2024 წლის 26 მარტს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა
“ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” წარმომადგენლებთან.
“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.
ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს მართავს.
შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” გენერალურ დირექტორ ზაზა სოფრომაძეს ესაუბრა:
“აკრედიტაციის პროცესი ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ემსახურება თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს კი მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის, მოსახლეობისათვის ადეკვატური, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მისაწოდებლად.
მოხარული ვართ, რომ “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლებს ვმასპინძლობთ. ჩვენი კლინიკის ყველა თანამშრომელი მობილიზებულია, მზად არის ამ ერთობლივი სამუშაოსთვის.
ყველა მადლობელია იმისათვის, რომ “აკრედიტაცია კანადა” ასე აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევენ ჩვენს თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით…
კარგად გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია “აკრედიტაცია კანადასთან” თანამშრომლობა, რადგან ვიცით, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია ამ სფეროში და ცხადია, ჩვენთვისაც პრესტიჟია ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა.”
მასალის გამოყენების პირობები