საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებაში, რომელსაც უწყება 10 ოქტომბრის, მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს, ნათქვამია, რომ “ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა პრაქტიკულად უცვლელი რჩება, ზოგიერთ დაწესებულებაში კი გაუარესებაც შეინიშნება”
ომბუდსმენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისთვის შეზღუდულია სტაციონარული და ამბულატორიული სერვისები, რაც ბარიერებს ქმნის კრიზისული თუ საგანგებო მდგომარეობის წარმოშობის შემთხვევაში და სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებასა და საჭირო მზაობას მოითხოვს.
“საქართველოს სახალხო დამცველი წლებია მიუთითებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების და მათი აუცილებელ სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფის საჭიროებაზე.
სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ფსიქიატრიული სტაციონარული სერვისების მისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას, თუმცა ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა პრაქტიკულად უცვლელი რჩება, ზოგიერთ დაწესებულებაში კი გაუარესებაც შეინიშნება.
მთავარ გამოწვევებად რჩება საწოლფონდის დეფიციტი, გადატვირთული პალატები, არასათანადო ფიზიკური გარემო, კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა, ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაყოფა, მკურნალობის შესახებ ინფორმაციის სიმცირე, არასაკმარისი კვება და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების შეზღუდულობა. დამატებით პრობლემას ქმნის არასათანადო მოპყრობის, კონფიდენციალურობის დარღვევისა და პაციენტთა პირადი სივრცის დაცვის საკითხები. კვლავ აქტუალურია პაციენტთა წვდომის პრობლემა მართლმსაჯულებაზე.
სტაციონარული მკურნალობის გარდა, გამოწვევას წარმოადგენს ამბულატორიული სერვისები. სერვისების სიმცირესა და მისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად, მათში ჩართვას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულება. ცნობიერების დაბალი დონეც ასევე ქმნის სივრცეს ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოსაყენებლად კონკრეტულ პირთა თუ მოვლენათა დისკრედიტაციისთვის, რაც კიდევ უფრო აზიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობას ქვეყანაში და ღირსების შემლახველია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისთვის. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც სტიგმის წახალისება ხდება პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიუთითებს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარებაზე პრიორიტეტულად ზრუნვის აუცილებლობაზე და მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, გადადგან დროული და ქმედითი ნაბიჯები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის, მათ შორის, პრევენციის, სერვისების გაუმჯობესებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვის მიზნით”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

