მთავრობა სამედიცინო დარგთან მიდგომას ცვლის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰოსპიტალური და ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან მოსახლეობისათვის უწყვეტი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისის მიწოდების აუცილებლობას.
აღინიშნა, რომ სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია პაციენტის ინტერესების დაცვა, რის უზრუნველსაყოფადაც სამედიცინო სექტორისა და კლინიკების წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო მთავრობის მიდგომებს სექტორში არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით, ასევე საკითხებს, რომელთა გადაჭრაც სამედიცინო სექტორისთვის პრიორიტეტულია.
ჯანდაცვის სისტემაში არსებულ საკითხებზე ბიზნესის ხედვა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ წარადგინა და აღინიშნა, რომ მოქალაქეებისა და პაციენტების ინტერესების მაქსიმალური დაცვა, მათთვის ხარისხიანი და უწყვეტი სერვისის მიწოდება არის საერთო პრინციპი, რაზეც სახელმწიფო და კერძო სექტორი თანხმდებიან და ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდება.
„ზოგიერთი რეფორმა საჭიროებს მეთოდოლოგიურ კორექტირებას და ეს ახლა, სამუშაო პროცესია. ამიტომ, გვექნება ხშირი კომუნიკაცია და დისკუსია. საბოლოო ჯამში, ყველას გვაქვს ერთი ამოცანა, რომ მოსახლეობას მიეწოდებოდეს უწყვეტი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისი. ეს არის როგორც ჰოსპიტალური, ასევე ფარმაცევტული კუთხითაც“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მოკლე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემაც. მისი თქმით სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი პაციენტების საუკეთესო ინტერესის დაცვაა და შეხვედრა სწორედ იმისთვის იმართება, რომ ეს ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული
„ჯანმრთელობის დაცვის სექტორში, სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა გაკეთდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესის დასაცავად, დასაკმაყოფილებლად და უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აქტიური თანამშრომლობა იმ დარგთან, რასაც სამედიცინო საზოგადოება და კლინიკები ჰქვია.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქ გვქონდეს პარტნიორული დამოკიდებულება და ურთიერთობა. მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივიღოთ მათგან და გავუზიაროთ ჩვენი გადაწყვეტილებების მოსალოდნელობის შესახებ ინფორმაცია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მთავარი პრიორიტეტი, პაციენტის ინტერესების დაკმაყოფილება იყოს მაქსიმალურად შესაძლებელი“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორ ჩანს, სამედიცინო სექტორთან დაკავშირებით მიდგომა იცვლება. საქართველოს ბიზნეს ასოციაციას აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ დაადასტურა, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ უწყებასთან კომუნიკაციის პრობლემა აღმოიფხვრა, რაც დისკუსიის და კომპრომისების შესაძლებლობებს იძლევა.
„კომუნიკაციის პრობლემა იყო. ერთ თვეში რაც ახალი მინისტრი დაინიშნა, იმდენჯერ იყო შეხვედრა სექტორთან, ამდენჯერ მგონი, ბოლო 4 წლის განმავლობაში არ ყოფილა. სწორია, რომ მოსმენა დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ დაიწყებ, სწორ დასკვნებს გააკეთებს ის, ვინც პოლიტიკას გეგმავს“, – აღნიშნა ვეფხვაძემ.
გუშინდელი შეხვედრიდან კერძო სექტორს არსებულ პრობლემებზე კონკრეტული გადაწყვეტების მოსმენის მოლოდინი არც ჰქონიათ, მთავარი მიზანი იყო სექტორში არსებული გამოწვევების დასახელება.
„კონკრეტულ პასუხს, ცხადია, გუშინდელ შეხვედრაზე არც ველოდებოდი, საათნახევარში კონკრეტული პასუხი ვერ იქნებოდა. გუშინდელი შეხვედრიდან რაც გამოვიტანეთ, იყო ღია და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ და იმის შესახებ ოპტიმიზმი, რომ კონკრეტულ საკითხებზე გარკვეული კომპრომისები იქნება.
ათი საკითხით მივედით და ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ათივე ისე უნდა გადაწყდეს, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ცხადია, პოლიტიკის დამდგენს აქვს თავისი სტანდარტები და ამ სტანდარტებს და ჩვენს ხედვებს შორის, ვფიქრობ, კომპრომისის მიღწევა სავსებით რეალურია“, – აღნიშნა „საქმიანი დილის“ ეთერში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
სამედიცინო სექტორის წარმომადგენელთა და პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰოსპიტალური სექტორის DRG მეთოდოლოგიით დაფინანსებასაც, რეფერენტულ ფასებს, ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს და სხვა საკითხებს.
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi