა და მადის დარღვევით, გულის არეში ტკივილით; დასვენება აღარ კმარა, საჭიროა სამედიცინო კორექცია.
- I სტადია: შედეგების ზრდის შეჩერება ან მცირე კლება, ძილის გაუარესება, კონცენტრაციის სიძნელე, ტაქიკარდია სიჩქარულ დატვირთვაზე;
- II სტადია: ვარჯიშის სურვილის გაქრობა, კუნთური შეგრძნების სიმახვილის დაკარგვა, ჩართვის შენელება, ვეგეტატიური დისტონია, წონის კარგვა, აკროციანოზი, “მარმარილოსებრი” კანი, იმუნიტეტის დაცემა, ენდოკრინული დარღვევები;
- III სტადია: გულ-სისხლძარღვთა, რესპირაციული და მოძრაობითი სისტემების მდგრადი დარღვევები, ნევროზის ჩამოყალიბება, ფარისებრი ჯირკვლის შესაძლო ჰიპერფუნქცია — ცვლილებები ხშირად შეუქცევადია.
გასათვალისწინებელია, რომ მოუმზადებელი ადამიანი ხშირად ვერ აღიქვამს ადრეულ სიგნალებს და, შედეგების მიღების სურვილით, კიდევ უფრო ზრდის დატვირთვას — სწორედ აქედან იწყება სტადიების სწრაფი მონაცვლეობა.

