ექიმების განცხადებით, ვირუსებმა სეზონურობის სტატუსი დაკარგა და გასულ წლებთან შედარებით, 2 თვით გახანგრძლივდა. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, გრიპის ვირუსი სხვა ტიპის, ორმა ვირუსმა ჩაანაცვლა. ასევე მცირედით ცირკულირებს კოვიდის ომიკრონის შტამი. გაზრდილია ყივანახველას შემთხვევებიც. ჩხაიძე განმარტავს, რომ ვირუსებს მსუბუქი მიმდინარეობს აქვს და კლინიკაში მკურნალობას არ საჭიროებს.
„გრიპის ვირუსი ივნისის ბოლომდე ფიქსირდებოდა, რაც მართლაც უნიკალური მოვლენაა. ასეთი გახანგრძლივებული გრიპის სეზონი არ ყოფილა. ბოლო ორი კვირაა, გრიპი ქვეყანაში უკვე აღარ ფიქსირდება. ის ვირუსი, რომელმაც გრიპის ვირუსი ჩაანაცვლა, არის მეტაპნევმოვირუსი. ვირუსული პეიზაჟი სწორედ ამ ვირუსის და რინოვირუსის სიჭარბითაა. კორონავირუსის შემთხვევები ისევ ფიქსირდება. მცირე რაოდენობით, 2-3 %-ს არ აღემატება, მაგრამ ქვეყანაში კორონავირუსი ისევ ცირკულირებს. თუ ვთქვით, რომ გრიპის სეზონი დამთავრდა, კორონავირუსის შემთხვევები ჯერ კიდევ მაინც რჩება მცირე, მაგრამ გარკვეული რაოდენობით. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომელი ვარიანტი ცირკულირებს ახლა ქვეყანაში. ბოლო რამდენიმე წელია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „ომიკრონი”, რომელსაც ისეთივე მიმდინარეობა ახასიათებს, როგორც მეტაპნევმოვირუსს, რინოვირუსს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით, რთული გასარჩევია, ეს არის კორონავირუსი , თუ სხვა ტიპის ვირუსი. მიმდინარეობა უმეტესად საშუალო სიმძიმის და მსუბუქია, ჰოსპიტალიზაციის, გართულებით მიმდინარე შემთხვევები ძალიან იშვიათია. ძირითადად, დამახასიათებელია ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, მსუბუქი ყელის ტკივილი, იშვიათი ხველა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები