სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიუნდა ვუმკურნალოთ თუ არა წითელ ყელს...

უნდა ვუმკურნალოთ თუ არა წითელ ყელს…

უნდა ვუმკურნალოთ თუ არა წითელ ყელს?
ყველაზე ხშირი დიალოგი პედიატრთან ასე იწყება:

– რას უჩივით?

– ბავშვს ყელი აქვს წითელი, ექიმო!

ან სულაც პირიქით – ექიმი გვაუწყებს, რომ პატარას ყელი წითელი აქვს, რაც მშობლების შეშფოთების მიზეზი ხდება.

მოდით, განვიხილოთ, რა იწვევს ყელის გაწითლებას.

– როცა ვსაუბრობთ ყელზე, ვგულისხმობთ ხახას, რომელიც გარდამავალი ადგილია საჭმლის მონელებელი და სასუნთქი სისტემების საზღვარზე.

რას ვათვალიერებთ?

– ხახის რკალებს, რომელთა უკან ნუშურა ჯირკვლებია, ასევე ხახის უკანა ზედაპირს, ენის ძირს, რომელიც ხახას ესაზღვრება, მაგარ სასას, ნაქს. ნორმაში ხახის ლორწოვანი გარსები ვარდისფერია. ადრეულ ასაკში უფრო მუქი ვარდისფერი, მსუბუქ სიწითლემდეც კი.

და მაინც, როდის წითლება ყელი?

ხახის ლორწოვანი გარსის სიწითლის უხშირეს მიზეზი ინფექციაა. თუ სიწითლეს თან სდევს ყელის ტკივილი, ფხაჭნის შეგრძნება, ეს ფარინგიტი ანუ ხახის ანთებაა.

ხახა წითლდება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების დროს, რომელთა დიდი ნაწილი ვირუსითაა გამოწვეული. სასუნთქი გზების დაავადებების გამომწვევი ვირუსები სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში შეჭრის შემდეგ ადგილობრივ ანთებით რეაქციებს იწვევნ, შედეგი კი ლორწოვანი გარსების შეწითლება და შეშუპებაა.

ხახა შეიძლება გაწითლდეს ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შემდეგაც, სიწითლის გამოწვევა ფიზიკურ ფაქტორებსაც შეუძლიათ, მაგალითად, ცხელი საკვების და სასმელის გამოყენებას.

არ დაივიწყოთ წითელი ფერის კანფეტების ზეგავლენაც, რომელმაც შესაძლოა შეღებოს ენაც, სასაც და ხახის ლორწოვანი გარსიც.

უნდა შევასხუროთ თუ არა ყელში მედიკამენტი სიწითლის დროს?

რა თქმა უნდა არა. ყელის სიწითლე მკურნალობას არ ექვემდებარება. იმ შემთხვევაში, თუ ფარინგიტი ბაქტერიებითაა გამოწვეული, ექიმი ანტიბიოტიკს დაგინიშნავთ. ტკივიგამაყუჩებელი და ანტიანტებითი საწუწნი ტაბლეტები თუ შესასხურებელი საშუალებები მცირე ხნით ამცირებენ ტკივილს და შეშუპებას, მაგრამ არა ყელის სიწითლეს.

შველის თუ არა ხახის სიწითლეს ინჰალაციის ჩატარება?

მითია. შესაბამისი მედიკამენტით ინჰალაციური თერაპია ხსნის ბრონქოსპაზმს, ამცირებს ხორხის შეშუპებას, ათხიერებს წებვად ნახველს, მაგრამ ის ვერაფერს უხერხებს სიწითლეს.

თუ პატარას ხახის ლორწოვანი გარსი წითელი აქვს, ნიშნავს, რომ მას სტკივა ყელი?

გამოხატული ფარინგიტის დროს სიწითლეს შესაძლებელია ახლდეს ყელის ტკივილი, თუმცა ყოველთვის – არა.

როგორ მოვიქცეთ?

თუ თქვენს პატარას ყელი სტკივა, ის ექიმს უნდა აჩვენოთ. ბაქტერიული ფარინგიტის მკურნალობა ანტიბიოტიკებით ხორციელდება.

სხვა შემთხვევაში მიეცით ბავშვს თბილი სითხეები, ტკივილის დროს კი პარაცეტამოლის ან იბუპროფენის გამოყენება ნამდვილი შვებაა.

ასე, რომ დაივიწყეთ მითი ხახის სიწითლის მკურნალობის შესახებ. უმრავლეს შეთხვევაში ის თავისთავად გაივლის.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე

 წყარო: https://www.facebook.com/pediatrician.blog/photos/a.456960744741593/521557258281941/?type=3&theater

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სიმსივნის მკურნალობაში რევოლუცია – ახალი იმუნოთერაპია და მისი პოტენციალი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights