სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმირა ნიშნებით ვლინდება პრემენსტრუალური სინდრომი და როგორ ვუმკურნალოთ

რა ნიშნებით ვლინდება პრემენსტრუალური სინდრომი და როგორ ვუმკურნალოთ

რა არის პრემენსტრუალური სინდრომი, რა სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ ვუმკურნალოთ?

ექიმი-რეპროდუქტოლოგიმანანამგალობლიშვილისოციალურ ქსელში საკუთარგვერდზე საუბრობს:

„ყოველი მენსტრუაციის დროს ხასიათი თუ გეცვლებათ, ხდებით უფრო გაღიზიანებული, დეპრესიული და მგრძნობიარე მცირე სტრესზეც, გაქვთ გაძლიერებული მადა, მუცლის შებერილობა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და თუ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე სიმპტომი თითქმის ყოველი მენსტრუაციის წინ მეორდება, ხოლო მენსტრუაციის დაწყებისთანავე თავისით ქრება, პრემენსტრუალური სინდრომი გაქვთ.

მენსტრუალურ ციკლს საკვერცხეების ჰორმონების ციკლური გამოყოფა განაპირობებს, რაც ჩვეულებრივ კავშირშია ნერვულ სისტემასთან. კერძოდ, იმ ნივთიერებების გამოყოფასთან, რომლებიც ჩვენს გუნება-განწყობილებას განაპირობებენ. სეროტონინი, დოფამინი, ადრენალინი – ეს ის ნივთიერებებია, რომლებიც ჩვენს ხასიათზე პირდაპირ მოქმედებენ. ისინი საკვერცხეების ჰორმონებთან ურთიერთკავშირში არიან და როდესაც ეს კავშირი დარღვეულია, ამ შემთხვევაში პრემენსტრუალური სინდრომი ვითარდება. საინტერესოა, რომ არ არსებობს ლაბორატორიული კვლევა, რომლითაც შეგიძლიათ დაადგინოთ, ქალს, რომელსაც პრემენსტრუალური სინდრომი აწუხებს, აქვს ესა თუ ის ჰორმონი მაღალი ან უფრო დაბალი, ვიდრე იმ ქალს, რომელსაც პრემენსტრუალური სინდრომი არ აწუხებს. ამიტომ, პრემენსტრუალური სინდრომის დროს ქალს ჰორმონალური კვლევა ან ვიტამინების კვლევა არ სჭირდება. დარღვევა რეცეპტორულ, უჯრედულ დონეზე ხდება და პერიფერიულად, სისხლში და სხვა ორგანოებში ვერ აისახება. არ არსებობს მეთოდი, რომ ეს განსაზღვრო.

პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ, ძირითადად, ორი ტიპის პრეპარატი ინიშნება. არის ჰორმონალური თერაპია და ფსიქოტროპული. ფსიქოტროპული ნივთიერებები ჩვენს ორგანიზმს ეხმარებიან, რომ გამოიმუშაონ ის ჰორმონები, რომლებიც ჩვენს ხასიათზე დადებითად მოქმედებს. თუ პრემენსტრუალური სინდრომი მსუბუქია, მას მედიკამენტოზური მკურნალობა არ სჭირდება. პრემენსტრუალური სინდრომი ქალების, დაახლოებით, 20-30%-ს აწუხებს, ხოლო არსებობს ძალიან მძიმე პრემენსტრუალური სინდრომი, რომელიც ქალების 2%-ში გვხვდება და მას პრემენსტრუალური დისფორია ეწოდება. ამ შემთხვევაში, ჰორმონალური მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია.

პრემენსტრუალური სინდრომი ყოველ მე-3 ქალს აწუხებს. არსებობს მსუბუქი, საშუალო და მძიმე პრემენსტრუალური სინდრომი. საშუალო და მძიმე პრემენსტრუალური სინდრომის შემთხვევაში, ქალები ხშირად ექიმს მიმართავენ, რომელიც სათანადო მკურნალობას ნიშნავს. ხოლო, მსუბუქი პრემენსტრუალური სინდრომი შეგიძლიათ, სახლის პირობებში თავად მართოთ. ამ დროს სწორი რეჟიმი და კვება მნიშვნელოვანია. ასევე, შეგიძლიათ, გარკვეული პრეპარატები მიიღოთ. ფიზიკური ვარჯიში ყოველდღიურ, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას გულისხმობს. არ არის აუცილებელი მძიმე ვარჯიში იყოს. საკმარისია თუნდაც ყოველდღიურად ფეხით 3-4 კილომეტრი იაროთ. ამოიღეთ რაციონიდან მწარე, მჟავე, მარილიანი საკვები. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მენსტრუაციის დაწყებამდე 15 დღით ადრე. არ მიირთვათ დიდი ულუფები. ჭამეთ ცოტ-ცოტა და ხშირად. თუ პრემენსტრუალური სინდრომის დროს მუცლის შებერილობა არ გაწუხებთ, შეგიძლიათ, ბევრი ხილი და ბოსტნეული ჭამოთ. თავის ტკივილის შემთხვევაში, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები მიიღეთ. მაგალითად, იბუპროფენი. ასევე, შეგიძლია B ჯგუფის ვიტამინი მენსტრუაციის მეორე ფაზაში მიიღოთ. აუცილებლად აწარმოეთ კალენდარი, სადაც ყოველდღიურად ჩაწერთ, მენსტრუაციის რომელ დღეს რომელი სიმპტომები გაწუხებთ. ეს კალენდარი თქვენი მდგომარეობის ანალიზში დაგეხმარებათ. თუ ექიმს მიმართავთ, ეს ძალიან კარგი ინფორმაცია იქნება, რომელიც სწორ შეფასებასა და მკურნალობაში დაეხმარება.“

  „აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა, მათ შორის ლეტალური“-ნარკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights