ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს.
სპეციალისტების თქმით, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც სხვადასხვა დაავადების განვითარებას, ასევე არსებულის გამწვავებას.
რეკომენდაციებს შორის დასახელებულია მაღალი ტემპერატურის დროს ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავება. უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლური, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა. არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში.
“საკმაოდ დაცხა, შესაბამისად, რეკომენდაციები იქნება, თუ შეგვიძლია და აუცილებლობა არ არის, ძალიან სიცხე როდესაც არის, ვეცადოთ, ჩრდილში ვიყოთ, ვატაროთ მაქსიმალურად მსუბუქი, ღია ფერის ტანსაცმელი. მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლისა, ტკბილი სასმელებისა და ასევე, კოფეინის შემცველი სასმელებისა. კარგი იქნება, თუ მივიღებთ გარკვეული მინერალების შემცველ პრეპარატებს. ეს უკვე ექიმმა უნდა დაუნიშნოს ადამიანს. ღამე ფანჯრები უნდა გავაღოთ, როდესაც შედარებით სიგრილეა, იმისათვის რომ ამ პერიოდში მაქსიმალურად განიავდეს. როცა სიცხე იწყება და მზე დააჭერს, ამ დროს დავხუროთ. ყველა რჩევა, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ იმათ, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები,” – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.
“როდესაც სიცხის ზეგავლენაზე ვსაუბრობთ, ალბათ რამდენიმე ფაქტორი უნდა გამოვყოთ, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ასეთი ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს.
ივანე ჩხაიძე რამდენიმე გასათვალისწინებელ რეკომენდაციას უსვამს ხაზს.
“პირველ რიგში, ეს არის კანზე ზემოქმედება, მეორე არის გაუწყლოების განვითარების რისკი, როდესაც ორგანიზმი კარგავს სითხეს და არ ხდება მისი ჩანაცვლება, მესამე რისკი დაკავშირებულია ზაფხულის პერიოდში პროდუქტების შენახვის წესების დარღვევასთან და მეოთხე არის წყლით სარგებლობასთან. თუმცა ყველაზე სწრაფად განვითარებადი არის კანის დამწვრობა, რომელიც შეიძლება რამდენიმე საათის განმავლობაში განვითარდეს, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში. როდესაც ბავშვი ან დიდი, დიდი ხნის განმავლობაში არის მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ, ვითარდება სითბური დარტყმა, ეს არის თავის ტკივილი, ასევე კანის მკვეთრი გაწითლება, ეს არის გულისცემის გახშირება, სუნთქვის გახშირება, თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, ტემპერატურის მატება, 40 გრადუსი და მეტი. ეს ყველაფერი მიმანიშნებელია სითბური დარტყმის განვითარებაზე და აქ, ალბათ, დაუყოვნებლივი რეაგირება არის საჭირო,” – ამბობს ივანე ჩხაიძე.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi