სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიახალი აღმოჩენა - ნეანდერტალელების ძვლებში ადამიანთა უძველესი ვირუსები აღმოაჩინეს

ახალი აღმოჩენა – ნეანდერტალელების ძვლებში ადამიანთა უძველესი ვირუსები აღმოაჩინეს

ნეანდერტალელთა გადაშენების ერთ-ერთ მიზეზად მეცნიერთა უმეტესობა ჰომო საპიენსებსა და მათ შორის კონკურენციას ასახელებს.

2010 წელს წამოიყენეს ჰიპოთეზა, – შესაძლოა, ეს ვირუსებსაც გამოეწვია, რომლებიც ამ სახეობის წარმომადგენლებს ჩვენმა წინაპრებმა გადასდეს, როცა აფრიკიდან ევროპაში გადაინაცვლეს.

ახალი აღმოჩენით დგინდება,  რომ ეს ვარაუდი უსაფუძვლო არ არის, რადგან სპეციალისტებმა ნეანდერტალელთა 50 000 წლის წინანდელ ძვლებში სწორედ 3 ასეთი ძველი ვირუსის დნმ-ის კვალს მიაგნეს.

აქამდე მათში არსებული პათოგენების ამგვარი პირდაპირი მტკიცებულება არ მოიპოვებოდა, რადგან ათასობით წლის განმავლობაში ვირუსების გენეტიკური მასალა საგრძნობლად ზიანდება და უმეტესწილად გაშიფვრას არ ექვემდებარება.

აღნიშნული დნმ-ის ნიმუშები შეიძლება, გამონაკლისად მივიჩნიოთ, მაგრამ გენეტიკური კვალი ბოლომდე იდენტიფიცირებადი მაინც არაა. მათ მეცნიერებმა რუსეთში მდებარე გამოქვაბულში აღმოჩენილი 2 მამრი ნეანდერტალელის ძვლებში მიაკვლიეს. კერძოდ, გამოვლენილია სავარაუდო ადენოვირუსი, ჰერპესის ვირუსი და პაპილომა ვირუსი. ადამიანებში ისინი დღესაც გავრცელებულია და ინფექციებს იწვევს, მაგრამ როგორ გამოიხატებოდა მსგავსი ავადობა ნეანდერტალელებში, უცნობია.

უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე უძველესად მოიხსენიებოდა ჰერპესის ვირუსის დნმ, რომელიც ჰომო საპიენსის 31 000 წლის წინანდელ კბილშია ნაპოვნი. ახალი მიგნება ამაზე ბევრად ძველ ნიმუშებს გვთავაზობს, მაგრამ უძველესი დნმ-ების კვალის ავთენტურობა ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არაა.

რამდენად იყო ვირუსები ნეანდერტალელთა გადაშენების უმთავრესი მიზეზი, უცნობია. ისინი საკმაოდ განვითარებული არსებები იყვნენ, კარგად ნადირობდნენ, ცეცხლის დანთებაც იცოდნენ და სოციალურობითაც გამოირჩეოდნენ.

პალეონტოლოგები ვარაუდობენ, რომ სახეობა გაქრობის რისკის წინაშე პოპულაციის მცირერიცხოვნობამაც დააყენა, საბოლოო ჯამში კი ერთმანეთს რამდენიმე ასეთი ფაქტორი დაერთო, რაც მათ გადაშენებას დაედო საფუძვლად.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სხვისი თანდასწრებით ბავშვის ქცევის შეფასება რატომ არის საზიანო? - ბევრ მშობელს ან უფროსს შეიძლება ჩვეულებრივ, უწყინარ ქცევად ეჩვენებოდეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights