პარასკევი, იანვარი 30, 2026
მთავარიშენი ექიმიროგორ გავუმკლავდეთ დაღლილობას ქიმიოთერაპიის დროს

როგორ გავუმკლავდეთ დაღლილობას ქიმიოთერაპიის დროს

ქიმიოთერაპიის დროს დაღლილობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ბუნებრივი გვერდითი მოვლენაა. ის შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით — ოდნავი სისუსტიდან ძლიერ გამოფიტვამდე, როცა ენერგიის მოძიება რთულდება.

ზოგიერთ შემთხვევაში დაღლილობა გრძელდება მხოლოდ რაკიბომდენიმე დღე, სხვებში კი კვირები და თვეები შეიძლება გაგრძელდეს. კარგი ამბავი ისაა, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, ეს შეგრძნება თანდათან ქრება.

დაღლილობის მიზეზი მხოლოდ მედიკამენტები არ არის — მას ხელს უწყობს ორგანიზმის ფიზიკური დატვირთვა, სტრესი, შფოთვა, დეპრესია და თვითონ დაავადებასთან ბრძოლა. ამიტომ მნიშვნელოვანია, დაღლილობასთან გამკლავებას შევხედოთ როგორც სხეულის, ისე გონების მხარდაჭერის პროცესს.

იპოვეთ შინაგანი სიმშვიდე

ლოცვა, მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები და იოგა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და ემოციური ბალანსის აღდგენას. დღეში 10-15 წუთიც კი შესაძლოა დიდი შვების მომტანი გახდეს. იპოვეთ თქვენთვის სასიამოვნო რიტუალი — იქნება ეს მუსიკის მოსმენა, სურნელოვანი ჩაის დალევა თუ საყვარელ ადამიანთან საუბარი.

მიიღეთ საკმარისი სითხე

დეჰიდრატაცია ხშირად ამძაფრებს დაღლილობას. ეცადეთ, დღეში დალიოთ მინიმუმ 8 ჭიქა სითხე — სუფთა წყალი, უგაზო მინერალური სასმელი ან ნატურალური წვენი. შეგიძლიათ თან იქონიოთ პატარა ბოთლი, რომ დღის განმავლობაში სითხის მიღება არ დაგავიწყდეთ.

სწორი კვება თქვენი ენერგიის წყაროა

მიიღეთ საკვები რეგულარულად, მცირე ულუფებით, დღეში 5-6-ჯერ. აირჩიეთ ცილებით, ბოსტნეულით, ხილითა და მარცვლეულით მდიდარი საკვები. თუ მადა დაქვეითებული გაქვთ, სცადეთ მაღალი კალორიულობის და ერთდროულად ნოყიერი საჭმელი — მაგალითად, იოგურტი თაფლით და თხილეულით. (თაფლი, თხილეული და სხვა პროდუქტი შესაძლოა ალერგიული რეაქციის მიზეზი გახდეს. მათ მიღებამდე დარწმუნდით, რომ თქვენ არ გაქვთ ალერგია აღნიშნულ ინგრედიენტებზე.)

შეიმუშავეთ დასვენების რეჟიმი

დღისით ხანმოკლე, 10-15 წუთიანი ჩათვლემაც კი, ხშირად საკმარისია ენერგიის შესავსებად. ეცადეთ, არ დაიძინოთ ერთ საათზე მეტხანს, რომ ღამის ძილი არ დაგერღვათ. ღამით კი მინიმუმ 8 საათიანი მშვიდი ძილი აუცილებელია, რათა სხეულმა ძალები სრულად აღიდგინოს.

  აზიის ზოგიერთ აეროპორტში ნიპა ვირუსის გამო მგზავრების სკრინინგი დაიწყო

იმოძრავეთ

მცირე ფიზიკური აქტივობა — მაგალითად, სუფთა ჰაერზე გასეირნება ან მსუბუქი გაჭიმვები — ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს განწყობას. ივარჯიშეთ იმ დროს, როცა თავს ყველაზე ენერგიულად გრძნობთ. აუცილებლად შეათანხმეთ ვარჯიშის ტიპი თქვენს კლინიკურ ონკოლოგთან, რომ დარწმუნდეთ მის უსაფრთხოებაში.

არ დაიტვირთოთ ზედმეტად

ამ პერიოდში ენერგიის დაზოგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნუ ეცდებით ჩვეულ რიტმში მუშაობას, გადადეთ მეორეხარისხოვანი საქმეები და მიმართეთ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს დახმარებისთვის. გახსოვდეთ, ახლა მთავარი თქვენი ჯანმრთელობაა.

ემოციური მხარდაჭერა

ქიმიოთერაპიის დროს დაღლილობასთან გამკლავება უფრო მარტივია, თუ ახლობლები თქვენს გვერდით დგანან. გაუზიარეთ თქვენი მდგომარეობა ოჯახის წევრებს და მეგობრებს — ეს შეგიმსუბუქებთ ემოციურ ტვირთს და შეგიქმნით შეგრძნებას, რომ მარტო არ ხართ.

დაღლილობა ქიმიოთერაპიისას ნორმალური და დროებითი მოვლენაა, რომლის მართვა შესაძლებელია. თქვენი სხეულის სიგნალების მოსმენა, სწორი დასვენება და კვება, ახლობლების ემოციური მხარდაჭერა — ყოველივე ეს ამ რთული პერიოდის უფრო მსუბუქად გადალახვაში დაგეხმარებათ.

გაიგეთ მეტი ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენების შესახებ „კონსილიუმ მედულას“ ქიმიოთერაპიის გზამკვლევში.

წყარო:

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ახალი კვლევა -  დღეში ერთი ჭიქა სასმელიც კი პირის ღრუს კიბოს რისკს 50%-ით ზრდის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights