სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმისაქართველოში, ადამიანის ტვინში ღორის ცოცხალი სოლიტერი პირველად დაფიქსირდა…

საქართველოში, ადამიანის ტვინში ღორის ცოცხალი სოლიტერი პირველად დაფიქსირდა…

თებერვალში, საქართველოში ქალის ტვინიდან 15-სანტიმეტრიანი ცოცხალი პარაზიტი Taenia solium, ანუ ღორის სოლიტერი, ამოიყვანეს.

ქართველმა ქირურგებმა ეს შემთხვევა დეტალურად აღწერეს, მათი ნაშრომი კი ახლახან რეფერირებად გამოცემაში Journal of Neurosurgery გამოქვეყნდა.

“რამდენიმეთვიანი შრომის, უამრავი სარედაქციო და სამეცნიერო ეტაპის გავლის შემდეგ ცნობილი შემთხვევა დაიბეჭდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ამერიკულ ნეიროქირურგიულ ჟურნალში Journal of Neurosurgery (JNS)”, — წერს გიორგი სექანია, ქირურგი და ნაშრომის თანაავტორი, სოციალურ ქსელში.

ონკოლოგიური ისტორიის მქონე 54 წლის ქალი ქირურგებთან ტვინის სიმსივნის დიაგნოზით მივიდა. ამოკვეთის მცდელობისას ექიმებმა ტვინში 15-სანტიმეტრიანი ცოცხალი ჭია შენიშნეს.

ნაშრომში ვკითხულობთ, რომ პარაზიტის ამოყვანის შემდეგ ქალი საავადმყოფოდან გაწერეს, 2 მომდევნო კვირა კი ალბენდაზოლით (პარაზიტების სამკურნალო პრეპარატი) მკურნალობდნენ, რათა პოტენციურად შემორჩენილი პარაზიტული ინფექცია მოეშორებინათ. თავის ტვინის ანთების სამართავად დაუნიშნეს დექსამეტაზონიც.

ამოყვანილი ჭია შემდგომში პარაზიტოლოგიის ინსტიტუტმა შეისწავლა. დადასტურდა, რომ ქალს ტვინში მართლაც ზრდასრული თასმისებური ჭია, T. solium, ჰყავდა. ტვინის ქსოვილის მიკროსკოპული კვლევით თასმისებური ჭიის კვერცხებიც შენიშნეს, რომლებიც განვითარების სხვადასხვა სტადიაზე იყო; მათ სპეციფიკური სქელი, ზოლიანი გარსები ჰქონდა.

ოპერაციიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ქირურგები შემთხვევის შესწავლასა და აღწერაზე მუშაობდნენ. ნაშრომმა რეცენზირება გაიარა და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა. გამოდის, სამეცნიერო ლიტერატურაში ეს პირველი დადასტურებული შემთხვევაა, როცა ადამიანის თავის ტვინში ზრდასრული ღორის სოლიტერი დაფიქსირდა.

“დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამედიცინო ლიტერატურაში მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა პირველად”, — წერს გიორგი სექანია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ღორის სოლიტერი პარაზიტია, რომელიც ადამიანის სხეულში არასათანადოდ დამუშავებული ღორის ხორციდან ხვდება.

მისი კვერცხები, შესაძლოა, სისხლის მიმოქცევაში აღმოჩნდეს და ტვინამდეც მიაღწიოს. ტვინში ისინი ცისტებს წარმოქმნის და დაავადება, სახელად ნეიროცისტიცერკოზი, ვითარდება. ეს თავის ტკივილებს, გულყრებსა და სხვა ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა სარგებლობა მოაქვს ბალნეოლოგიურ კურორტებზე დასვენებას?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights