„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა, როდესაც ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმმა დააწესა მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის აკადემიური პრემია პოლიტოლოგიის დარგში“, – ამის შესახებ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის 27 დეკემბრის სხდომის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის, პროფესორ მიხეილ მუსხელის (მუსხელიშვილი), სახელობის აკადემიური პრემიის დაწესება მიხეილ მუსხელი (მუსხელიშვილი) იყო საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ევრო¬პის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი, საუნივერსიტეტო ფედერალისტთა კავშირის თანადამფუძნებელი, კაიროს და სტრასბურგის უნივერსიტეტების პროფესორი, საზოგადო მოღვაწე, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი, ევროპული ფორმაციის ინტერნაციონალური ცენტრის ბიუროს ვიცე–პრეზიდენტი, „აკადემიური პალმის“ ჯილდოს კავალერი. მიხეილ მუსხელმა 1959 წელს, სტრასბურგში დააარსა „მუსხელის ცენტრი“ („საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვლევის ცენტრი“), რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.
მიხეილ მუსხელმა გასტონ სტეფანთან ერთად წამოაყენა ერთიანი ევროპის იდეა და თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ფედერალური ევროპის კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ევროკავშირის შექმნასა და ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრების წაშლას ქადაგებდა. მან დიდად გაუსწრო დროს და ერთიანი ევროპის იდეას მრავალი ნაშრომი მიუძღვნა. მიხეილ მუსხელის აზრით, „ევროპელობა განისაზღვრება არა გეოგრაფიით, არა რასით, არა ენით და არა წეს-ჩვეულებებით, არამედ მისი სულის გარკვეული თვისებებით. დასავლური ცივილიზაციის გარიჟრაჟზე, საქართველო ევროპის შემადგენლობაში იყო; რუსეთის ანექსიამდე, მისი მზერა ყოველთვის დასავლეთისკენ იყო მიმართული, ამიტომ დადგა დრო, რომ ქართველებმა გააცნობიერონ თავიანთი ევროპული იდენტობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები