სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმირატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს სწავლის პროცესში...

რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს სწავლის პროცესში – „ბავშვი უკეთესად ლაპარაკობს და კითხულობს ინგლისურ ენაზე…“

რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს სწავლის პროცესში

ნეიროფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გაგოშიძე “შუადღის” ეთერში საუბრობს, რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება და როგორ უნდა დავეხმაროთ მათ სწავლის პროცესში:

„ბოლო პერიოდში შირად შემხვედრია ბავშვები, რომლებიც სასწავლო საქმიანობას ვერ აუდიან. თითქოს სკოლებში ბევრი ინიციატივა და რესურსი ჩნდება, მაგრამ მაინც ხშირად ვხვდებით მოსწავლეებს, რომლებსაც კითხვა, წერა ან ელემენტარული მათემატიკაც კი უჭირთ. კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია ჩნდება: ბავშვი ქართულ ტექსტს ვერ კითხულობს, მაგრამ თავისუფლად ართმევს თავს ინგლისურს — თანამედროვე რეალობაში ეს განსაკუთრებულად მოულოდნელი და დამაფიქრებელი მოვლენაა.

სკოლა გვჭირდება იმისთვის, რომ ის მომავალი ცხოვრებისთვის გვამზადებს — წერა-კითხვა ამ საფუძვლის განუყოფელი ნაწილია. როცა ბავშვი ამჩნევს, რომ თანატოლები მარტივად აკეთებენ იმას, რაც მას დიდ სირთულეს უქმნის, ეს მის თვითშეფასებაზე მძიმე დარტყმაა. თუ ადამიანს რეალისტური წარმოდგენა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე, დაბრკოლებების გაჩენისას ცდილობს, გადალახოს. თუმცა ბავშვები, რომელთაც სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, ხშირად საკმაოდ მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან და მწვავედ გრძნობენ განსხვავებას საკუთარ თავსა და სხვებს შორის. ისინი ხედავენ, რომ ვერ აკეთებენ იმას, რაც სხვებს ადვილად გამოსდით, და ამ განცდამ შესაძლოა მათი პიროვნული ღირებულების სერიოზული შერყევა გამოიწვიოს. საბოლოოდ კი, როცა ერთ სფეროში წარუმატებლობას აწყდებიან, მოტივაციაც ეკარგებათ და არც ახალ გამოწვევებს ეჭიდებიან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლის მოსწავლეთა 20%-ს დასწავლა უჭირს, დასწავლის უნარის დარღვევა აქვს. იგულისხმება კითხვაც, წერაც, მათემატიკაც, მაგრამ მათ შორის კითხვის უნარის დარღვევის პროცენტი ყველაზე მეტია. ამ კვლევებში არ მონაწილეობენ ბავშვები, რომლებსაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება აქვთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ბოლო ადგილებზე ვართ.

ის, რომ ბავშვი უკეთესად ლაპარაკობს და კითხულობს ინგლისურ ენაზე, ეს პრობლემა ახლა წამოვიდა. ატიპიური განვითარების, სპექტრის მქონე ბავშვები, როგორც წესი, უცხოურ ენაზე უკეთესად ლაპარაკობენ. მაგრამ, ტიპური განვითარების დროსაც საკუთარ ენაზე აგრამატიზმით ლაპარაკობენ. მე საბჭოთა კავშირში გავიზარდე. მაშინ რუსული იყო პრესტიჟული. დღეს ინგლისურია. მაგრამ, ჩვენ დროს ქართული ენა რუსულს ბევრი მიზეზის გამო კონკურენციას უწევდა. მაშინ რუსული ენის მიმართ ნეგატიური განწყობა მაინც არსებობდა. დღეს ინგლისური ენის მიმართ პოზიტიური განწყობაა. ბავშვს 6 თვის ასაკიდან გაჯეტი უჭირავს, ყველაფერი ინგლისურ ენაზე შემოდის. მშობლების, მასწავლებლების განწყობა არის ისეთი, რომ ჩვენი, მშობლიური ენა, რეალურად, არაფერში გვჭირდება და 3 წლიდან ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლიან.

  ლაბორატორიაში შექმნეს სათესლე ჯირკვლები - შესაძლოა, სპერმის გამომუშავება შეძლონ

საბედნიეროდ, ჩვენი ნერვული სისტემა ძალიან კონსერვატიულია. ის ისე სწრაფად არ იცვლება, როგორც გარემო. ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ მარცხენა ჰემისფერო ენის ჰემისფეროა. ბავშვის მარცხენა ჰემისფეროს განვითარებას მისი ენის განვითარება მიჰყვება. ეს 3 წლამდე ხდება. შესაბამისად, მარჯვენა ჰემისფერო კრეატიული, ვიზუალური, სივრცითი, არავერბალური ჰემისფეროა. მაგრამ, ენის განვითარებაში ორივე ჰემისფერო მონაწილეობს. უცხო ენაზე საუბარს მარჯვენა ჰემისფეროთი ვეუფლებით, საკუთარ ენაზე საუბარს კი – მარცხენა ჰემისფეროთი. კითხვასაც ასე ვეუფლებით – ვიწყებთ მარჯვენათი და მერე მარცხენაზე უნდა გადავიდეთ.

პრობლემა რაშია? ბავშვი 6 თვიდან რომ გაჯეტებს უყურებს, რომელიც ბრჭყვიალა, მრავალფეროვანია, ვიზუალურ-სივრცითი ინფორმაციაა ბევრად უფრო დეტალიზებულია, მარჯვენა ჰემისფერო ვითარდება. მარცხენა ჰემისფეროსა და ენობრივ კომპეტენციებს ცოცხალი ენა ავითარებს. შედეგად, მარცხენა ჰემისფერო კარგად ვერ ვითარდება, მარჯვენა ჰემისფეროთი კი უცხოურ ენაზე ლაპარაკს იწყებს. 3 წლის ასაკიდან ინგლისურ ჯგუფებში არიან, საკუთარი მშობლიური ენის მიმართ უარყოფითი განწყობა აქვთ, იმიტომ, რომ უფროსებსაც ეს განწყობა აქვთ. შედეგს კი ვიღებთ იმას, რაც გვაქვს. იმის გამო, რომ ბავშვს მარცხენა ჰემისფერო კარგად არ უვითარდება, ლექსიკაც არ უვითარდება, აგრამატიზმით ლაპარაკობს და წაკითხულის გააზრების პრობლემა უჩნდება.

თამაში წაგებული გვაქვს და არც ვინდომებთ, რომ მოვიგოთ. ვამბობთ, რომ მსოფლიოში ასპარეზზე გასასვლელად ის ენა გვჭირდება და არა მშობლიური. მაგრამ, გვავიწყდება, რომ ჯერ მშობლიური უნდა ისწავლოს და შემდეგ სხვა, იმიტომ, რომ ჩვენი ტვინი ასეა მოწყობილი. ეს სახელმძღვანელოები და ის, როგორც სკოლაში ვასწავლით, კონკურენტად ვერ გამოდგება. იმიტომ, რომ ის მრავალფეროვანი სამყაროა, ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი და ჩვენ მე-3 კლასიდან ბავშვებს დემოტივირებაში ხელს ვუწყობთ. აღარ აინტერესებს, იმიტომ, რომ შავ-თეთრ, გაუგებარ ტექსტებს უყურებს.

ორი პრინციპი არსებობს, რომლებითაც ჩვენ ვხედავთ, რომ შედეგი გვექნება – ბავშვი რამდენად ჩართულია და თანამონაწილეა სასწავლო პროცესის და რამდენად აქვს კეთილდღეობის განცდა. ჩვენს ბავშვებს ეს განცდა არ აქვთ. არც მოტივაცია აქვთ, არც ინტერესი და ეს მათი ბრალი არ არის. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სასწავლო პროცესის გასაინტერესოებაა. ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს ჩაანაცვლებს. ამიტომ, ჩვენს შვილებს წაკითხულის გააზრება და კრიტიკული ანალიზი უნდა ვასწავლოთ. რაც შეიძლება, მეტი ინფორმაციით ვტვირთავთ. თანამედროვე ბავშვი კითხვას სვამს, რაში სჭირდება ეს ინფორმაცია და ამ შეკითხვას სწორად სვამს. უნდა ავუხსნათ, რაში სჭირდება და თუ არ სჭირდება, ესეც უნდა ვუთხრათ. მან უნდა დაინახოს, რომ ყველა ის საგანი, რომლებიც სკოლაში ისწავლება, სჭირდება და ცხოვრებაში გამოადგება.

  მუნი - რა უნდა ვიცოდეთ, რომ დაავადება თავიდან ავიცილოთ, განკურნება მიიღწევა სამი პირობის დაცვით

მე-2 კლასიდან ბავშვებს 2 ენას ასწავლიან, მაგრამ ცოტახანში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გამო, თარჯიმნები საერთოდ აღარ დაგვჭირდება. ამაზე უნდა ვიფიქროთ. გვინდა, ბავშვები წარმატებაზე გავწვრთნათ, მაგრამ ადამიანი პატარა შენიშვნას ვეღარ იტანს, იმიტომ, რომ მაშინვე უფასურდება, თვითშეფასება უქვეითდება. არათვითეფექტური ადამიანი საზოგადოებისათვის საშიში ადამიანია. ან კრიმინალური მიმართულებით წავა, ან მენტალური პრობლემა ექნება. ჩვენი სკოლები საუკეთესო მოსწავლეებზე არიან ორიენტირებულები. ფინური სკოლა იმიტომაა ფინური სკოლა, რომ საშუალო მოსწავლეზეა ორიენტირებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკოლების წინააღმდეგი ვარ. იმდენი ენერგია და რესურსი გვაქვს ჩადებული მასწავლებლის მომზადებაში, მათ გადამზადებაში, ტრენინგებში. უბრალოდ, ენერგიას შესაძლოა იმ მიმართულებით არ ვხარჯავთ და იმ მიმართულებით არ ვიყურებით, რა მიმართულებითაც უნდა ვიყურებოდეთ.“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights