სმენის დაქვეითებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ყველაზე ხშირია:
ყურის ინფექცია:
ყურის განმეორებითი, ან მკურნალობის გარეშე დატოვებული ინფექციები, განსაკუთრებით ბავშვობისას, იწვევს შუა ყურის დაზიანებას და სმენის მუდმივ დაქვეითებას. ამის თავიდან აცილება დროული მკურნალობითაა შესაძლებელი.
ხმაური:
დიდი ხნის განმავლობაში ხმაურში ყოფნა (მაგალითად, მუსიკის ძალიან მაღალ ხმაზე მოსმენა, ხმაურიანი კონცერტები, ფეიერვერკები, სხვადასხვა მანქანა-დანადგარების ხმაური და თუნდაც პნევმატიკური იარაღების ხმა) შიგნითა ყურის ნერვულ უჯრედებს აზიანებს. ახალგაზრდები განსაკუთრებით ხშირად უსმენენ მუსიკას მაღალ ხმაზე, ყურსასმენების გამოყენებით, რაც სმენის დაქვეითების რისკს უფრო ზრდის.
ასაკის მატება:
ასაკის მატებასთან ერთად ხშირია შიგნითა ყურის „გაცვეთა“. ამგვარი სმენის დაქვეითება უფრო ბუნებრივია 60 წლის შემდეგ და როგორც წესი, ორივე ყურში ხდება. რეგულარული შემოწმებებით შესაძლებელია მისი დროული გამოვლენა და მხარდაჭერა.
დაავადებები და ჯანმრთელობის მდგომარეობა:
ისეთი დაავადებები, როგორიცაა მენინგიტი, წითელა, წითურა, ყბაყურა და სიფილისი ზეგავლენას ახდენს სმენაზე. ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი და ჰიპერტენზია, სმენის თანდათან დაქვეითებას უწყობს ხელს. ზოგიერთ მედიკამენტს (ოტოტოქსიკური მედიკამენტები) გვერდითი მოვლენის სახით სმენის დაქვეითებაც შეიძლება მოჰყვეს თან.
გოგირდის საცობი:
გოგირდი ყურს იცავს, მაგრამ როცა რაოდენობა იმატებს და მყარდება, ხმას ახშობს. ყურის გამოსაწმენდად ნუ გამოიყენებთ ბამბის ჩხირებს, გასაღებსა თუ სხვა, გრძელ საგანს, რადგან ამით, შესაძლოა, გოგირდი უფრო ღრმად შევიდეს ყურში და სასმენი მილი თუ დაფის აპკი დააზიანოთ.
ფიზიკური ტრავმა:
თავის ტრავმას, ჰაერის წნევის უეცარ ცვლილებას ან დაფის აპკის გახვრეტას სმენის მუდმივი ან დროებითი დაქვეითება შეუძლია. კონტაქტური სპორტის, საჭის მართვის ან მოგზაურობის დროს ყურების დაცვას ამის პრევენცია შეუძლია.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:
– გიჭირთ საუბრის გაგება, განსაკუთრებით ხმაურის დროს
– ტელევიზორსა თუ ტელეფონს იმაზე ხმამაღლა რთავთ, ვიდრე სხვებს სიამოვნებთ
– ყურში გაქვთ უსიამოვნო ხმაური (ტინიტუსი)
– ხშირად სთხოვთ მოსაუბრეს გაიმეოროს ნათქვამი
– ბავშვები არ რეაგირებენ ხმაზე ან აგვიანებენ მეტყველების დაწყებას.
როგორ შეიძლება სმენის დაქვეითების თავიდან აცილება:
ყურთან და სმენასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილება მარტივი მოქმედებებითაა შესაძლებელი:
ხშირად შეიმოწმეთ სმენა, განსაკუთრებით ბავშვებისა და ზრდასრულების შემთხვევაში.
ყური გქონდეთ სუფთა და მშრალ მდგომარეობაში.
დროულად უმკურნალეთ ყურის ინფექციას.
ყური დაიცავით ხმაურისგან: ხმაურიან ადგილებში გამოიყენეთ ყურის საცობები, დაუწიეთ ხმა მუსიკას, ნუ გაატარებთ დიდ დროს ყურსასმენებით.
ბავშვები აცერით წითელას, წითურას, ყბაყურას და მენინგიტის ვაქცინებით.
დროულად მიმართეთ ექიმს, თუ ყური გტკივათ, გაქვთ გამონადენი ან გიჭირთ გაგონება.
რეგულარულად ატარეთ სმენის დამხმარე საშუალებები, ასეთი რეკომენდაციის შემთხვევაში.
საზიანოა:
- ყურის გამოსაწმენდად ბამბის ჩხირების, ზეთის, ჯოხის, გასაღების, ქინძისთავებისა თუ მსგავსი საგნების გამოყენება.
- ჭუჭყიან წყალში ბანაობა.
- ყურსასმენებისა თუ ყურის საცობების სხვებისთვის გაზიარება.
- მუსიკის განსაკუთრებულად ხმამაღლა მოსმენა.
- მედიკამენტების მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
***
იცოდით
მსოფლიოში 1.5 მილიარდზე მეტ ადამიანს აქვს სმენის დაქვეითება. 430 მილიონს ესაჭიროება დამხმარე საშუალებების გამოყენება და შესაბამისი რეაბილიტაცია.
მილიარდზე მეტი ახალგაზრდა დგას სმენის მუდმივი დაქვეითების საშიშროების წინაშე, ხმაურთან ხანგრძლივი შეხების გამო.
საქართველოში, მოსახლეობის 6.5–8.1 პროცენტს აქვს სმენის დაქვეითების რაიმე ფორმა.
ბავშვობის ასაკში სმენის დაქვეითების შემთხვევების 60%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია დროული მოქმედებით.

