ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიპულსი TVენდომეტრიუმის პოლიპები გხვდება პათოლოგიური სისხლდენების 50%, ხოლო უნაყოფობის დროს 35% შემთხვევებში

ენდომეტრიუმის პოლიპები გხვდება პათოლოგიური სისხლდენების 50%, ხოლო უნაყოფობის დროს 35% შემთხვევებში

ენდომეტრიუმის პოლიპი
ენდომეტრიუმის პოლიპი – ენდომეტრიუმის უჯრედების უწესრიგო გამრავლების შედეგად განვითარებული წარმონაქმნია. მას გააჩნია თავისი მკვებავი სისხლძარღვი.
პოლიპი შეიძლება იყოს საშვილოსნოს ტანის (საშვილოსნოს ღრუში) ან საშვილოსნოს ყელის (ცერვიკალურ არხში);
ენდომეტრიუმის პოლიპი ვაგინალური პათოლოგიური სისხლდენის ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი მიზეზია როგორც რეპროდუქციულ ასაკში, ასევე, მენოპაუზაში. ენდომეტრიუმის პოლიპი/პოლიპები გხვდება პათოლოგიური სისხლდენების 50%, ხოლო უნაყოფობის დროს 35% შემთხვევებში.
აგებულების მიხედვით პოლიპები შეიძლება იყოს: ჯირკვლოვანი, ჯირკვლოვან-ფიბროზული, ფიბროზული, ადენომატოზური.
ენდომეტრიუმის პოლიპის ზომა შეიძლება მერყეობდეს რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე და შეიძლება გაიზარდოს საშვილოსნოს ღრუს ნებისმიერ ადგილას.
ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. საშვილოსნოს პოლიპები გრძნობიარეა ჰორმონებისადმი და იზრდება სისხლში მოცირკულირე ესტროგენების ზეგავლენით.
ენდომეტრიუმს, სადაც ვითარდება პოლიპი, ახასიათებს ჰორმონული რეცეპტორული აპარატის შემდეგი თავისებურება: ჭარბობს ესტროგენის რეცეპტორები და ნაკლებია პროგესტერონის რეცეპტორების რაოდენობა. ესტროგენი იწვევს ენდომეტრიუმის უჯრედების სწრაფ გამრავლებას.
საშვილოსნოს პოლიპების განვითარების რისკ-ფაქტორები:
• ასაკი;
• მაღალი არტერიული წნევა;
• ჭარბი წონა;
• გარკვეული მედიკამენტი (ტამოქსიფენი);
• ენდომეტრიუმის ქრონიკული ანთებითი პროცესი;
საშვილოსნოს ტანისა და საშვილოსნოს ყელის პოლიპების სიმპტომები:
• ხშირი, არარეგულარული, სხვადასხვა ხანგრძლივობის და ინტენსივობის მენსტრუალური სისხლდენა;
• სისხლიანი გამონადენი/სხვადასხვა ინტენსივობის სისხლდენა მენსტრუაციებს შორის პერიოდში;
• ჭარბი მენსტრუაცია;
• სისხლდენა მენოპაუზაში;
• უნაყოფობა;
პოლიპები მეტწილად კეთილთვისებიანია. პოლიპების ავთვისებიანი ტრანსფორმაცია ხდება 1%-ში. ალბათობა მატულობს რისკ-ფაქტორების არსებობისა და პოლიპის 15 მმ-ზე მეტი ზომის შემთხვევაში.
ენდომეტრიუმის პოლიპის დიაგნოსტიკა ხდება ტრანსვაგინალური ექოსკოპიით. პოლიპი ვიზუალიზდება სწორი კონტურების მქონე ჰიპერექოგენური წარმონაქმნის სახით. საშვილოსნოს პოლიპის გამორიცხვის მიზნით ყველაზე ინფორმაციულია ექოსკოპიის გაკეთება მენსტრუალური ციკლის პროლიფერაციულ ფაზასი, კერძოდ, მენსტრუალური ციკლის მე-10 დღეს.
მედიკამენტოზური მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია ჩამოყალიბებული პოლიპების შემთხვევაში. ოქროს სტანდარტად სამკურნალოდ მოწოდებულია ჰისტეროსკოპია და პოლიპექტომია (პოლიპის ამოკვეთა). ჰისტეროსკოპიური პოლიპექტომიის შემდეგ იზრდება დაორსულების შანსიც. ჰისტეროსკოპიის შემდეგ რეციდივის ასაცილებლად აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში, საპროფილაქტიკო მკურნალობის ჩატარება.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სახეები და მიზეზები - შარდის ბუშტის ინფექცია გარდამავალი შე­უკა­ვებ­ლობის ყველაზე ხშირი მიზეზია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights