სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიარამწეველ ადამიანებში ფილტვის სიმსივნე გახშირდა - რა არის მიზეზი

არამწეველ ადამიანებში ფილტვის სიმსივნე გახშირდა – რა არის მიზეზი

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა პროპორციულად იკლებს, ფილტვის კიბო კვლავ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად რჩება. ის ყოველწლიურად თითქმის 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს.

ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ფილტვის კიბოს შემთხვევები იზრდება იმ ადამიანებში, რომლებიც მწეველები არასოდეს ყოფილან. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ არამწეველებში ფილტვის კიბოს გავრცელება შესაძლოა, ჰაერის დაბინძურებასთან და მისი ზიანის მატებასთან იყოს დაკავშირებული. ამ მხრივ, ყველაზე მძიმე ვითარება აღმოსავლეთ აზიაში ფიქსირდება.

კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა პროექტ GLOBOCAN-ის 2022 წლის ონკოლოგიური სტატისტიკური მონაცემები გააანალიზეს. ასევე, შეისწავლეს 1988-2017 წლებში აღრიცხული სიმსივნის შემთხვევებიც. დადგინდა, რომ ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპი ადენოკარცინომაა, რომელიც კაცებში სიმსივნური ავადობის 45.6%-ს, ხოლო ქალებში 59.7%-ს შეადგენს.

ადენოკარცინომა ჯირკვლოვან ქსოვილში ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს მოწევაც შეიძლება გახდეს, ეს დაავადება მწეველებში ყველაზე გავრცელებული მაინც არ არის. საინტერესოა, რომ ის არამწეველებში უფრო ხშირად გვხვდება.

წინა კვლევებთან შედარების შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფილტვის კიბოს შემთხვევები არამწეველებში აშკარა მატებით ხასიათდება. მათი აზრით, აუცილებელია, ამ პრობლემის გადაჭრას მეტი ყურადღება დაეთმოს, პარალელურად კი გაგრძელდეს ძალისხმევა როგორც მწეველთა რაოდენობის შემცირების, ასევე ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების პრევენციის მიმართულებით.

ეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მრავალი ქვეყნის მაგალითზე ჩანს, როგორ იკლებს თამბაქოს მოხმარება, თუმცა, პარალელურად, არამწეველებში ფილტვის კიბოს მაჩვენებელი იზრდება. დღეს მსოფლიოში ფილტვის კიბო არამწეველებში სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის მეხუთე წამყვანი მიზეზია. ის თითქმის ყოველთვის ადენოკარცინომის ფორმით ვლინდება და განსაკუთრებით ხშირად ქალებსა და აზიურ პოპულაციებში ფიქსირდება.

მკვლევართა ჯგუფი მიიჩნევს, რომ არამწეველებში ფილტვის კიბოს შემთხვევების მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა. ადრეული კვლევებიც ადასტურებს, რომ ადენოკარცინომასა და გარემოს დაბინძურებას შორის მჭიდრო კავშირია.

აღმოსავლეთ აზია, განსაკუთრებით კი ჩინეთი, კვლავ ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ რეგიონად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს მოხმარების კლებასთან ერთად მოწევასთან დაკავშირებული ფილტვის კიბოს შემთხვევებიც მცირდება, დაბინძურებასთან დაკავშირებული შემთხვევები პირიქით, იმატებს.

  პაკისტანში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ფილტვის კიბოს შესწავლა, მონაცემთა მუდმივი შეგროვება და ანალიზი მათ დაავადების გავრცელების მექანიზმების უკეთ შესწავლაში დაეხმარება. ასევე, საშუალებას მისცემს შეიმუშაონ შესაბამისი სტრატეგიები, რომლებიც სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლას გაამარტივებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights