მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა საქართველოში განხორციელებულ ჯანდაცვის რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობის 95%-ზე მეტს აქვს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში გატარებულმა ფარმაცევტულმა რეფორმებმა, მათ შორის, რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ განვაგრძობთ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას ისეთი რეფორმების მეშვეობით, რომლებიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და ფინანსური დაცვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობის 95%-ზე მეტს აქვს წვდომა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის სერვისებზე. მნიშვნელოვნად გაფართოვდა ხელმისაწვდომობა აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო მოქალაქეების ჯიბიდან გადახდები საგრძნობლად შემცირდა. ბოლო წლებში ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ფარმაცევტული რეფორმები, მათ შორის, რეფერენტული ფასწარმოქმნისა და მართული შესვლის შეთანხმების მექანიზმების დანერგვა, რამაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გააუმჯობესა და მოგვცა შესაძლებლობა – სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე წლიური ლიმიტები გაგვეუქმებინა“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმაზეც, რომელიც პრევენციაზე, ხარისხიან და პაციენტზე ორიენტირებულ სერვისებზეა დაფუძნებული. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ რეფორმა მოიცავს დაფინანსების ახალ მექანიზმებს, ციფრულ ტრანსფორმაციას, ხარისხის სტანდარტებისა და შედეგზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაში, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, მონაწილეობენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.

