ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა.
უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტთან და მედიკოსებთან ერთად, საავადმყოფოსთან დაკავშირებული ვითარება განიხილა და კლინიკაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამოცანა ყველასთვის ერთია – უპირველესად დაცული იყოს პაციენტების ინტერესები და ამასთან ერთად – სამედიცინო დაწესებულების პერსონალის უფლებები.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე. კლინიკასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ექიმებთან კომუნიკაცია გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაქსიმალურად დაბალანსებულად იქნება გათვალისწინებული როგორც საზოგადოებრივი, ისე – მედპერსონალის ინტერესები.
ინფორმაციას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე 2024 წლის 11 მარტს დაინიშნა. მან ზურაბ აზარაშვილი შეცვალა, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 1 მარტს დატოვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით იყო პრობლემები მართვისა და კომუნიკაციის კუთხით.
მე მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან საუბარი დღეს დილით. მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტოვებდა თანამდებობას. მე ჩემს სამთავრობო პროგრამაშიც ვისაუბრე იმაზე, რომ საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა, განსაკუთრებით დარგის სპეციალისტებთან. როცა საქმე გვაქვს დარგობრივ სამინისტროსთან, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა “, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა წინა კვირას დატოვა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
მასალის გამოყენების პირობები