გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე ტუბერკულოზი

0
33
გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე ტუბერკულოზი
#post_seo_title

გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე ტუბერკულოზი

1982  წლის 24 მარტს, გერმანელი მეცნიერის რობერტ კოხის მიერ გაკეთებული უდიდესი აღმოჩენიდან 100 წლისთავზე  პირველად და მას შემდეგ  ყოველწლიურად 24 მარტს  აღინიშნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღე.  ამ დღის  აღნიშვნა მიზნად ისახავს ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

პარტნიორობა – „შევაჩეროთ ტუბერკულოზი“, რომელიც არის ტუბერკულოზთან ბრძოლის ორგანიზაციებისა და ქვეყნების ქსელი,  ამ დღეს აღნიშნავს იმ მიზნით, რომ ყურადღება გამახვილდეს დაავადების მასშტაბებზე, მისი პრევენციის გზებსა და მკურნალობის საშუალებებზე.

1882 წლის 24 მარტს გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა  ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა აღმოაჩინა. ეს იყო ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კუთხით პირველი წინგადადგმული ნაბიჯი. ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა. იგი ვრცელდება ფილტვის ფორმით დაავადებული ბაცილგამომყოფი პირის მიერ საუბრის, ხველის და ცემინების დროს.

ტუბერკულოზის გამომწვევი ჩხირის  სასუნთქ გზებში მოხვედრა დაავადებასა და ინფიცირებას ყოველთვის არ იწვევს. თუ გამომწვევი ჩხირი ფილტვის ქსოვილამდე მაინც მიაღწევს, მას უხშირესად ორგანიზმის დაცვითი ძალები აუვნებლებენ ან ბოჭავენ. ამ დროს ადამიანი ინფიცირებულია,  მაგრამ არა დაავადებული. ტუბერკულოზის განვითარებაში გამოყოფენ ორ განსხვავებულ მდგომარეობას: ინფიცირებას და დაავადებას. ინფიცირებული ადამიანების დიდი უმრავლესობა – დაახლოებით 90%- მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება ინფიცირებულად კლინიკურად გამოხატული ნიშნების გარეშე. ტუბერკულოზური დაავადება ინფიცირებულთა დაახლოებით 10%-ს უვითარდება. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს დაავადების ჩამოყალიბებას, ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. იმუნური სისტემა ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს ორგანიზმში მიკობაქტერიის არსებობაზე. ტუბერკულოზური დაავადება ვითარდება იმუნური სისტემის არაადეკვატური პასუხის პირობებში.

იმუნური სისტემის არაადეკვატური პასუხი შეიძლება დაკავშირებული იყოს მთელ რიგ ფაქტორებთან, კერძოდ:

სოციალური ფაქტორები: არასაკმარისი კვება, ნერვული სტრესი, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, მძიმე ფიზიკური შრომა, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ანუ ყველა ის გარეგანი მიზეზი, რაც ზოგადად ორგანიზმის დაავადებებთან ბრძოლისუნარიანობას აქვეითებს.

სამედიცინო ფაქტორები: ყველა ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმს დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი. ესენია: აივ ინფექცია, შაქრიანი დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადება, რევმატული დაავადებები. ტუბერკულოზისაგან ნაკლებად არიან დაცული აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ჰორმონულ მკურნალობაზე იმყოფებიან ან ქიმიოთერაპიის, ან სხივური  თერაპიის კურსს იტარებენ.

ტუბერკულოზის დადგენის შემთხვევაში დაავადებულს,  I რიგის ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებით უფასო მკურნალობა უტარდება მედპერსონალის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ, 6-8 თვის განმავლობაში. თუ დაავადების გამომწვევი I რიგის პრეპარატებიდან რომელიმე ან რამოდენიმე წამლის მიმართ გამძლე აღმოჩნდება, ისმება წამალგამძლე, ანუ რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოზი და დაავადებულს  II რიგის პრეპარატებით უფასო მკურნალობა უტარდება 18-24 თვის მანძილზე. განსაკუთრებულ პრობლემას  მკურნალობის ბოლომდე მიყვანის თვალსაზრისით რეზისტენტული ფორმები ქმნის, რომლებიც გვხვდება როგორც ახალ შემთხვევებში, ასევე წარსულში ნამკურნალევ შემთხვევებში.

პენიტენციური სისტემა ყველა სახელმწიფოში მოიაზრება, როგორც ტუბერკულოზის რისკის მატარებელი. ციხეებში დაავადების გავრცელების რისკს ზრდის დახურულ სივცეში თანაცხოვრება, ციხეების გადატვირთვა, რასაც ემატება პატიმრების სტრესული მდგომარეობა, რაც  იმუნიტეტის დაქვეითებას უწყობს ხელს.

ბოლო მონაცემებით ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში 100 000 მოსახლეზე შეადგენს 110-ს, ახალი შემთხვევების კი – 84-ს.

ათასწლეულის განვითარების მიზნების თანახმად, ტუბერკულოზის გავრცელებისა და მისგან გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი 2015 წლისთვის ორჯერ უნდა შემცირდეს.

ტუბერკულოზის კონტროლის გაძლიერების მიზნით 2013 წლის სახელმწიფო პროგრამაში  დაავადებულთა მკურნალობის გარდა, გათვალისწინებულია კონტაქტირებულთა აქტიური ეპიდკვლევა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტუბერკულოზის ინფექციის კონტროლის გატარებას ჯანმოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც მოიცავს კონტროლს სამი მიმართულებით: ადმინისტრაციული კონტროლი, გარემოს კონტროლი და პირადი უსაფრთხოების დაცვა.

დაავადების დროულად აღმოჩენისა და მისი გავრცელების შესამცირებლად თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს:

  • თუ  გაქვს ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა, უმადობა, მაღალი ტემპერატურა,  მკვეთრი კლება  წონაში და ეს სიპტომები გრძელდება 2-3 კვირაზე მეტ ხანს, აუცილებლად მიმართე ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებას
  • თუ ხარ ტუბერკულოზით ავად, მაშინ დროულად   და  სრულად  ჩაიტარე მკურნალობა, რათა გაიუმჯობესო ჯანმრთელობა და ამავე დროს სხვის ჯანმრთელობას არ შეუქმნა საფრთხე
  • თუ ხარ ტუბერკულოზით ავად, იმისათვის რომ გარშემომყოფი ადამიანები არ დაასნებოვნო,დაიცავი ხველის ეტიკეტი და სუნთქვის ჰიგიენა
  • ხშირად გაანიავე დახურული სივრცე
  • ებრძოლე ტუბერკულოზთან დაკავშირებულ სტიგმასა და დისკრიმინაციას
  •  გახსოვდეს, ტუბერკულოზი სწორი მკურნალობის შემთხვევაში იკურნება!
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