უპრეცედენტო შემთხვევა – საქართველოში, პაციენტს ტვინიდან 15 სმ-იანი ცოცხალი ჭია ამოუღეს.
ინტერვიუ პაციენტთან, რომელსაც ტვინიდან 15 სმ-იანი ცოცხალი ჭია ამოუღეს. უცხო სხეული, რომელიც თავდაპირველად სიმსივნე ეგონათ და 34 წლის ქირურგის მიერ ჩატარებული უნიკალური ოპერაცია.
ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა ცოცხალი, ბრტყელი ჭიის არსებობისა თავის ტვინში.
ქალს, რომელსაც მხედველობის გაუარესება, ძლიერი თავის ტკივილები და გულყრა აწუხებდა, მეზობელ ქვეყანაში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და 4 წლის განმავლობაში მკურნალობდნენ.
პაციენტმა, ია ნარსიამ ქირურგიულ ჩარევაზე სხვა ქვეყანაში, ბევრჯერ თქვა უარი. ბოლოს ოპერაციაზე საქართველოში მყოფმა ახალგაზრდა ქირურგმა დაითანხმა.
“უკვე ვერ დავდიოდი, თვალებში ვერ ვიხედებოდი, ძალიან ცუდად ვიყავი, ძალიან ცუდად… ნუ გეშინია, ძალიან კარგად გაგიკეთებო, მისასვლელად ძალიან კარგ ადგილას არისო. ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება. ვიფიქრე, ნუთუ ეს ბავშვი გამწირავს მეთქი.
კიდევ ვერ ვიჯერებ, დღესაც ვერ ვიჯერებ… ჩემმა ბიჭმა მითხრა: დედა ჭია ამოგიყვანესო. რა ჭია, რაზეა საუბარი მეთქი,“ – ამბობს ია ნარსია.
როგორც ნეიროქირურგი გიორგი სექანია ამბობს, ამის დაჯერება მასაც გაუკვირდა.
“ფორმას იცვლიდა, ხან შეშუპების ხარისხი იცვლებოდა. საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე იყო. ამ სურათით, რომ ნახოთ ეს დასკვნები, ყველანაირად ემთხვევა სიმსივნის ფორმას. ოპერაცია 3 საათს გაგრძელდა“, – ამბობს ქირურგი და აღნიშნავს, რომ
“სიღრმეში იყო. ყველა მილიმეტრი არის კილომეტრის ტოლფასი. ემოციებს რაც შეეხება, მარტივი არასდროს არაა.
როდესაც ვნახე ეს ჭია, პირველი ემოცია იყო, რამე სისხლძარღვი ან ნერვი ხომ არ არის- მეთქი. მაგრამ გახსენდება ანატომია, ეგრევე ყველაფერი გიტრიალებს თავში და გახსენდება, რომ იქ არ უნდა იყოს არც ნერვი, არც სისხლძარღვი. ნელ-ნელა, ამოყვანის დროს, არ დამთავრდა. ალბათ 10-15 სმ იყო, მაგრამ მოდუნებულ მდგომარეობაში, როდესაც გაიშალა, 20 სმ იქნებოდა,“ – იხსენებს გიორგი სექანია
მასალის გამოყენების პირობები