ნეფროზული სინდრომი
ნეფროზული სინდრომის დიაგნოზი სიმპტომების, გასინჯვისა და ანალიზების შედეგებს ეფუძნება. ზოგჯერ უფროსი ასაკის პირებში ეს სინდრომი თავდაპირველად გულის უკმარისობა ჰგონიათ, რადგან შეშუპება ამ უკანასკნელის დროსაც ვითარდება და უფრო ხშირია მოხუცებში. დაკარგული ცილის რაოდენობის განსაზღვრის კარგი მეთოდია შარდის შეგროვება 24 საათის განმავლობაში, მაგრამ ეს ბევრისთვის რთული შესასრულებელია. მეორე გზაა ცილის დანაკარგის მიახლოებით გამოთვლა შარდის ნიმუშის ანალიზით, მასში ცილისა და კრეატინინის (ნარჩენი პროდუქტი) რაოდენობის შეფარდებით. ასევე საჭიროა სისხლისა და შარდის სხვა ანალიზები, რათა დადგინდეს, კიდევ რა ცვლილებები გამოიწვია სინდრომმა. სისხლში ალბუმინის დონე დაბალია, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცილა შარდით იკარგება და, იმავდროულად, მისი გამომუშავება შეფერხებულია. შარდის ანალიზით ვლინდება ცილის, უჯრედებისა და ცხიმების გროვების (ცილინდრების) არსებობა, ნატრიუმის შემცველობა დაბალია, კალიუმისა – მაღალი.
სისხლში ლიპიდების კონცენტრაცია გაზრდილია, ზოგჯერ ნორმას 10-ჯერაც კი აჭარბებს. ამ ნივთიერებების შემცველობა შარდშიც იზრდება. შესაძლოა ანემია განვითარდეს. სისხლის შემადედებელი ცილების დონე შეიძლება მაღალი ან დაბალი იყოს.
ექიმი იკვლევს ნეფროზული სინდრომის ყველა შესაძლო მიზეზს, მათ შორის მედიკამენტების გამოყენებასაც. სისხლისა და შარდის ანალიზებმა შეიძლება გამოავლინოს გამომწვევი დაავადება. ხშირად ტარდება თირკმლების გამოსახულებითი კვლევები – ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. თუ ადამიანმა წონაში დაიკლო და ხანდაზმულია, უნდა გამოირიცხოს სიმსივნე. გამომწვევი მიზეზისა და თირკმლების დაზიანების ხარისხის დასადგენად განსაკუთრებით გამოსადეგია ორგანოს ბიოფსია.
პროგნოზი
პროგნოზი განსხვავებულია ნეფროზული სინდრომის მიზეზის, პაციენტის ასაკის, თირკმლების დაზიანების სახისა და ხარისხის მიხედვით. თუ სინდრომის მიზეზი განკურნებადი დაავადებაა, მაგალითად ინფექცია, სიმსივნე ან მედიკამენტები, მან შეიძლება სრული უკუგანვითარება განიცადოს. ბავშვთა ასაკში ეს შემთხვევათა ნახევარში ხდება, დიდებში კი – უფრო იშვიათად. თუ გამომწვევი დაავადების სამკურნალოდ კორტიკოსტეროიდები ეფექტურია, ზოგჯერ სინდრომის პროგრესირება ნელდება, უფრო იშვიათად მდგომარეობა ნაწილობრივ ან მთლიანად სწორდება.
როცა სინდრომს აივ ინფექცია იწვევს, ის შეუპოვრად პროგრესირებს და ხშირად თირკმლების უკმარისობა 3-4 თვეში ვითარდება. ბავშვები, რომლებიც ნეფროზული სინდრომით იბადებიან, იშვიათად ცოცხლობენ ერთ წელზე მეტს, თუმცაღა ზოგიერთი გადარჩება დიალიზის ან თირკმლის გადანერგვის გზით.
როცა გამომწვევი სისტემური წითელი მგლურა ან შაქრიანი დიაბეტია, მედიკამენტური მკურნალობის შედეგად შარდით დაკარგული ცილის რაოდენობა აღარ იმატებს ან მცირდება. თუმცა ზოგჯერ მკურნალობა უეფექტოა და რამდენიმე წელიწადში თირკმლების უკმარისობა ვითარდება. იმ შემთხვევებში, როცა ნეფროზულ სინდრომს ინფექცია, ალერგია ან ჰეროინის ინტრავენური მოხმარება იწვევს, პროგნოზი სხვადასხვაა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ადრე და ეფექტურადაა გამომწვევი დაავადება ნამკურნალები.
პრევენცია და მკურნალობა
პრევენციისა და მკურნალობის ძირითადი საშუალებებია: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ ინჰიბიტორები – ენალაპრილი, ქვინაპრილი, ლიზინოპრილი) ან ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორის ბლოკერები (არბ – კანდესარტანი, ლოსარტანი, ვალსარტანი), ერთად ან ცალ-ცალკე. როცა სისტემური წითელი მგლურათი ან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანს მსუბუქად ან საშუალოდ გამოხატული პროტეინურია აქვს, აგფ ინჰიბიტორი ან არბ რაც შეიძლება ადრე ინიშნება, რათა პროტენიურიამ არ იმატოს და თირკმლების ფუნქცია არ გაუარესდეს.
როცა ადამიანს უკვე აქვს ნეფროზული სინდრომი, მასაც აგფ ინჰიბიტორებით ან არბ-თი მკურნალობენ, რაც სიმპტომების შემსუბუქებას იწვევს, შარდით გამოყოფილი ცილის რაოდენობა და სისხლში ლიპიდების დონე მცირდება. თუმცა, თირკმლების საშუალო ან მძიმე უკმარისობის დროს ეს მედიკამენტები კალიუმის რაოდენობას ზრდის სისხლში. ამან შეიძლება საკმაოდ საშიში გართულება – გულის რიტმის დარღვევა გამოიწვიოს.
ნეფროზული სინდრომის არამედიკამენტური მკურნალობისთვის რეკომენდებულია ცილისა და კალიუმის საშუალო რაოდენობის შემცველი საკვების მიღება, რომელშიც ნაჯერი ცხიმების, ნატრიუმისა და ქოლესტეროლის მცირე რაოდენობა უნდა იყოს. ზოგჯერ პაციენტს ცილის მიღების შეზღუდვასაც ურჩევენ.
თუ მუცლის ღრუში სითხე დაგროვდა, კუჭის მოცულობა მცირდება და ადამიანს ხშირად უწევს საკვების მცირე ულუფების მიღება. მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგოდ შარდმდენები ინიშნება. ისინი ამცირებს სითხის შეკავებას და შეშუპებას, მაგრამ შეიძლება თრომბების წარმოქმნის რისკი გაზარდოს. ამის საწინააღმდეგოდ ექიმი ანტიკოაგულანტს – შედედების საწინააღმდეგო საშუალებას, ნიშნავს. ინფექციები სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს და მათი მკურნალობა დაუყოვნებლივ არის საჭირო.
თუკი შესაძლებელია, დაავადების მიზეზს ებრძვიან. მაგალითად, ინფექციის მკურნალობამ შეიძლება მის მიერ გამოწვეული ნეფროზული სინდრომის უკუგანვითარება გამოიწვიოს. თუ მიზეზი სიმსივნეა, მისი განკურნება თირკმლისმიერ პრობლემასაც მოაგვარებს. როცა ჰეროინის მომხმარებელი ნეფროზული სინდრომის ადრეულ სტადიაზე შეწყვეტს ამ ნივთიერების გამოყენებას, დაავადება შეიძლება განიკურნოს. თუ სხვა ნივთიერებები ან მედიკამენტებია მიზეზი, მათი მოხსნა შესაძლოა ეფექტური გამოდგეს. ადამიანები, რომლებიც ალერგიულნი არიან შხამიან თუთუბოზე, შხამიან მუხაზე ან მწერების ნაკბენზე, უნდა მოერიდონ ამ გამღიზიანებლებს. თუ განკურნებადი მიზეზის პოვნა ვერ ხერხდება, პაციენტს შეიძლება დაენიშნოს კორტიკოსტეროიდები და იმუნიტეტის დამთრგუნველი სხვა საშუალებები, მაგალითად ციკლოფოსფამიდი. თუმცა, კორტიკოსტეროიდები თავადაც იწვევს დარღვევებს, განსაკუთრებით ბავშვებში, მაგალითად ზრდაში ჩამორჩენასა და სქესობრივი განვითარების შეფერხებას.
მეორადი ნეფროზული სინდრომის გამომწვევი მიზეზები
დაავადებები:
ამილოიდოზი
სიმსივნე (ლიმფომა, ლეიკემია ან სოლიდური სიმსივნეები)
შაქრიანი დიაბეტი*
პრეეკლამფსია (ორსულთა ტოქსიკოზი)
გლომერულონეფრიტის ზოგიერთი ფორმა (მათ შორის სწრაფად პროგრესირებადი)
სისტემური წითელი მგლურა*
ვასკულიტები (ჰენოხ-შონლაინის პურპურა, ვეგენერის გრანულომატოზი ან მიკროსკოპული პოლიანგიიტი)
ვირუსული ინფექციები (B* და ჩ* ჰეპატიტი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი *)
მედიკამენტები:
ოქრო
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს)*
პენიცილამინი
ჰეროინის ინტრავენურად მოხმარება
ალერგია:
მწერის ნაკბენზე
მცენარეების მტვერზე
შხამიან თუთუბოსა და შხამიან მუხაზე
*ვარსკვლავით აღნიშნულია ყველაზე ხშირი მიზეზები
ფრჩხილ-კვირისტავის სინდრომი
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)