ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.
მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზანს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
„ეს ინიციატივა შემუშავდა საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციით, ვინაიდან მისი სურვილიც იყო, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს კანონით გარანტირებული მექანიზმები ჰქონოდა, მათ შორის, სოციალური დაცვის, დაზღვევის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ, კანონისმიერი გარანტიები იყოს შემუშავებული“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცვლილების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომლებზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისათვის, რომლებსაც ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგთან აქვს უშუალო შემხებლობა და მაღალი პასუხისმგებლობა გააჩნიათ, ეს ნამდვილად დამატებითი მოტივაცია იქნება.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ანტონ ობოლაშვილი და არჩილ გორდულაძე.
ამავე სხდომაზე კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ წარადგინა.
კომიტეტმა იმსჯელა ააიპ „ერი და სახელმწიფოს“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილ საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილ პეტიციაზე „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან“ საქართველოს გამოსვლის მოთხოვნის შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება პეტიციის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გადაგზავნის შესახებ მისი შემდგომი განხილვის მიზნით.