მიხეილ სარჯველაძის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. უწყების ხელმძღვანელმა სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი და სიმულაციის ცენტრი დაათვალიერა, რომელიც უახლესი სამედიცინო სიმულატორებითა და სხვა დამხმარე საშუალებებითაა აღჭურვილი.
მიხეილ სარჯველაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი და კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი დაათვალიერა, რომელიც უახლესი სამედიცინო სიმულატორებითა და სხვა დამხმარე საშუალებებითაა აღჭურვილი.
ცენტრში კლინიკური უნარ-ჩვევების დეპარტამენტიც ფუნქციონირებს, რომელშიც სტუდენტები აღნიშნულ უნარ-ჩვევებს სწავლობენ.
„უნივერსიტეტში მიხეილ სარჯველაძე დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამასაც გაეცნო. სასწავლო კურსის მიზანი სტუდენტებისთვის თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების მიცემაა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მინისტრი უნივერსიტეტის რექტორს ირაკლი ნატროშვილს, პროფესორებსა და თანამშრომლებს შეხვდა. მხარეებმა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.