ალბათ, ყველას გვქონია ისეთი მომენტები, როცა სულ არ გვეცინებოდა, მაგრამ სხვების სიცილი “გადმოგვედო”. გიფიქრიათ, რით შეიძლება აიხსნას ეს ფენომენი?
სენდი მანი, ბრიტანეთის ფსიქოლოგთა საზოგადოების წევრი, განმარტავს, რომ ყველა ემოცია გადამდებია და ამის მიზეზს შეგვიძლია ევოლუციაში მივაკვლიოთ. სიცილის გადადების ფენომენი სხვა ძუძუმწოვრებშიც (მათ შორის, ადამიანის მსგავს მაიმუნებშიც) გვხვდება.
ზოგადად, პრიმატები სიცილის საკითხებში ძალიან გვგვანან. ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუ ოდესმე ბონობოსთან იმდენად ახლოს აღმოჩნდებით, რომ მოუღიტინოთ (თუმცა ამის გაკეთებას არ გირჩევთ). ბოლოდროინდელი კვლევებით ისიც გამოვლინდა, რომ მაიმუნებს შეიძლება იუმორის გრძნობაც ჰქონდეთ და ერთმანეთს “დასცინოდნენ” კიდეც.
ისიც საინტერესოა, რომ სიცილი ადამიანად ყოფნის განუყოფელი ნაწილია — იმდენად ფუნდამენტურიც კი, რომ იგი ყოველგვარი ენისა და კულტურის საზღვარს სცდება: დედამიწაზე ერთი ისეთი საზოგადოებაც კი არაა ცნობილი, რომლის წევრებიც არ იცინიან.
მანის თქმით, სიცილის მარტივად გადადების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ამ გზით სოციალური კავშირები მყარდება. 2022 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ამ თემას რობინ დანბარი ჩაუღრმავდა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ევოლუციური ფსიქოლოგიის ემერიტუს-პროფესორია.
“ჩემი აზრით, როდესაც გარკვეულ დაჯგუფებებში ჰომინიდების რაოდენობა გაიზარდა, სოციალური კავშირების გაძლიერებისთვის გრუმინგი სიცილით ჩანაცვლდა”, — ვკითხულობთ დანბარის ნაშრომში.
“გრუმინგი” — საკუთარი ან ერთმანეთის ბეწვის მოწესრიგება — სოციალური ქცევაა, რომელიც ცხოველთა სამყაროში ყველგან გვხვდება, თუმცა იგი განსაკუთრებით მაიმუნებშია გავრცელებული. გრუმინგი ტვინში ენდორფინებს გამოყოფს. ეს ქიმიური ნივთიერებები ტკივილს ამცირებს და, ზოგადად, თავს უკეთ გვაგრძნობინებს. დანბარმა თავის ნაშრომში მტკიცებულებები განიხილა, რომელთა თანახმადაც, სიცილსაც მსგავსი ეფექტი აქვს. გარდა ამისა, სიცილი ნაკლებად ინტიმურია და ნაკლებ დროსაც მოითხოვს. სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანები ერთად სულ ვიცინით (თუმცა, საბედნიეროდ, ერთმანეთის თმიდან ტილები არ ამოგვყავს).
ალბათ, იმაზეც გსმენიათ, რომ ადამიანები სიცილს ხშირად გამკლავების მექანიზმად იყენებენ. ეს მართალია როგორც სტრესული სამსახურის მქონე ადამიანების შემთხვევაში, ასევე მძიმედ ტრავმირებული ხალხისთვისაც. მაგალითად, ჰოლოკოსტს გადარჩენილები ხშირად იხსენებენ, რომ უმძიმესი მომენტების გადატანაში მათ სწორედ სიცილი დაეხმარა.
შესაბამისად, იუმორი ბევრნაირი ფორმით გვხვდება: სპონტანური სიცილი, სარკაზმი, საკუთარი თავის დაცინვა, სტრესულ მომენტებში სიცილი და ა.შ. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ სიცილი ამცირებს დაძაბულობას, აძლიერებს სოციალურ კავშირებს და ისეთ საკითხებზეც კი ზემოქმედებს, როგორებიც სამსახურის გასაუბრება ან პირადი ურთიერთობებია.
სიცილი “სოციალური წებოს” ფუნქციასაც კი ასრულებს: ადამიანებს ერთმანეთთან ინტერაქციას უმარტივებს და საუბრის უფრო “ბუნებრივად” წარმართვას უწყობს ხელს. ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ სიცილის გარეშე კომუნიკაცია თითქოს ძალიან მძიმეა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi