რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „პულსი“
სტუმარი: კლინიკური ონკოლოგი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოთერაპიული მიმართულების ხელმძღვანელი ირინე ხუბუა
თემა: პანკრეასის კიბო
„ძალიან მნიშვნელოვანია პანკრეასის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლება. სამწუხაროდ, პანკრეასის კიბოს დადგენა და მართვა ძალიან რთულია, თუმცა მედიკოსები დიდი ხანია ცდილობენ დიაგნოზირებისა და მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვას, რომელთაც შემდეგ კლინიკურ პრაქტიკაში ვიყენებთ. პანკრეასი მუცლის ღრუს ორგანოა, რომელიც ეგზოკრინულ და ენდოკრინულ ფუნქციას ასრულებს. ეგზოკრინული ფუნქცია საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავებას და გამოყოფას გულისხმობს თორმეტგოჯა ნაწლავში, ენდოკრინული ფუნქცია კი, მნიშვნელოვანი ჰორმონების – ინსულინისა და გლუკაგონის გამომუშავებას უზრუნველყოფს, რომლებიც შაქრის დონეს არეგულირებენ სისხლში. პანკრეასის კიბო ორ ძირითად ჯგუფად – კეთილ და ავთვისებიან სიმსივნედ იყოფა. საკმაოდ იშვიათია პანკრეასის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, ავთვისებიანი კი, მართალია, ერთნაირი სიმწვავით ვითარდება როგორც ეგზოკრინული, ისე ენდოკრინული უჯრედებისგან, მაგრამ 95% მაინც ეგზოკრინულ უჯრედებზე მოდის.
სამწუხაროდ, პანკრეასის კიბოთი დაავადებულთა რიცხვი იზრდება, ლეტალური შემთხვევების რიცხვი კი, უცვლელი რჩება.
დაავადება ხშირად აბსოლუტურად უსიმპტომოდ ვითარდება და მეტწილად სწორედ ამიტომ სრულდება ლეტალური შედეგით. ზოგად სიმპტომებად საერთო სისუსტე, წონაში კლება და სიყვითლე შეიძლება ჩაითვალოს. თუ სიმსივნე პანკრეასის თავშია ლოკალიზებული, მაშინ სიყვითლით, წონაში კლებით და სტეატორეით ხასიათდება, პანკრეასის კუდსა და სხეულში ლოკალიზებული სიმსივნე კი, ძლიერ ტკივილს იწვევს, რომელიც ან მუდმივი, ან ელვისებრი ან მოვლითი ხასიათისაა და გვერდით, ან ზურგის არეში გადაიცემა. მართალია, სიყვითლე ამ შემთხვევაშიც აღინიშნება, მაგრამ ის უფრო ღვიძლის მეტასტაზურ დაზიანებას უკავშირდება. ხშირად სიყვითლეს თან ახლავს მუქი ფერის შარდი და ღია ფერის განავალი, რაც მეტად სახიფათოა და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. პანკრეასის კიბო მეტწილად მუცლის ღრუში, ღვიძლსა და ფილტვში, შედარებით ნაკლებად ძვლებზე და ჭიპის მიდამოში ვრცელდება“, – განაცხადა ირინე ხუბუამ.
მისი თქმით, პანკრეასის გამომწვევი მიზეზები უცნობია, მაგრამ მთავარ რისკ-ფაქტორებად მაინც არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა და კონტაქტი კიბოს გამომწვევ შხამქიმიკატებთან, „შეიძლება, ქრონიკული დაავადებები – და გენეტიკური წინასწარი განწყობა ჩაითვალოს. სწორედ ახლო ნათესავებში ძუძუს, საკვერცხეების, კოლორექტალური და პანკრეასის კიბოს არსებობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს. ახლო ნათესავის პანკრეასის კიბოთი დაავადება 4-ჯერ ზრდის მემკვიდრეში ამავე დაავადების განვითარების რისკს. შესაბამისად, პაციენტებმა, ვინც წინასწარაა გენეტიკურად განწყობილი აუცილებლად უნდა ჩაიტაროს სკრინინგული კვლევა, თუმცა დაზუსტებით არც სკრინინგის პერიოდულობა და ზუსტი დროა დადგენილი.
პანკრეასის მკურნალობის სამი ძირითადი მეთოდი არსებობს – ქიმიოთერაპია, ქირურგიული ჩარევა და სხივური თერაპია. ქირურგიული ჩარევა მხოლოდ შორს წასული დაავადების ან ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნის ოპერირების სირთულის შემთხვევაშია გამართლებული“, – განაცხადა ირინე ხუბუამ.
მასალის გამოყენების პირობები