თირკმლებისა და საშარდე გზების ბიოლოგია
ადამიანს ორი თირკმელი აქვს.
საშარდე გზების დანარჩენი ნაწილებია: ორი შარდსაწვეთი (ისინი თითოეულ თირკმელს აკავშირებს შარდის ბუშტთან), შარდის ბუშტი და შარდსადენი (მილი, რომელიც შარდის ბუშტიდან სხეულის გარეთ მიემართება). თითოეული თირკმელი მუდმივად წარმოქმნის შარდს, რომელიც შარდსაწვეთების გავლით შარდის ბუშტში დაბალი წნევით ჩაედინება. შემდეგ შარდი შარდსადენის გავლით გამოდის სხეულიდან, მამაკაცებში პენისით, ხოლო ქალებში – ვულვის სიახლოვეს. შარდში ნორმაში, როგორც წესი, არ არის ბაქტერიები და სხვა პათოლოგიური მიკროორგანიზმები.
თირკმლები
თირკმლები ლობიოს მარცვლის ფორმის ორგანოებია, რომელთა სიგრძე დაახლოებით 12 სანტიმეტრია. ისინი ხერხემლის აქეთ-იქით, საჭმლის მომნელებელი ორგანოების შემცველი მუცლის ღრუს უკანაა განთავსებული. თითოეული მათგანი სისხლს აორტის ტოტებიდან – თირკმლების არტერიებიდან იღებს. სისხლი მათგან უფრო და უფრო მცირე არტერიებში მიედინება, რომელთაგან ყველაზე მცირე ზომისას არტერიოლები ეწოდება. არტერიოლებიდან სისხლი გლომერულებში, ანუ გორგლებში გადადის, სადაც უმცირესი სისხლძარღვების – კაპილარების ქსელია განთავსებული. გლომერულებიდან სისხლი არტერიოლებით გამოდის და პატარა ვენებში გადაედინება, რომლებიც ერთიანდება და წარმოქმნის თირკმლის ვენას, რომელსაც ამ ორგანოდან სისხლი გააქვს.
ნეფრონი თირკმლის უმცირესი, მიკროსკოპიული ერთეულია, რომელიც ფილტრავს სისხლს და წარმოქმნის შარდს. თითოეულ თირკმელში დაახლოებით ერთი მილიონი ნეფრონია. ისინი შედგება გლომერულის, მილაკისა და შემკრები სადინარისგან. გლომერულას, ანუ გორგალს, გარს აკრავს თხელი, თასის ფორმის ბოუმენის კაფსულა. კაფსულის შიგნით არსებული ბოუმენის სივრციდან გაფილტრული სითხე (შარდი) მილაკით გაედინება. ნეფრონის მესამე ნაწილი შემკრები სადინარია, რომელშიც შარდი რამდენიმე მილაკიდან გროვდება. თითოეული მილაკი, თავის მხრივ, სამი ერთმანეთთან დაკავშირებული ნაწილისგან შედგება: პროქსიმალური კლაკნილი მილაკი, ჰენლეს მარყუჟი და დისტალური კლაკნილი მილაკი.
თირკმელში ორი ნაწილი გამოიყოფა: გარეთა (ქერქოვანი) ნაწილი და შიგნითა (ტვინოვანი) ნაწილი. ყველა გლომერულა გარეთა ნაწილშია მოთავსებული, მილაკები კი – როგორც ქერქოვან, ისე ტვინოვან ნაწილებში. ათასობით ნეფრონის შემკრები სადინარიდან შარდი თირკმლების ფიალებში ჩაედინება. თითოეულ თირკმელში რამდენიმე ფიალაა, რომლებიც ცენტრალურ სივრცეს – თირკმლების მენჯს უკავშირდება. მენჯიდან შარდი შარდსაწვეთში გადადის.
ფრჩხილ-კვირისტავის სინდრომი
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)