თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა სრულად, 100%-ით ფინანსდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახამ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, ერთი პაციენტისთვის 120 000 ლარი გამოიყოფა, ადრე კი აღნიშნული მკურნალობა მხოლოდ 70 000 ლარით ფინანსდებოდა.
„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, რომ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით. თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა ფინანსდება. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური აფინანსებს გადანერგვის წინა კვლევებს, მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, სამი სახის ტრანსპლანტაციას (აუტოლოგიური, ალოგენური, ჰაპლოიდენტური) და გადანერგვის შემდგომი პერიოდის მართვის პროცესს. თბილისის მერიას ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10-დან 235 ათას ლარამდე თანხა აქვს გათვალისწინებული. პროგრამის დაწყებიდან (2015 წელი) დღემდე, 1 074 შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში 60 მილიონ ლარამდე თანხა გადაირიცხა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი, პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მათ ყოველთვის გვერდით დაუდგება.
„რაც შეეხება ღვიძლის ტრანსპლანტაციას, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება გაიზარდა და სრულად, 100%-ით ფინანსდება. ადრე ფინანსდებოდა 70 000 ლარით, დანარჩენს პაციენტი აფინანსებდა, რაც ძალიან მძიმე დატვირთვა იყო ოჯახებისთვის – არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თუნდაც ის ნაწილი გადაეხადათ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული მიმართულება 100%-ით დავაფინანსოთ. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 45 შემთხვევა დაფინანსდა და ამისთვის, მერიამ 3 155 000 ლარი დახარჯა. მზად ვართ, ყველას თანადგომა გამოვუცხადოთ, საჭიროების შემთხვევაში. გვაქვს სხვა პროგრამებიც, რომლითაც ვეხმარებით მოქალაქეებს და ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის აუცილებლობა იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მასალის გამოყენების პირობები