მოზარდობის პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური და კომპლექსური ეტაპია. ამ წლებში ბავშვის ცხოვრება სწრაფად იცვლება, ამიტომ მშობლების მხრიდან სწორი დამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მიუხედავად კეთილი მიზნებისა, ზეგადაჭარბებული ყურადღება ხშირად საპირისპირო შედეგს იძლევა და მოზარდის წინააღმდეგობას იწვევს.
რომელი ქცევებია ყველაზე გავრცელებული და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება? ამ საკითხებზე ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე UNICEF Georgia-სთან საუბრობს.
„მოზარდობის ასაკი იმ პერიოდს წარმოადგენს, როცა ახალგაზრდისთვის ურთულესი ხდება ურთიერთობა გარემოსთან, ასევე საკუთარ თავსთან შეთანხმება. ის აღარ თავსდება „ბავშვის“ ჩარჩოში, მაგრამ ჯერ სრულფასოვან ზრდასრულადაც ვერ გრძნობს თავს.
ხშირად სწორედ აქ ხდება პირველი შეცდომა — მოზარდს ისევ პატარა ბავშვივით ვეპყრობით და მის რეალურ შესაძლებლობებს ვერ ვხედავთ.
მეორე გავრცელებული შეცდომაა, როცა პასუხისმგებლობას არ ვანიჭებთ. იმის ნაცვლად, რომ მივცეთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად იმოქმედოს და საკუთარი ნაბიჯების შედეგებზე დაფიქრდეს, ყველაფერს მის ნაცვლად ვაკეთებთ.
მესამე პრობლემა ემოციებთან არის დაკავშირებული — ბევრი მოზარდის მშობელს შინაგანად აშინებს მათი რეაქციები. გაურკვევლობა და სირთულეების შიში ზოგჯერ გვაიძულებს ან ზედმეტად მოვეფეროთ და ყველაფერი დავუთმოთ, ან პირიქით — ყველაფერი ავუკრძალოთ.“
როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?
„მოზარდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია. ბავშვები ამ ასაკში მშობლებთან ურთიერთობის შიმშილს განიცდიან. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ მოსმენა, მივცეთ დრო, რომ გვიპასუხოს და მოთხოვნის რეჟიმიდან გადავიდეთ ემოციების გაზიარების რეჟიმზე. მივცეთ პასუხისმგებლობა, ძალიან ბევრი მშობელი ჩივის, რომ უკან დავსდევს, ყველაფერს უსრულებს, ყველაფერს მის ნაცვლად აკეთებს – თუ თქვენ გაუკეთებთ ყველაფერს, თვითონ ვერაფერს გააკეთებს და თავადაც ჩათვლის, რომ არაფრის გაკეთება შეუძლია. ზედმეტი კონტროლის მეორე უკიდურესობა ყველაფრის უფლების მიცემაა. როგორც წესი, ჩვენ გვეშინია ხოლმე, რომ ჩვენმა შვილმა არ გამოთქვას პროტესტი, ემოციურად არ განიცადოს, დეპრესიაში არ ჩავარდეს და ასე შემდეგ. ამიტომ, ყველაფრის უფლებას ვაძლევთ. რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, ეს მას ხელს არ უწყობს არც თავისუფალ არჩევანში, არც პიროვნების განვითარებაში. ისევე, როგორც პატარა ბავშვებს, მოზარდებსაც სჭირდებათ ჩარჩო, მოლაპარაკება, შეზღუდვები, რომელშიც თვითონ იქნებიან ჩართულები და მათ მოლაპარაკებებისა და დისკუსიების საფუძველზე, თვითონ ექნებათ გაცნობიერებული არჩევანი – რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ.“
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

