რა ნიშნებით ვლინდება ვენური დაავადებები, რა იწვევს მათ განვითარებას, ვინ არიან რისკ ჯგუფებში?
საუბრობს გადაცემაში „იმუნიტეტი“ ანგიოლოგი, ანგიოქირურგი გიგი ბრეგაძე
„ორგანოს ცხოველქმედებისთვის საკვები და ჟანგბადი სჭირდება. “ვიღაცას” უნდა მოჰქონდეს და პირიქით, მიჰქონდეს. გული ე.წ. პომპა, ძრავაა, რომელიც სისხლძარღვების საშუალებით ორგანოებს სისხლს აწვდის. იქ მისული სისხლი ვენური სისტემით ბრუნდება. ეს ცირკულაციაა. ვენური სისტემის ამოცანაა, სისხლი გულში დააბრუნოს. მაშინაც კი, როცა ვდგავართ. როდესაც პერიფერიული პომპა არ გვაქვს, ქვევიდან არანაირი წნევა არ იქმნება, რომ სისხლი გულისაკენ გადაჭირხნოს. ამ დროს ძალიან ფაქიზი მექანიზმია ჩართული, რომ გრავიტაცია გადალახოს. ზუსტად ამ მექანიზმების მოშლამ შეიძლება, კიდურებში ვენური სისხლის შეგუბება გამოიწვიოს.
პაციენტები ამბობენ, რომ აქვთ ქვედა კიდურებში სიმძიმის, შეშუპების, გადაჭიმვის შეგრძნება, გრძნობენ, თითქოს, გირები ჰკიდიათ. ასევე, გამოხატულია გაგანიერებული კანქვეშა ვენები.
ვენური დაავადების ძირითადი მიზეზი ზედაპირული ვენური სისტემაა. ანატომიაში ღრმა ვენური სისტემა და ზედაპირული ვენური სისტემა არსებობს. ძირითადი ღრმა ვენური სისტემა გახლავთ, სადაც დარღვევები იშვიათად ხდება. თუმცა, მათი დაზიანება გაცილებით უფრო რთულად სამკურნალოა. ზედაპირულ ვენურ სისტემაში პატარა ხარვეზიც კი შეიძლება, მთელი სისტემის პრობლემა გახდეს.“