ვაგინალურ სისხლდენად მიიჩნევა საშოდან ნებისმიერი სისხლიანი გამონადენი, რომელიც არ არის დაკავშირებული ნორმალურ მენსტრუალურ ციკლთან.
გამონადენი შეიძლება იყოს წვეთოვანიც (ე.წ. სფოთინგი), ზომიერიც და ჭარბიც.
ვაგინალური სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს გინეკოლოგიური პრობლემა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემა ან რომელიმე მედიკამენტი, გინეკოლოგიურ პრობლემათაგან ყველაზე ხშირად – საშვილოსნოს მიომა, პოლიპი, ადენომიოზი, საშვილოსნოს სიმსივნური წარმონაქმნი და ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია.
სისხლდენა ნორმის ფარგლებს სცდება და, ამდენად, საყურადღებოა, თუ:
* მენსტრუაციებს შორის იჩენს თავს. შესაძლოა, სისხლდენა უხვი არც იყოს და თეთრეულზე მხოლოდ ბაც ვარდისფერ ლაქებს ტოვებდეს;
* ვითარდება სქესობრივი კონტაქტის შემდეგ;
* მენსტრუაციის დროს მეტისმეტად უხვი და ხანგრძლივია. თუ სისხლდენამ, თუნდაც მენსტრუაციულმა, 7 დღეს გადააჭარბა, მას მენორაგიას უწოდებენ. ამ დროს ქალს საათში ერთხელ მაინც უხდება საფენის ან ტამპონის გამოცვლა;
* სისხლდენა მენოპაუზის შემდეგაც გრძელდება.
ქალის სიცოცხლის ზოგიერთ ეტაპზე ციკლის დარღვევა საგანგაშო არ არის, თანაც, მალევე უბრუნდება ნორმას. მაგალითად, სქესობრივი მომწიფების ასაკში, პირველი მენსტრუაციიდან – მენარქედან რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში, თვიური შესაძლოა, არარეგულარული იყოს, სისხლიანი გამონადენი კი – ზომაზე მეტად უხვი ან მცირე. მსგავსი უცნაურობანი შესაძლოა, მენოპაუზის პერიოდშიც გაგრძელდეს: ციკლი მოკლდება, არარეგულარული ხდება, სისხლდენა ძლიერდება ან სუსტდება. ამგვარი ცვლილებები დროებითია და მკურნალობას არ საჭიროებს.
ფიზიოლოგიური კლიმაქსი 43-45 წლიდან იწყება და სხვადასხვანაირად ვლინდება. ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს – მენსტრუაცია წყდება და ყველაფერი ამით მთავრდება; ზოგჯერ ვითარდება ოლიგომენორეა – აირევა მენსტრუალური ციკლი, ანუ ხდება მენსტრუაციის გადაცილება 2, 3, 6 თვეში ერთხელ, შემდეგ ციკლი წყდება და კლიმაქსური პერიოდი ამით სრულდება.
მაგრამ არის უფრო რთული შემთხვევებიც, როდესაც ამ ყველაფერს ვაზომოტორული გამოვლინებები ერთვის: ალები, წამოხურება, რაც ძალზე შემაწუხებელია. მეტად მნიშვნელოვანია, რამდენად ხშირად შეინიშნება ეს მოვლენა. შესაძლოა, ქალი წამოხურებას და ალებს დღეში 1-2-ჯერ გრძნობდეს; არის შემთხვევები, როდესაც ძლიერ ხშირად უჩივის.
ნაადრევი კლიმაქსი შეიძლება 20-25 წლის ასაკშიც კი დაიწყოს. ის ციკლის დარღვევით გამოვლინდება. ციკლის გაქრობაც კია მოსალოდნელი. მიზეზი სხვადასხვა რამ არის, უმეტესად – ჰორმონული დარღვევები, რასაც, თავის მხრივ, ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუს-საკვერცხეების ფუნქციაში მომხდარი ცვლილებები იწვევს.
იწყება იმით, რომ ახალგაზრდა ქალს უწყდება მენსტრუალური ციკლი, რითაც გადაგვარდება რეპროდუქციული ფუნქცია, ხდება საკვერცხეების ნაადრევი განლევა. ამ დროს ძალზე სერიოზული გამოკვლევებია ჩასატარებელი, რათა გამოვავლინოთ, საიდან იღებს სათავეს დარღვევა და მკურნალობაც სწორად წავრმართოთ. ამ შემთხვევაში აუცილებლად დაგვჭირდება ჩანაცვლებითი თერაპია. როგორი სქემით, ეს მიზეზზეა დამოკიდებული.
კლიმაქსური პერიოდის ხანგრძლივობა ძალზე ვარიაბელურია. ზოგს ის მთელი ცხოვრება უგრძელდება. მე თვითონ მყოლია 75 წლის პაციენტი კლიმაქსური სინდრომით. ზოგს ძალიან სწრაფად გაუვლის, 1-2- წელიწადში უგვარდება ყოველგვარი პრობლემა. ისიც შესაძლოა, ქალს თავიდან არაფერი აწუხებდეს და მოგვიანებით გაუჩნდეს კლიმაქსით გამოწვეული დისკომფორტი. ეს ყველაფერი მეტად ინდივიდუალურია და მიდგომაც ინდივიდუალური, სპეციფიკური სჭირდება.
კლიმაქსურ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ძვლების მდგომარეობას, რადგან იქმნება ოსტეოპოროზის განვითარების საფრთხე. ეს დაავადება მსოფლიო ჯანდაცვის მეტად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს – ქალების 18%-ს აქვს ოსტეოპოროზი, ხოლო 50%-ს – ოსტეოპენია.
ოსტეოპოროზს მდუმარე ეპიდემიას უწოდებენ, რადგან ძვლოვანი მასის დაკარგვა თანდათანობით მიმდინარეობს და ხშირად მხოლოდ მოტეხილობის შემდეგ დიაგნოსტირდება. კლიმაქსურ პერიოდში აუცილებელია სისხლის გამოკვლევა ელექტროლიტებზე, დენსიტომეტრიის ჩატარება, რათა ოსტეოპოროზის განვითარება არ გამოგვეპაროს.
დენსიტომეტრია ნაჩვენებია მენოპაუზის დადგომიდან პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით – საკვერცხეების ოპერაციის (ამოკვეთის) შემდეგ. ეს იმდენად პოპულარული და ფართოდ გაშუქებული თემაა, რომ მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა მის შესახებ, ასე თუ ისე, იცის, თუმცა სასურველია, ინფორმაცია მოსახლეობის ყველა ფენამდე მივიდეს – რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას, რაც უფრო ადრე შევავსებთ ნაკლოვანებას, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი.
ამ დროს ჩანაცველებით თერაპიასთან ერთად აუცილებელია კალციუმის შემცველი პრეპარატების მიღებაც. პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, საკვებთან ერთად ყოველდღიურად მივიღოთ 1,5 გრამი კალციუმი, რომელსაც ყველაზე მეტად შეიცავს ნატურალური რძის პროდუქტები. სასურველია, ქალმა რაც შეიძლება მეტი ხანი დაყოს სუფთა ჰაერზე, რათა კანმა მიიღოს მზის სხივების აბაზანა. საჭიროა ბევრი, მაგრამ ფრთხილი მოძრაობა.
ოსტეოპოროზის დროს ინიშნება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, კალციტონინები, ბიფოსფონატები, ფთორიდები და ვიტამინ D3-ის აქტიური მეტაბოლიტები. ქალბატონებს ვურჩევთ, მიიღონ კალციუმის შემცველი პროდუქტები. განსაკუთრებით საზიანოა დიეტა, რაციონიდან რძის პროდუქტების ამოღება.
უნდა მიირთვათ ყველაფერი, ოღონდ ზომიერად. ძალზე სასარგებლოა კალციუმის შემცველი პროდუქტისა და სამკურნალო საშუალების მიღება ძილის წინ, რადგან ღამით ორგანიზმი უფრო მეტ კალციუმს კარგავს, ვიდრე დღისით.
ორგანიზმისთვის კალციუმის ძირითად წყაროს წარმოადგენს ნატურალური რძის პროდუქტები, მაგრამ ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ყველით. კალციუმის წყაროა ასევე ლობიო, შვრიის ბურღული, წიწიბურა, ოხრახუში და სოია, ხშირად ჩართეთ საკვებ რაციონში თევზი, რომელიც, გარდა კალციუმისა, შეიცავს ფოსფორსაც, ხოლო ზღვის კომბოსტოში დიდი რაოდენობით არის D ვიტამინი.
მძიმე ფორმის დროს სერიოზული მედიკამენტური ჩარევაა საჭირო. მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამ პრეპარატების დასახელება მედიის საშუალებებით, რადგან თვითმკურნალობამ შეიძლება უფრო მძიმე შედეგი გამოიღოს. ზემოთ აღწერილი ჩივილების დროს საჭიროა ექიმ გინეკოლოგის კონსულტაცია, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეარჩევს მკურნალობის სქემას, რადგან ყველა ადამიანს განსაკუთრებული, ინდივიდუალური, სპეციფიკური მიდგომა სჭირდება.
- რა გავლენა აქვს კლიმაქსურ სინდრომს მენტალურ ჯანმრთელობაზე?
მენოპაუზის დროს განვითარებული ჰორმონალური ცვლილებების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები როგორიცაა: შფოთვა, მოუსვენრობა, უძილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა და მრავალი სხვა.
ხშირად ეს სიმპტომები კლიმაქსური გარდაქმნების დასრულების შემდეგ თავისით ქრება, რიგ შემთხვევებში კი საჭიროებს ნევროლოგის ან ფსიქოლოგის ჩართულობას.
- მენოპაუზის დადგომის შემდეგ სისხლიანი გამონადენი რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს?
მენოპაუზის დროს სისხლიანი გამონადენის მიზეზი შეიძლება იყოს საშოს მექანიკური ტრავმა, საშვილოსნოს ყელის დაავადებები (მათ შორის საშვილოსნოს ყელის კიბო), საშვილოსნოს ყელისა და ტანის პოლიპები, საშვილოსნოს ლეიომიომა, საკვერცხეების სიმსივნეები, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზი, ენდომეტრიუმის კიბო, სარკომა და სხვა. ამიტომ ქალმა სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს, ჩაიტაროს კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, რის შემდეგაც განისაზღვრება მკურნალობის ტაქტი.