მულტიდისციპლინური გუნდის საკითხი რეალურად გადაწყვეტილია, თუმცა ესეც არ არის მარტივი საკითხი, რადგან სამუშაოა ექიმებთან, კლინიკებთან და ბევრი თვალსაზრისით ასაწყობია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ “ღამის კურიერის” ეთერში, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს შეხვედრა ჰქონდა კლინიკებთან, რომლებიც პოტენციურად შეიძლება დაინტერესებულები იყვნენ და ვისთან თანამშრომლობითაც შეიძლება აიწყოს კერები, რომლებსაც მულტიდისციპლინური მართვის გამოცდილება ჩაბარდეს.
“რეალურად, ეს გადაწყვეტილი საკითხია, თუმცა ესეც არ არის მარტივი საკითხი, რადგან სამუშაოა ექიმებთან, კლინიკებთან და ბევრი თვალსაზრისით ასაწყობია. ეს კარგად იციან მშობლებმაც. როგორც აღვნიშნე, ეს გადაწყვეტილება მიღებულია, დღეს მაგალითად შეხვედრა მქონდა კლინიკებთან, რომლებიც პოტენციურად შეიძლება დაინტერესებულები იყვნენ და ვისთან თანამშრომლობითაც შეიძლება ასეთი კერები აიწყოს, რომელსაც მულტიდისციპლინური მართვის გამოცდილება ჩაბარდეს. მაგალითად, დასაგეგმი ხომ არის რომელი სპეციალობის ექიმები უნდა იყვნენ ამ მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში, ნეფროლოგი იქნება ეს, ენდოკრინოლოგი თუ ნუტრიციოლოგი და ა.შ. რეაბილიტოლოგი ვინ იქნება, პედიატრი ვის სჭირდება, ვის არ სჭირდება, როგორ ჯობია გამართვა, რომ მაგალითად, მარტო ისეთ კლინიკაში იყოს, სადაც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ გაგრძელებენ პაციენტები მიჩვეულ ექიმთან, თუ ეს შეიძლება იყოს პედიატრიულ კლინიკაშიც. ეს ყველაფერი დავტოვეთ არჩევანზე. არის მაგალითად, რომ პაციენტს ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვაიძულებთ, რომ ერთ რომელიმე კლინიკაზე იყოს მიბმული და სხვა ალტერნატივა არ ჰქონდეს. აქ არის, როგორც არჩევანით კლინიკასთან და სპეციალისტებთან წვდომის შესაძლებლობაზე საუბარი, იმავდროულად გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე საუბარი. არა მხოლოდ თბილისში უნდა იყოს ისეთ კერები, სადაც იქნება შესაძლებელი, რომ ამაზე სპეციალიზებული ექიმები მუშაობდნენ. ამ შეხვედრებზე არაერთხელ ითქვა და ვისაუბრეთ, რომ ვფიქრობთ, უცხოური გამოცდილების გასაზიარებლად, აქ სპეციალისტების ჩამოყვანას, ან აქაური სპეციალისტების გაგზავნას დასახელოვნებლად. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ერთადერთი იშვიათი დაავადება, რამდენიმე ათეულია ასეთი დაავადება”, – განაცხადა სარჯველაძემ.

