შაბათი, სექტემბერი 6, 2025
მთავარიშენი ექიმისიმპტომები და გადარჩენის წესები გველის ნაკბენის შემთხვევაში - რა პირველადი დახმარება შეგვიძლია...

სიმპტომები და გადარჩენის წესები გველის ნაკბენის შემთხვევაში – რა პირველადი დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ადამიანს, თუ ის გველმა დაკბინა? როგორია პირველი დახმარება საველე პირობებში? 

საქართველოში შხამიანი გველების ძირითადი სახეობები – ზაფხული და ქვეწარმავლები

საქართველოში აღმოჩენილი 4 შხამიანი სახეობიდან, ყველაზე მეტად საშიშია გიურზა. სხვა სახეობებია:

  • გველის გველგესლა

  • ცხვირრქოსანი გველგესლა

  • კავკასიური გველგესლა

სტატისტიკურად, გველის ნაკბენის დიაგნოზით საქართველოში წელიწადში საშუალოდ 30-40 პაციენტი ხვდება კლინიკაში, ძირითადად – ქვემო და შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს სამედიცინო დაწესებულებებს შხამიანი გველების კბენის გამო დახმარებისათვის საშუალოდ 1 841 000 ადამიანი მიმართავს. მათგან ყოველ წელს კვდება 90 000 (5%).


გველის ნაკბენის რისკები – როდის არის საშიშროება?

გველი ადამიანზე თავდასხმას თავდაცვის მიზნით ახორციელებს – როდესაც ფეხს დაადგამენ ან მოულოდნელად ხელს მოჰკიდებენ.
რისკის შემცირებისთვის:

  • ატარეთ მაღალყელიანი ჩექმები

  • გქონდეთ ხის ჯოხი, რომლითაც ბუჩქები შეამოწმებთ

  • ერიდეთ მინდორში ან თივის ზვინებში ბრმა შეხებას

  • იყავით ფრთხილად ტყეში, ქვიან ადგილებში, ბალახში სიარულის დროს


როგორ მივხვდეთ – შხამიანი იყო თუ არა გველი?

შხამიანი გველის ნაკბენი ჩვეულებრივ ტოვებს ორ წერტილოვან კვალს – ეშვების ნასახს. ეშვები 1-1.5 სმ სიგრძისაა და პირის გაღებისას ვერტიკალურად იშლება.
თუ ნაკბენზე ორი წერტილი ჩანს – სავარაუდოდ საქმე შხამიან გველს ეხება, თუმცა 100%-იანი დარწმუნება მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.

გველის ნაკბენის სიმპტომები – რა ხდება პირველ საათებში?

შხამი ორგანიზმში სწრაფად ვრცელდება. სიმპტომები დამოკიდებულია:

  • ასაკზე

  • ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

  • გველის ზომასა და შხამის რაოდენობაზე

  • გარემო ტემპერატურაზე

საშიში სიმპტომები:

  • მძლავრი ტკივილი და შეშუპება

  • კიდურის ან სხეულის სილურჯე/მოლურჯო ფერი

  • ბუშტუკები სისხლნარევი სითხით

  • სისუსტე, ძილიანობა

  • თავბრუსხვევა, გულისრევა

  • ტაქიკარდია, ქოშინი, ცხელება

  • სუნთქვის დაქვეითება ან გულის უკმარისობა (რთულ შემთხვევაში)

როგორ უნდა მოვემზადოთ ასეთ შემთხვევაში, როგორ მოვიქცეთ და რა სიმპტომები ახასიათებს ნაკბენს – ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თეიმურაზ კობიძე “რუსთავი 2-თან” საუბრობს.

– რა დროს არის საშიშროება, რომ გველმა ადამიანს უკბინოს და რა უნდა გავითვალისწინოთ პროფილაქტიკის მიზნით?

  საქართველოში მიმდინარეობს უხმაურო, მაგრამ სასტიკი ომი – ონკოლოგიური დაავადებების ომი

როგორც წესი, გველები ადამიანს თავს არ ესხმიან. ისინი იკბინებიან თავდაცვის მიზნით, როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს ან შემთხვევით მოჰკიდებს ხელს ბალახში, თივაში, ბუჩქებში ან მოკვლას უპირებს მას. ამიტომ, პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალი ჩექმა, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახებში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან და სხვა ადგილებში.

– შეგვიძლია თუ არა განვასხვაოთ, გველი შხამიანი იყო თუ არა? 

არჩევენ შხამიან და უშხამო გველებს. შხამიან გველებში შხამი გამომუშავდება და ინახება სპეციალურ ალვეოლარულ-მილაკოვან ჯირკვლებში. კბენის დროს შხამი გამოდის ჯირკვლების სადინარებიდან და გადადის კბილების არხებში. ეს კბილები (ანუ ეშვები) 1-1.5 სმ სიგრძისაა და მოძრავია. გველის დახურულ პირში კბილები ჰორიზონტალურადაა. პირის გაღების და/ან კბენის დროს კი ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადიან. კბენის შემდეგ სხეულზე რჩება 2 წერტილოვანი ჭრილობა და ამიტომ, მოსახლეობაში გავრცელებულია აზრი, რომ შხამიან გველს ორი კბილი აქვს. სინამდვილეში კი ეს ორი წერტილი არის მხოლოდ 2 ეშვის კვალი.

– რა სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს პირველივე წუთებში? თუ ახასიათებს ძლიერი ტკივილი, შეშუპება?

გველის შხამით მოწამვლისას სიმპტომების გამოვლენის სისწრაფე, მოწამვლის სიმძიმე დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, სხეულის მასაზე, თანმხლებ დაავადებებზე, გველის სიგრძეზე (კბენისას გამოყოფილი შხამის რაოდენობაზე) და სხვ.

რაც უფრო მაღალია გარემოს ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად ვითარდება ინტოქსიკაცია და უფრო მძლავრად არის გამოხატული სიმპტომები. გველების კბენის ადგილას მაშინვე ვითარდება ტკივილი, რამდენიმე წუთის შემდეგ ტკივილი ძლიერდება და აუტანელი ხდება. კბენიდან უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ ვითარდება მთელი კიდურის ჰემორაგიული შეშუპება. შეშუპება ზოგჯერ სხეულზეც გადადის. კიდურისა და სხეულის კანი მოლურჯო ან რუხ ფერს იღებს.

კბენის ადგილის ირგვლივ წარმოიქმნება ბუშტუკები, სეროზული ან სისხლიანი შიგთავსით და ჰემორაგიები. ეს ნელ-ნელა გავრცელდება მთელ კიდურსა და სხეულზე. მოწამვლის ზოგადი გამოვლენებაა: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულის წასვლა. ზოგჯერ ჭარბობს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების სიმპტომები. ვითარდება გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ცხელება, შემდეგ კი შემცივნება, ცივი ოფლი, ტაქიკარდია, ქოშინი, ციანოზი, პირის სიმშრალე და სიმწარის შეგრძნება, იშვიათად – ქუთუთოების პტოზი, მხედველობის შესუსტება, სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, თვალების “ჭრა”. კოლაპტოიდური მდგომარეობა, სუნთქვის დათრგუნვა, გულის უკმარისობა, რასაც მძიმე შემთხვევებში სიკვდილი მოსდევს.

  ძუძუთი კვება – საკმარისია, არ დაიჯერო რეკლამა

– რა პირველადი დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ადამიანს, თუ ის გველმა დაკბინა? როგორია პირველი დახმარება საველე პირობებში? 

რა უნდა გააკეთოთ: 

1. დააწვინეთ დაშავებული და შეძლებისდაგვარად დაამშვიდეთ.

2. ჩამობანეთ ნაკბენი ადგილი წყლით, თუ გაქვთ, საპნითაც.

3. ნაკბენ ადგილზე ხელით აიღეთ კანი ფართოდ, გააკეთეთ “ნაოჭი”, ისე, რომ კბილების კვალი – ორი ნაჩხვლეტი მოექცეს მაღლა და ხელის მოძრაობით “გამოწველეთ”. ჭრილობა პირს დააღებს და გამოვა სისხლნარევი სითხე – ლიმფა.  “გამოწველვა” განსაკუთრებით ეფექტურია კბენიდან პირველ 10-15 წუთის განმავლობაში.

4. უთხარით ავადმყოფს, რომ თავი შეიკავოს ზედმეტი მოძრაობებისაგან  (შხამი ვრცელდება ლიმფით, კუნთების შეკუმშვა კი დააჩქარებს ლიმფის მოძრაობას და შხამის გავრცელებას.)

5. დარეკეთ 112, აუხსენით რაც მოხდა.

6. დაზუსტებით გადაეცით თქვენი ადგილსამყოფელი, თუ არის რაიმე ორიენტირი.

7. შეკითხვებზე უპასუხეთ კონკრეტულად და მკაფიოდ.

8. არ გათიშოთ 112-თან საუბარი პირველმა, შეიძლება დისპეტჩერს კიდევ ჰქონდეს შეკითხვა. ან დაადგინოს თქვენი ადგილსამყოფელი.

9. თუ გაქვთ, წაუსვით  ნაკბენი ადგილზე სპირტში ან არაყში დასველებული ნაჭერი

10. დაუფიქსირეთ ავადმყოფს ნაკბენი ადგილი არტაშანის მსგავსი სახელდახელო საშუალებით, (ხის ტოტები, ღობის ფიცარი და სხვ) ორი უახლოესი სახსრის ჩათვლით.

11. მიეცით დასალევად შეძლებისდაგვარად ბევრი სითხე – წყალი.

12.  რაც  შეიძლება სწრაფად მიიყვანეთ ავადმყოფი უახლოეს საავადმყოფოში.

13. გახსოვდეთ: გველების მიერ დაკბენილი ყველა ადამიანი, როგორც შხამიანი, ასევე უშხამო გველის მიერ დაკბენილი ყველა ადამიანი, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ საავადმყოფოში.

14. უშხამო გველის მიერ დაკბენილი რატომ უნდა მოვიყვანოთ საავადმყოფოში, გველი ხომ უშხამო იყო?

– უშხამო გველის მიერ დაკბენილ ადამიანს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს გარკვეული გამოკვლევები, პირველი დახმარება და გაუკეთდეს ტეტანუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ანუ აიცრას ტეტანუსზე. რატომ? გველები იკვებებიან მღრღნელებით. მღრღნელები კი ტეტანუსის ენდემური კბენაა. მსოფლიო ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევა, როდესაც 19 წლის ბიჭი გადაურჩა კობრას ნაკბენს, მაგრამ მოკვდა ტეტანუსით (აცრა დაგვიანდა).

  რას ნიშნავს ეს ნიშანი სინამდვილეში? ნამდვილად იცავს თუ არა თქვენს ჯანმრთელობას? რატომ არის GMP (Good Manufacturing Practice) გაცილებით ძლიერი გარანტია?

არის რაიმე, რაც გველის კბენის შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს? 

1. არ გააკეთოთ კანის გრძელი “ლამპასისებური” განაკვეთები.

2. არ გააკეთოთ ჯვარედინი განაკვეთი

3. არ გააკეთოთ წრიული განაკვეთი, “არ ამოჭრათ”  ნაკბენი ადგილი

4. არ ამოწოვოთ ჭრილობიდან შხამი პირით (პირით ამოწოვის საშუალებით გამოდის შხამის მხოლოდ 20-30 %, სამაგიეროდ საფრთხე ექმნება იმას, ვინც ამას აკეთებს).

5. არ დაადოთ კიდურზე ლახტი, კიდურზე არ გადაუჭიროთ ქამარი, თოკი, მავთული და სხვა.

6. არ ამოწვათ ნაკბენი ჭრილობა.

7. არ დაალევინოთ ავადმყოფს ალკოჰოლური სასმელი.

8. არ გაუკეთოთ ნაკბენ ადგილზე დამჟანგველები (კალიუმის პერმანგანატი და სხვ).

🔍 დასკვნა – სიფრთხილე გადაარჩენს სიცოცხლეს

გველის ნაკბენის პრევენცია ბევრად იოლია, ვიდრე მკურნალობა. ზაფხულის პერიოდში ბუნებაში გასვლისას გაითვალისწინეთ:

  • პრევენცია (ჩექმა, ჯოხი, სიფრთხილე)

  • სიმპტომების ადრეული ამოცნობა

  • სწრაფი და სწორი პირველადი დახმარება

  • კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია ყველანაირი ნაკბენის შემდეგ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights