საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე – აღნიშნულ საკითხზე sheniekimi.ge კლინიკა “ვივამედის” გინეკოლოგიისა და ონკოგინეკოლოგიის დაეპარტამენტის ხელმძღვანელ ნინო ჩერქეზიშვილის სტატიას გთავაზობთ:
“საკვერცხის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის კარცინომას სიხშირით პირველი ადგილი უკავია. ამ დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს ნებისმიერ ასაკში, ბავშვობაშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად კლიმაქსისწინა და კლიმაქსურ პერიოდში ვითარდება.
განასხვავებენ საკვერცხის კიბოს პირველად, მეორეულ და მეტასტაზურ ფორმებს.
საკვერცხის პირველადი კიბო, წესისამებრ, ორმხრივია. წარმონაქმნი ხორკლიანი და მკვრივია, იშვიათად აღწევს დიდ ზომას. სტრუქტურა ჯირკვლოვანი აქვს, თუმცა შეიმჩნევა მკვრივი ეპითელური კერებიც. საკვერცხის პირველადი კიბო ყველაზე ხშირად 30 წლამდე ასაკში გვხვდება.
საკვერცხის მეორეული კიბო უმეტესად საკვერცხის კისტის საფუძველზე წარმოიქმნება. ეს კეთილთვისებიანი კისტოზური სიმსივნეები სხვადასხვა ზომისაა (გიგანტურიც კი გვხვდება) და სავსეა ან გამჭვირვალე სითხით (სეროზული კისტომა), ან ლორწოთი (ფსევდომუცინოზური კისტომა), ან საგოზავისმაგვარი ნივთიერებით (ტერატოიდული კისტომა). ყველაზე ხშირად ავთვისებიან გადაგვარებას განიცდის სეროზული კისტომები – პაპილომური წანაზარდები, რომლებიც გარეგნულად ყვავილოვან კომბოსტოს წააგავს და ნაწილობრივ ავსებს კისტის ღრუს. სეროზული კიბო უმეტესად 40-60 წლის ქალებს შორის გვხვდება, მუცინოზური კი 60 წელს გადაცილებულებს შორის.
საკვერცხის მეტასტაზური კარცინომა შესაძლოა განვითარდეს კიბოთი დაზიანებული ნებისმიერი ორგანოდან, თუმცა ყველაზე ხშირად კუჭის კარცინომიდან იღებს სათავეს. სიმსივნური უჯრედები საკვერცხეებში აღწევენ სისხლის ნაკადის მეშვეობით ან ლიმფური გზით (კრუკენბერგის სიმსივნე). საკვერცხის მეტასტაზურ კიბოს სწრაფი ზრდა და ავთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. უმეტესად ორივე საკვერცხე ზიანდება. სიმსივნე მალევე გადადის მცირე მენჯის ღრუში და მრავალრიცხოვან ხორკლოვან სიმსივნურ კვანძს წარმოქმნის.
ავთვისებიანი სიმსივნის განსაკუთრებული ფორმაა ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომა, რომელიც გარეგნულადაც და გავრცელებითაც ძალიან ჰგავს კიბოს, მაგრამ შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. ეს სიმსივნეც შედგება მრავალრიცხოვანი პაპილარული წანაზარდების მქონე კისტოზური წარმონაქმნისგან, რომლებიც საკვერცხეებში ჩაიზრდება. იგი ვრცელდება მუცლის ფარის სეროზულ საფარზე, ცალკეული მეტასტაზური კვანძების სახით აზიანებს ბადექონსა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებს და იწვევს ასციტს.
საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის მეტად იშვიათ ფორმას წარმოადგენს გრანულოზურუჯრედული კიბო, ადენობლასტომა, ბრენერის ავთვისებიანი სიმსივნე, სტრომული სიმსივნე (საკვერცხის გრანულები ჩნდება ახალგაზრდა ასაკში და ახასიათებს აგრესიული მიმდინარეობა), დისჰერმინომა (ახასიათებს სწრაფი ზრდა, მეტასტაზირდება მუცლის გარეთა ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, სხვა ორგანოებში, მიმდინარეობს მენსტრუალური ციკლის მოშლით), ტერატოკარცინომა და სხვა.
მიმდინარეობა და სიმპტომები. საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე უმეტესად ადრეულ სტადიაშივე ვლინდება. მცირე ზომის მოძრავი სიმსივნის შემთხვევაში ავადმყოფი არაფერს უჩივის. მენსტრუალური ციკლი ორივე საკვერცხის დაზიანების შემთხვევაშიც კი არ ირღვევა და დაავადებას შემთხვევით აღმოაჩენენ. როცა სიმსივნე დიდ ზომას აღწევს და მეზობელ ორგანოებზე ზეწოლას იწყებს, მუცლის ქვედა ნაწილში ჩნდება სისავსისა და ზეწოლის შეგრძნება, ვითარდება შეკრულობა, ჭირს შარდის გამოყოფა, თავს იჩენს ტკივილი. სიმსივნური წარმონაქმნის მენჯის ვენებზე ზეწოლის შემთხვევაში ფეხები შუპდება, ვითარდება თრომბოზი.
საკვერცხეების კარცინომის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა მისი ფეხზე შემოგრეხა, რომელიც იწვევს მწვავე მუცლის სურათს (მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გულისცემის გახშირება, ზოგჯერ – კოლაფსი). თუ სიმსივნე კისტოზური ბუნებისაა, მისი შიგთავსი იღვრება მუცლის ღრუში, რაც კისტის დაჩირქების შემთხვევაში იწვევს პერიტონიტს. ფსევდომუცინოზური კისტის გაგლეჯას შესაძლოა მოჰყვეს მრავალი ლორწოიანი კისტის წარმოქმნა, რომლებიც მთელ მუცლის ღრუს აზიანებენ, ხოლო ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომის გახევა იწვევს პროცესის დისემინაციას მთელ მუცლის ფარზე.
ავთვისებიან ეპითელურ სიმსივნეს ორი სახის სასქესო ჰორმონის გამოყოფა შეუძლია. ერთი მათგანი გრანულურუჯრედოვანი სიმსივნეა, რომელიც იწვევს ფემინიზაციას (გოგონებში – ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, მენოპაუზის ასაკშის ქალებში – სისხლდენის განახლებას). მეორე სახის სიმსივნეა ადენობლასტომა, რომელიც, პირველისგან განსხვავებით, იწვევს ქალებში მუსკულატურის განვითარებას, წვერის ზრდას, ფიგურის შეცვლას, სარძევე ჯირკვ ლების შეჭმუხვნას, მენსტრუაციის შეწყვეტას. ამ ჰორმონულად აქტიური სიმსივნეების ამოკვეთის შემდეგ ქალს ადრინდელი გარეგნობა უბრუნდება.
მეტასტაზირება. საკვერცხეების კარცინომა მეტასტაზირებას განიცდის მუცლის ღრუში, ზოგჯერ – მუცლის ღრუს გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებში. შესაძლოა, განვითარდეს მეტასტაზური ასციტი და პლევრიტი. შედარებით იშვიათად მეტასტაზები ჩნდება ღვიძლში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში. საკვერცხეების კიბოს რეციდივი ხშირად ლოკალიზდება მცირე მენჯის ღრუს მიდამოში. მუცლის გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებსა და ფილტვებში მეტასტაზების განვითარება ოპერაციიდან მრავალი წლის შემდეგაც არის შესაძლებელი.
დიაგნოსტირება-საკვერცხეების კიბოს ადრეულ სტადიაში ამოცნობა ძნელია. ოპერაციის დროსაც კი მისი ავთვისებიანობის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება. უნდა ითქვას, რომ საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეების 20% ავთვისებიან ელემენტებს შეიცავს. გასინჯვის დროს საკვერცხის კარცინომაზე ეჭვის მიტანის საბაბს იძლევა შემდეგი ნიშნები: სიმსივნის მკვრივი კონსისტენცია, ხორკლიანი, კვანძოვანი ზედაპირი, ორმხრივი დაზიანება, სწრაფი ზრდა, მცირე მენჯის ღრუსში მეტასტაზური კვანძების არსებობა, ასციტი. გასინჯვის მონაცემებს ადასტურებს ულტრაბგერითი ტომოგრაფია. დაავადების შედარებით გვიანდელ სტადიაში ინფორმაციულია ლაპაროსკოპია, მორფოლოგიური ანალიზისთვის საჭირო მასალის ბიოფსია და ექსუდატის ციტოლოგიური გამოკვლევა.
დიაგნოზის დასადგენად და პროცესის დინამიკაში დაკვირვების მიზნით კარგია სიმსივნის მარკერის (A-ფეტოპროტეინი, ქორიონული გონადოტროპინი), ესტროგენებისა და ანდროგენების განსაზღვრა.
ვინაიდან საკვერცხეების კიბოს შესაძლოა მეტასტაზური ბუნება ჰქონდეს, სხვა ორგანოს პირველადი კიბოს გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს პაციენტის სრული გამოკვლევა (პირველ რიგში – კუჭის რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევა და სარძევე ჯირკვლების სრულფასოვანი შემოწმება).
მკურნალობა. საკვერცხეების კიბოს მკურნალობა ქირურგიულია. დაავადების ლოკალიზებული ფორმების შემთხვევაში საშვილოსნოსა და მის დანამატებს ამოკვეთენ და ატარებენ ბადექონის რეზექციას. ვინაიდან ქირურგიული ჩარევის დროს საკვერცხის სიმსივნის ხასიათის განსაზღვრა ყოველთვის ვერ ხერხდება, ოპერაციის მსვლელობის პარალელურად რეკომენდებულია სასწრაფო ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარება, რომელიც ქირურგს ოპერაციის მასშტაბის განსაზღვრაში დაეხმარება.
საკვერცხის კიბოს დისემინირებული ფორმის შემთხვევაში მიმართავენ პალიატიურ ოპერაციას, რომლის მიზანიც ქიმიოთერაპიის წინ სიმსივნის მოცულობის შემცირებაა.
შედეგიანია საკვერცხის გავრცობილი კარცინომის მკურნალობა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებით. ქიმიოთერაპია, რომელიც საკვერცხის ლოკალიზებული კიბოს დროს მკურნალობის შედეგებს აუმჯობესებს, გავრცობილი სიმსივნეების შემთხვევაში მკურნალობის წამყვან მეთოდს წარმოადგენს. ქიმიოთერაპია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოპერაციის წინა პერიოდში. თუ ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის ფონზე დაავადების კლინიკური გამოვლინება შეწყდა, ტარდება ლაპაროსკოპიული კვლევა, ხოლო სრული რემისიის მიღწევისა და ქიმიოთერაპიის თორმეტთვიანი კურსის შემდეგ დაისმის მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.
საკვერცხეების კიბოს ზოგიერთი ფორმის (პაპილარული ცისტადენომის) დროს ქიმიოთრეპიასთან ერთად მიმართავენ სხივურ თერაპიას, რომლის ეფექტიანობაც სიმსივნური წარმონაქმნის რადიომგრძნობელობაზეა დამოკიდებული.”
#drpkhakadze #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები