გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ორგანიზაციამ “საქართველოს ბავშვები” ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის ზოოპარკში ღონიძიება გამართა, რომელსაც მედიაჰოლდინგი “შენი” ესტუმრა და გთავაზობთ ინტერვიუს ორგანიზაციის აუტიზმის პროგრამის სუპერვიზორ მარიამ ჟიჟიაშვილთან:
– 2 აპრილი არის აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე. რა თქმა უნდა, ეს პირობითად, რადგან აუტიზიმის შესახებ ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები ყოველდღიურად ვცდილობთ, ინფორმაცია გავავრცელოთ და სწორი მესიჯები გავგზავნოთ საზოგადოებაში.
ჩვენი დღევანდელი მთავარი მესიჯი არის, რომ დავინახოთ და დავანახოთ სხვებს მათი შესაძლებლობები. ჩვენ ყველას, თითოეულ ადამიანს გვაქვს განსხვავებული ტემპერამენტი, პიროვნული თვისებები, მახასიათებლები თუ შესაძლებლობები, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათში ვფოკუსირდეთ შესაძლებლობებზე და არა უნარების შეზღუდულობაზე.
-გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ…
-ჩვენი ორგანიზაცია არის „საქართველოს ბავშვები“, რომელიც უშუალოდ აუტიზმის მქონე ბავშვებს ემსახურება 2015 წლიდან, თუმცა 2006 წლიდან ბავშვთა სფეროში ვართ… ჩვენი ორგანიზაცია კეთილდღეობის მიმართულებით ძალიან ბევრ პროექტში მონაწილებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ ბავშვებთან აუტიზმის და სხვადასხვა საჭიროების მიმართულებით. ვცდილობთ, აუტიზმის მქონე ბავშვების და მათი ოჯახის წევრების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას. ეს არის მთავარი მიზანი, რა სერვისსაც ჩვენ ვაწვდით, როგორც პროვაიდერი ორგანიზაცია.
– მომავალშიც თუ გეგმავთ მსგავსი პროექტების განხორციელებას?
-რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ერთჯერადი სახე ჰქონდეს ამ ღონისძიებას. მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის, რომ საზოგადოებაში აღარ არსებობდეს მითები აუტიზმის მქონე ბავშვების შესახებ, რომ არ შეიძლება ჰყავდეთ მათ მეგობრები, არ შეუძლიათ ემოციური მდგომარეობის გაზიარება,თუ იდენტიფიცირება. დღეს დიდი ჟრიამულია აქ, უამრავი ბავშვი ერთობა და ჩვენც ეს გვახარებს. იმედი გვაქვს, რომ მიმღებლობაც გაიზრდება ამ ცნობიერების ამაღლების ფონზე.
-ძალიან ბევრი ადამიანია ამ ღონისძიებაში ჩართული, რა არის თქვენი მთავარი მიზანი?
-ჩვენი ორგანიზაციის „საქართველოს ბავშვების“ და ამ სივრცის „ანდიოლენდის“ მხარდაჭერითა და კოლაბორაციით შედგა ეს ღონისძიება. ჩვენ ვეპატიჟებით არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის და სპექტრის წარმომადგენლებს ან მათ ოჯახის წევრებს, არამედ ჩვენ გვინდა, რომ ნებისმიერი გამვლელი, რომელიც გაივლის და დაინტერესდება ამ ჟრიამულითა და ხალხმრავლობით მათ მივაწოდოთ ინფორმაცია, ხვალ ერთი სწორი აზრით მეტი იყოს გავრცელებული საზოგადოებაში სპექტრის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები