სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიგრიპის ვირუსის ახალი ტალღა და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში

გრიპის ვირუსის ახალი ტალღა და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში

H1N1 და კოკსაკი – საქართველოში ახლა აქტიურად ეს ორი ვირუსი ცირკულირებს. ბოლო ერთ კვირაში შემთხვევები გაორმაგდა. ე.წ. ღორის გრიპისა და ენტეროვირუსის გართულებებით მიმართვიანობა გაზრდილია ბავშვთა კლინიკებში. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია

გრიპის ვირუსის სიმპტომებით ბავშვთა კლინიკებს თვითდინებით პაციენტები მაღალი ცხელებით მიმართავენ. მშობლები ჰყვებიან, რომ ტემპერატურის დაწევას სახლის პირობებში მედიკამენტებით ვერ ახერხებენ.

ექიმების თქმით, ბოლო ერთ კვირაში კლინიკებში მიმართვიანობა გაორმაგდა. სხვა სეზონურ ვირუსებთან ერთად ახლა საქართველოში ყველაზე აქტიურად H1N1, ანუ ე.წ. ღორის გრიპი ცირკულირებს. მაღალი ტემპერატურით, სასუნთქი გზების პრობლემებით, ბრონქიტით და გართულების შემთხვევაში პნევმონიით.

ციციშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ გარდა A ტიპის ვირუსისა, გავრცელებულია B ტიპის ვირუსებიც. ბავშვებში გახშირდა სხვა ინფექციური დაავადებებიც. განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას კოკსაკის ვირუსზე, რომელიც სწრაფი გავრცელებით ხასიათდება.

ვირუსების შემთხვევები მნიშვნელოვნად მზარდია ზრდასრულებშიც. გართულებებით კლინიკებს მეტწილად ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და ორსულები მიმართავენ.

სეზონური ვირუსების გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, ექიმები პიკს იანვრის შუა რიცხვებში ელოდებიან. პრევენციის მიზნით კი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

„ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა – ჭარბობს კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია“,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, დღეს საქართველოში, დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25%-ს შეადგენს.

„44-ე კვირიდან ფიქსირდება საქართველოში გრიპის შემთხვევები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეს მონაცემები აღმავალ მრუდზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატება შემდეგ კვირებშიც გაგრძელდება. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ იანვარი იქნება გამორჩეული, პიკის მოლოდინი დეკემბერ-იანვრის პერიოდში გვაქვს. ეს სტატისტიკა ექვემდებარება ანალიზს.

ბოლო 2 კვირაში, 49-ე კვირას, გრიპის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი 12% იყო, 50-ე კვირას, დეკემბერში 2-ჯერ მეტი გვაქვს. დღეს საქართველოში, გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25% არის. დომინანტურია ახლა ქვეყანაში გრიპი.

  კიბოს ვაქცინები უკვე რეალურია – მეცნიერება ახალ ეპოქაში შედის!

თუ წინა კვირებში ძირითადად „ა“ ტიპის ვირუსი გვქონდა, ახლა გამოჩნდა „ბე“ ტიპის ვირუსი. 25%-დან 2% არის „ბე“ ტიპის. ყველაზე მეტი მაინც არის H1N1, კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“. ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება H1N1 ვირუსიდან გამომდინარე. ბოლო 2 კვირაში გრიპის მაჩვენებლები გაორმაგდა, ალბათ გარკვეულ როლს ამინდის ცვლილებაც თამაშობს. გვაქვს მოლოდინი, რომ 51-ე კვირა უფრო აქტიური იქნება.

ჩვენს კლინიკაში, ახლა ყველაზე ბევრი პაციენტი წევს რესპირაციული ვირუსით. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გრიპის ვირუსია. შემთხვევათა 30-40%-ში ვითარდება ფილტვების ანთება. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights