ექიმი კოტე სულამანიძე ასახელებს სამ ესთეტიკურ ჩარევას, რომლებსაც საკუთარ პრაქტიკაში აღარ მიმართავს. მათ შორისაა ბიშექტომია, ბულჰორნის ოპერაცია და ტუჩებიდან ან სახის სხვადასხვა ზონიდან გაუწოვადი ფილერისა თუ E ვიტამინის მოცილება.
„რა ოპერაციებს აღარ ვაკეთებ ჩემ პრაქტიკაში – პირველი, ეს არის ბიშექტომია. ერთი პერიოდი ძალიან პოპულარული, ძალიან ბევრმა ჰოლივუდის ვარსკვლავმა გაიკეთა, ვიცი, რომ საქართველოში ზოგიერთი სტომატოლოგიც და დერმატოლოგიც ჩუმად აკეთებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. შეიძლება, საწყის ეტაპზე ოპერაციის შედეგი კარგად გამოიყურება, სახე თხელდება, მაგრამ რომ გადის რამდენიმე წელი, უფრო სწრაფად ხდება სახის ფტოზი და ნაოჭების გაჩენა, იმიტომ რომ, ჩვენ ვაკლებთ სახეს ცხიმს, ძალიან მნიშვნელოვან საყრდენს და საბოლოოდ, ეს ნაწილი უფრო სწრაფად ბერდება.
მეორე – ეს არის ბულჰორნის ოპერაცია – ლიფლიფტი, როდესაც ტუჩსა და ცხვირს შორის მცირდება კანის რაოდენობა, კეთდება განაკვეთი. ძალიან ბევრ პაციენტს იმდენად უმოკლდება ეს მანძილი, რომ არაბუნებრივად ჩანს. მეორე მიზეზი – რაც არ უნდა კარგად დაადოს ქირურგმა ნაკერი, მაინც ჩანს, იმიტომ რომ სახის ცენტრშია და ყველა ხედავს.
მესამე – ეს არის გაუწოვადი ფილერის, ბიოპოლიმერის ან D ვიტამინის ტუჩიდან მოშორება ან სახის სხვადასხვა ზონიდან. თუ ჩვენ გვინდა, რომ ტუჩიდან მოვაშოროთ ბიოპოლიმერი, სამწუხაროდ, უნდა მოვაშოროთ ტუჩის რბილი ქსოვილების საკმაოდ დიდი ნაწილი, რაც ტოვებს ნაწიბურებს, დეფორმაციას და ბოლომდე მაინც ვერ იშორებ ამ ტუჩის ფილერს. ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი ის არის, რომ არ გაიკეთოთ ტყუილად ოპერაციები, ათასჯერ დაფიქრდით, სანამ გადადგამთ ამ ნაბიჯს“, – ამბობს კოტე სულამანიძე.
ნახეთ, ვიდეო:
