პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარიშენი ექიმიბავშვის გონება და ტელეფონი, ინტერნეტში რა დროის გატარება არის ბავშვისთვის (არა) საზიანო?...

ბავშვის გონება და ტელეფონი, ინტერნეტში რა დროის გატარება არის ბავშვისთვის (არა) საზიანო? – რა ასაკიდან არის დაშვებული ბავშვისთვის სმარტფონის გამოყენება?

ინტერნეტში რა დროის გატარება არის ბავშვისთვის (არა) საზიანო?

რა ასაკია მისაღები პირველი სმარტფონის შესაძენად? ამ აქტუალურ თემებზე გერმანელმა ექსპერტებმა მშობლებს რეკომენდაციები შესთავაზეს. ამ ინიციატივის მიზანია ბავშვებში დამოკიდებულების განვითარების თავიდან აცილება. კონკრეტულად რა რჩევები მოამზადეს სპეციალისტებმა, Deutsche Welle-მ გაარკვია.

რა ხდება?

ბევრ გერმანულ ოჯახში კამათობენ იმაზე, თუ რამდენი დრო შეუძლიათ ბავშვებს გაატარონ კომპიუტერის მონიტორებთან ან სმარტფონებთან. ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის გერმანიის საზოგადოების (DGKJ) ხელმძღვანელობითა და ვიტენ-ჰერდეკეს კერძო უნივერსიტეტის მონაწილეობით შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, რაც უფრო ნაკლები იქნება ეს მაჩვენებელი, მით უკეთესია როგორც თავად ბავშვებისთვის, ასევე – მათი მშობლებისთვის. ახალი კვლევის მიზანი, რომლის შედეგებიც ახლახან გამოქვეყნდა, მოწყობილობებსა და სოციალურ ქსელებზე ბავშვების ფსიქიკური დამოკიდებულების შემცირებისკენ არის მიმართული.

მეცნიერებმა გამოთვალეს, ონლაინ სამყაროში გატარებული რა დროა მისაღები მცირეწლოვანი მომხმარებლებისთვის. როგორც კვლევის ავტორები წერენ, სამ წლამდე ბავშვები სრულად უნდა იყვნენ დაცული მედიის ყოველგვარი პასიური ან აქტიური გამოყენებისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში, თავად მშობლებმა არ უნდა ისარგებლონ ხშირად მობილურ ტელეფონებით, რათა ბავშვებს გაჯეტებისადმი ინტერესი არ გაუღვიძონ.

3-დან 6-წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია გარკვეულ დღეებში კომპიუტერთან ან სმარტფონთან მაქსიმუმ 30 წუთის გატარება, რათა სხვადასხვა სახის ინფორმაციას გაეცნონ. ბავშვი არ უნდა დარჩეს მოწყობილობასთან მარტო, ხოლო ქვიშის საათის ან წამზომის გამოყენება მშობლებს დაეხმარება გაიგონ, რამდენად სწრაფად გადის დრო მონიტორთან. 6-დან 9-წლამდე ბავშვებს კი შეუძლიათ, საშინაო დავალებაზე დახარჯული დროის გარდა, სპეციალურად დანიშნულ დღეებში მონიტორებთან 30-დან 45 წუთამდე გაატარონ.

ბავშვები და სმარტფონები: რას ამბობენ ექსპერტები?

9-დან 12-წლამდე ბავშვებს შეუძლიათ სმარტფონებით ხელში ერთი საათი იყვნენ, თუმცა ინტერნეტთან წვდომა მშობლებმა უნდა გააკონტროლონ. ოდნავ უფროსი ასაკობრივი კატეგორიისთვის – 12-დან 16-წლამდე – ექსპერტები გვირჩევენ დღეში მაქსიმუმ ორი საათის გატარებას მონიტორების წინ და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სკოლისა და სხვა აქტივობებისგან თავისუფალ დროს, სასურველია – არა უგვიანეს საღამოს ცხრა საათისა. ამ შემთხვევაშიც ინტერნეტთან წვდომა მშობლებმა უნდა გააკონტროლონ. რა თქმა უნდა, ექსპერტები იდეალური პირობებიდან გამომდინარეობენ. ჩვეულებრივ ცხოვრებაში, დასაქმებულ მშობლებს უჭირთ თვალყური ადევნონ რას აკეთებენ მოზარდები თავისუფალ დროს.

  როგორაა შესაძლებელი სხვადასხვა არაგადამდები დაავადებების მეთვალყურეობა ტელემედიცინის მეშვეობით?

ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით, 9 წლამდე ბავშვებს საკუთარი სათამაშო მოწყობილობები/კონსოლები და ინტერნეტზე წვდომა არ უნდა ჰქონდეთ. სმარტფონის ყიდვა ბავშვებისთვის 9 წლიდან არის რეკომენდებული, მაგრამ უმჯობესია 12 წლიდან. თუმცა ინტერნეტთან წვდომა ამ შემთხვევაშიც შეზღუდული უნდა იყოს. 16 წლის ასაკიდან კი კონკრეტული წესები და ინტერნეტში დროის გატარების ლიმიტები შვილებთან ერთად უნდა განიხილოთ.

ექსპერტების აზრით, მოწყობილობები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც ჯილდო, სასჯელი ან ბავშვის დასამშვიდებელი საშუალება. ჭამის დროს მიზანშეწონილია, რომ ყველა გაჯეტი საერთოდ გვერდზე  გადადოთ, – ციტირებს გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa სპეციალისტების მოსაზრებებს.

ბავშვის გონება და ტელეფონი – რატომ არ უნდა მისცეთ სმარტფონი 13 წლამდე ასაკში

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „დღეს უკვე 120 000-დან 87 00 პაციენტი განკურნებულია - მინდა, რომ „ბე“ ჰეპატიტის პროგრამა ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც არის „ცე“ ჰეპატიტის“ - მიხეილ სარჯველაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights