რძის ცილებისა და ოქროს ნანონაწილაკებისგან დამზადებული ახალი გელი შეიძლება ბოლოსდაბოლოს აღმოჩნდეს ნაბახუსევის წამალი — სრულად აგვაცილოს თავიდან ის საშინელი შეგრძნებები, რასაც ალკოჰოლის მიღების შემდეგ განვიცდით.
მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატზე მუშაობა ადრეულ ფაზაშია, თაგვებზე ჩატარებული პირველადი ტესტები მიუთითებს ალკოჰოლის ეფექტიანი დეტოქსიკაციის იმედისმომცემ სტრატეგიაზე.
ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ETH Zurich) მასალების მეცნიერის, რაფაელ მეცენგასა და სურსათის მეცნიერის, ჯიაკი სუს ჯგუფის მიერ შექმნილმა ოქროსწინწკლებიანმა გელმა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ თაგვებში სისხლში ალკოჰოლის დონე 40 პროცენტით შეამცირა სულ რაღაც 30 წუთში.
„ამ გელს ალკოჰოლის დაშლა ღვიძლიდან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გადააქვს. იმისგან განსხვავებით, როცა ალკოჰოლი ღვიძლში მეტაბოლიზდება, შუალედური პროდუქტის სახით არ წარმოიქმნება აცეტალდეჰიდი“, – განმარტავს მეცენგა.
ნაბახუსევის ბევრ სიმპტომში სწორედ აცეტალდეჰიდია დამნაშავე, მათ შორის თავბრუსხვევაში, თავის ტკივილში, პირის გამოშრობაში, სისხლის დაბალ წნევაში, გულისცემის აჩქარებაში, კანის მაღალ ტემპერატურასა და სახის აწითლებაში.
როგორც ჯგუფმა აჩვენა, მათ გელს შეუძლია ალკოჰოლის ნაწლავებში დაშლის კატალიზება უფრო ნაკლებად ტოქსიკურ ძმარმჟავად, აცეტალდეჰიდის ნაცვლად.
ალკოჰოლის მოხმარებიდან 30 წუთის განმავლობაში, ზემოქმედების ქვეშ მყოფ თაგვებს გელი მისცეს; ამ დროის განმავლობაში, მათ სისხლში ალკოჰოლის დონე 40 პროცენტით შემცირდა, 5 საათში კი 50 პროცენტით.
ამას გარდა, თაგვებმა, რომლებსაც ალკოჰოლთან ერთად გელს ყოველდღე აძლევდნენ, უფრო ნაკლები წონა დაკარგეს და მათ ღვიძლში უკეთესად მიმდინარეობა ცხიმის მეტაბოლიზმი, ვიდრე იმ თაგვებში, რომლებსაც ათი დღის განმავლობაში მხოლოდ ალკოჰოლს აძლევდნენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ გელი ამსუბუქებს რამდენიმე ორგანოს დაზიანებას.
„ჯანმრთელობისთვის უკეთესია, თუ ალკოჰოლს საერთოდაც არ დალევთ. თუმცა, ეს გელი განსაკუთრებით დააინტერესებს ადამიანებს, რომლებსაც ალკოჰოლზე სრულიად უარის თქმა არ სურთ, მაგრამ არს სხეულისთვის ზიანის მიყენება უნდათ და ამავე დროს, არ აინტერესებთ ალკოჰოლის ეფექტები“, — ამბობს მეცენგა.
ამ საოცარი გელის შესაქმნელად, მკვლევრებმა გამოიყენეს რძის შრატი — რძის წყლიანი ნაწილი, რომელიც ხაჭოს და ყველის დამზადებისას გამოიყოფა.
რამდენიმე საათის განმავლობაში დუღილისას, შრატში წარმოიქმნება გრძელი ძაფები, რომლებისგანაც შესაძლებელია გელის მიღება რკინის შემცველ ნაერთთან ერთად რეაქციის გზით. ოქროს ნანონაწილაკებისა და ცოტა შაქრის დამატებით, გელში ფერმენტულ რეაქციათა კასკადი ხდება, რომლებიც შემდეგ ალკოჰოლის „განიარაღებას“ ახდენენ.
ნაწლავებში გელების მოსანელებლად ისედაც დიდი დროა საჭირო და ოქროს ნანონაწილაკები მონელების დროს კიდევ უფრო ზრდის. შედეგად, გელის კომპონენტებს უფრო მეტი დრო აქვთ, რომ საზიანო ალკოჰოლი ნაკლებად საზიანო ძმარმჟავად გარდაქმნან, რომელსაც შემდეგ ჩვენი სხეული წყლად და ნახშირორჟანგად შლის.
თუმცა, გელი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა ალკოჰოლი ჯერ კიდევ საჭმლის მომნელებელ ტრაქტშია. მას შემდეგ, რაც ალკოჰოლი სისხლის მიმოქცევაში გადავა, გელის ეფექტები უკვე უძლურია.
ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე დამტკიცდება, რომ გელი უსაფრთხოა ადამიანებზე ცდების დასაწყებად, მაგრამ არსებობს იმედი, რომ გელის მიღება შესაძლებელი იქნება ალკოჰოლის სმამდე ან სმის პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ მისი საზიანო ეფექტები.
კვლევა Nature Nanotechnology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ethz.ch-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.