დეპრესია, შფოთვა ან დამოკიდებულება – ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი ხშირად ირჩევს პარტნიორს, რომელსაც იგივე პრობლემა აქვს.
ასეთი წყვილების შვილებში კი ორჯერ უფრო მაღალია რისკი, რომ აღნიშნული დაავადებისადმი მიდრეკილება განვითარდეს.
რა ხდება?
ზოგიერთი ადამიანი დღეში 20-ჯერ იბანს ხელს. ზოგს დეპრესიის გამო საწოლიდან ადგომა არ შეუძლია. სხვას აქვს აკვიატებული აზრები, რომლებიც დისკომფორტსა და შფოთვას იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ჩვენს პლანეტაზე ფსიქიკური აშლილობის სხვადასხვა ფორმით მილიარდზე მეტი ადამიანი იტანჯება. ეს მთელი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 14%-ს შეადგენს და ამით სხვადასხვა ასაკის, წარმომავლობისა და სოციალური ფენის ადამიანები ზარალდებიან. ფსიქიკური აშლილობები დღეს მედიცინის წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე რთულ პრობლემად რჩება. კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჟურნალ „Nature Human Behavior“-ში გამოქვეყნდა, იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, რომ მსგავსი ფსიქიკური დაავადების მქონე პარტნიორი იპოვონ.
რამდენად ხშირია მსგავსი ფსიქიკური აშლილობები მეუღლეებში?
ზემოთ ხსენებული კვლევისთვის მკვლევრებმა გააანალიზეს ტაივანში, დანიასა და შვედეთში მცხოვრები თითქმის 15 მილიონი ადამიანის მონაცემები. მეცნიერებმა შეისწავლეს წყვილები, რომელთაგან ერთ-ერთს ან ორივეს აწუხებდა ცხრა ფსიქიკური აშლილობიდან ერთ-ერთი: შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა, დეპრესია, შფოთვა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ჰიპერაქტიურობა, აუტიზმი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ფსიქოტროპული ნივთიერებების ბოროტად მოხმარება ან ანორექსია. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ერთ მეუღლეს ამ დარღვევებიდან რომელიმე ჰქონდა, განსაკუთრებით მაღალი იყო იმის ალბათობა, რომ მის პარტნიორსაც ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი ჰქონოდა. უფრო მეტიც, ხშირად, ორივე მეუღლე ერთი და იმავე დაავადებით იტანჯებოდა. „თეორიულად, შფოთვის ან დეპრესიის მქონე ადამიანმა უნდა მოძებნოს სტაბილური და საიმედო პარტნიორი, თუმცა პირიქითაა!“, – აღნიშნავს რობერტ პლომინი, ლონდონის სამეფო კოლეჯის ქცევითი გენეტიკის პროფესორი. ამ მოსაზრებას ამყარებს მონაწილეთა რაოდენობა – 14.8 მილიონი.
როგორია გლობალური ტენდენცია?
პირველი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები უფრო მეტად მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებთან ურთიერთობენ, 1960-იან წლებში გაჩნდა. თუმცა,
იმ დროს ჩატარებული კვლევები საკმარისად სანდო არ იყო. პირველი მასშტაბური კვლევა, დაახლოებით, ათი წლის წინ ჩატარდა, მაგრამ მასში მხოლოდ ჩრდილოეთ ევროპის მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.
აშშ-ში, ქალაქ ტალსაში (ოკლაჰომა) მდებარე ტვინის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი, მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორ ჩუნ ჩი ფანის ხელმძღვანელობით, სხვა საკითხებთან ერთად, შეეცადა დაედგინა, არსებობს თუ არა პარტნიორის შერჩევის ეს ტენდენცია სხვადასხვა კულტურაში. „გასაკვირი იყო, რომ ზემოთ ხსენებული მიდგომა, პრაქტიკულად, იდენტური გახლდათ აბსოლუტურად განსხვავებულ კულტურებშიც კი“, – აღნიშნავს ჩუნ ჩი ფანი. განსხვავებები მხოლოდ ობსესიურ-კომპულსიური და ბიპოლარული აშლილობების, ასევე – ანორექსიის შემთხვევაში გამოვლინდა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ტაივანში ორივე მეუღლე უფრო ხშირად იტანჯება ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით, ვიდრე – ჩრდილოეთ ევროპაში.
