ექიმმა-ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავა “პალიტრანიუსის” ეთერში მიმდინარე დაავადებებზე ისაუბრა და მოსახლეობას რეკომენდაციები გაუზიარა:
„წლევანდელი წელი გამორჩეულია იმით, რომ რესპირაციული ინფექციების, განსაკუთრებით გრიპის, სეზონი ცოტა გახანგრძლივდა.
ამჟამად სხვა რესპირაციული ინფექციები გვაქვს, რომელთა სიმპტომებიც მსგავსია, ახასიათებს ხველა, ყელის ტკივილი, ტემპერატურის მატება. მიმდინარეობა მსუბუქია და პაციენტებს სახლში მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა სჭირდებათ.
ქრონიკული და ფონური დაავადებების მქონე ბავშვებში აუცილებელია, რომ სიმპტომების შემთხვევაში ექიმს მივმართოთ. წელს ყივანახველის საკმაოდ ბევრი შემთხვევა გვაქვს. ასევე, სხვა ე.წ. ბატონების გამომწვევი ვირუსების საკმაოდ მაღალი გავრცელებაა. პირველ რიგში, გეგმიური ვაქცინაციაა პრევენცია. მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ ბავშვებს კალენდარული ვაქცინაცია ჩავუტაროთ, რადგანაც ამ გზით ვაქცინით კონტროლირებადი დაავადებების პრევენციას ხელს შევუწყობთ.
აგვისტო-სექტემბერი მნიშვნელოვანი თვეებია, როდესაც ნაწლავური ინფექციების რაოდენობა იზრდება. წელსაც მოიმატებს. ნაწლავური ინფექციების გავრცელებს ხელს უწყობს ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფა. ამიტომ, ხელები დავიბანოთ ან სხვადასხვა ანტისეპტიკური საშუალებით დავიმუშაოთ და ასე მივირთვათ საკვები. მალფუჭებადი პროდუქტების არასწორად გამოყენებამ შესაძლოა, საკვებისმიერი ინტოქსიკაცია და ნაწლავური ინფექციები გამოიწვიოს. ამიტომ, საკვები შესაბამის პირობებში შევინახოთ. ასევე, თუ გვაქვს სიმპტომები, ხალხმრავალ ადგილებს მოვერიდოთ.“
მასალის გამოყენების პირობები