კიდევ ერთი დასკვნა, რომლამდეც მკვლევრები მივიდნენ, იყო ის, რომ დარღვევების უმეტესობის შემთხვევაში, ორივე პარტნიორისთვის ერთი და იმავე ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დასმის ალბათობა ათწლეულების განმავლობაში აქტუალობას ინარჩუნებდა. სწორედ ამას ადასტურებს ტაივანიდან 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შემთხვევაში კი, ეს ალბათობა კიდევ უფრო იზრდება. აღნიშნულმა მაჩვენებელმა მხოლოდ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის პირობებში აჩვენა კლების ტენდენცია. „ეს იმის მიუხედავად, რომ ტაივანში ჯანდაცვის სისტემა, პოლიტიკა და საზოგადოება ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა“, – აღნიშნავს მკვლევარი.
მსგავსებას მიზიდულობის ძალა აქვს
საინტერესოა, რატომ ამყარებენ ფსიქიკური აშლილობის მქონე პიროვნებები უფრო ხშირად ურთიერთობებს მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებთან? არსებობს რამდენიმე თეორია. ერთ-ერთი მათგანი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ბუნებაა, ეძებოს ისეთი პარტნიორი, რომელთანაც გადაკვეთის ბევრი წერტილი აქვს. გარდა ამისა, საერთო გარემომ და საცხოვრებელმა პირობებმა შეიძლება ხელი შეუწყოს მსგავსი დაავადებების განვითარებას. ამასთანავე, ფსიქიკურ დაავადებასთან დაკავშირებულმა სტიგმამ შეიძლება პარტნიორის არჩევანი მნიშვნელოვნად შეზღუდოს. ჩუნ ჩი ფანის თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითვლებოდა, რომ პირველი თეორია იყო ის, რაც ადამიანებს აერთიანებდა. სამეცნიერო თვალსაზრისით, ამას ეწოდება „პარტნიორის ასოციაციური შერჩევა“, რომლის მიხედვითაც ინდივიდები, გარკვეული მახასიათებლების საფუძველზე, უპირატესობას თავისნაირებს ანიჭებენ. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს შეუძლია უკეთ გაიგოს, თუ რა საჭიროებები და მოთხოვნები აქვთ ანალოგიური პრობლემების მქონე ადამიანებს. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ინდივიდებს აერთიანებთ სხვა საერთო დადებითი მახასიათებლებიც. კერძოდ, როგორიცაა შემოქმედებითობის მაღალი დონე.
ამავდროულად, კვლევა არ პასუხობს კითხვას, თუ რა არის უპირველესი – ურთიერთობა თუ ფსიქიკური აშლილობა? რობერტ პლომინი თვლის, რომ ამის დასადგენად საჭიროა გრძელვადიანი დაკვირვება. გარდა ამისა, გაურკვეველი რჩება, თავს კარგად გრძნობენ თუ არა ფსიქიკურად დაავადებული მეუღლეები ქორწინებაში, არის თუ არა მსგავსი ფსიქიკური აშლილობა ურთიერთგაგების გარანტია და პირიქით, ხომ აუარესებს ეს პარტნიორის მდგომარეობას.
ბავშვები რისკის ზონიდან
ზემოთ ხსენებულმა კვლევამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოავლინა. წყვილებში, სადაც ორივე მშობელი ერთი და იმავე ფსიქიკური დაავადებით იტანჯება, ბავშვს ორჯერ უფრო მეტად აქვს ანალოგიური აშლილობის განვითარების რისკი, ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც მხოლოდ ერთ მშობელს აქვს ეს დიაგნოზი. აღნიშნული ეფექტი განსაკუთრებით გამოხატული იყო შიზოფრენიის, დეპრესიის, ბიპოლარული აშლილობისა და ნარკოდამოკიდებულების შემთხვევებში.

