დეპრესია (ძირითადი დეპრესიული აშლილობა) არის გავრცელებული და სერიოზული სამედიცინო დაავადება, რომელიც უარყოფითად აისახება იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს, როგორ ფიქრობთ და როგორ მოქმედებთ.
საბედნიეროდ, ის ასევე განკურნებადია. დეპრესია იწვევს სევდის განცდას და/ან ინტერესის დაკარგვას იმ აქტივობების მიმართ, რომლებიც ადრე გსიამოვნებდათ. ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ემოციური და ფიზიკური პრობლემები და შეამციროს თქვენი მუშაობის უნარი სამსახურში და სახლში.
საწუხაროდ დეპრესია იმ რთული დაავადებების რიცხვშია, რომელთა მკურნალობის უგულებელყოფამ შეიძლება ადამიანი სუიციდამდე ან სუიციდის მცდელობამდე მიიყვანოს.
დეპრესიის ზუსტი გამომწვევი მიზეზები დღემდე უცნობია. იგი შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანმა უარყოფითმა ცხოვრებისეულმა ცვლილებებმაც, მაგალითად, სამსახურის დაკარგვამ, განქორწინებამ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის აღმოჩენამ — განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც გენეტიკურად თუ სხვა მიზეზებით უკვე იყვნენ დეპრესიის მაღალი რისკის ქვეშ.
განგრძობითი სირთულეები, მაგალითად, ხანგრძლივი უმუშევრობა, ძალადობრივ ან ცივ ურთიერთობაში ყოფნა, მარტოობა ან სამსახურებრივი სტრესი ზრდის დეპრესიის რისკს. არსებობს ორი ტიპის დეპრესია:
ეგზოგენური დეპრესია – გარე ფაქტორებით გამოწვეული სტრესი, არასასიამოვნო მოვლენა და ა.შ.
ენდოგენური – ბიოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე;
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თვითმკურნალობით არ იკურნება და ასევე არაფერი სამარცხვინო არ არის თუ ამ დაავადებით ხართ დაავადებული. დეპრესია ზუსტად ისეთი დაავადებაა, როგორიცაა კუჭის წყლული, შაქრიანი დიაბეტი ან სხვა დაავადებები. შემთხვევების 70% იკურნება და ქრონიკული დეპრესიის შემთხვევაში შეიძლება მისი მართვა ისე, რომ ამ დაავადებამ იქონიოს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე ნეგატიური ზეგავლენა.
როგორ ამოვიცნოთ დეპრესია?
დეპრესიის დასადგენად არსებობს 3 ძირითადი სიმპტომი და 7 დამატებითი სიმპტომი. თუ ადამიანს ძირითადი სიმპტომებიდან და დამატებითი ორ-ორი სიმპტომი ახასიათებს და ეს სიმპტომები 2 კვირის განმავლობაში სისტემური ხასიათისაა, მაშინ სავარაუდოდ ამ ადამიანს აქვს დეპრესია.
დეპრესიის 10 სიმპტომი:
ძირითადი სიმპტომები:
- სტაბილურად დაქვეითებული ხასიათი;
- ანჰედონია – სიამოვნების და სიხარულის მიღების დაქვეითება;
- ენერგიის დაქვეითება, ნაკლებობა, გადაწვის შეგრძნება;
დამატებითი სიმპტომები:
- კონცენტრაციის უნარის დარღევა, დაქვეითება;
- დაქვეითებული, დაბალი თვითშეფასება. ამ დროს ადამიანი საკუთარ მნიშვნელობას, ფასეულობას ვეღარ ხედავს, განიცდის;
- დანაშაულის გადაჭარბებით აღქმა. ადამიანი ვეღარ ასხვავებს შეცდომებსა და დანაშაულს. უმნიშვნელო შეცდომასაც დანაშაულად მიიჩნევს;
- მომავლის პესიმისტური ხედვა;
- მადის დაქვეითება, თუმცა ატიპიური დეპრესიის დროს პირიქით მადის მომატება ხდება;
- ძილის დარღვევა. უფრო ხშირად ქრონიკული ძილიანობა, თუმცა ატიპიური დეპრესიის დროს შეიძლება პირიქითაც იყოს ანუ უძილობას ჰქონდეს ადგილი;
- სუიციდის ტენდენციები;
დეპრესიისთვის დამახასიათებელი გრძნობები და განცდები:
- სევდა, ნაღველი;
- უბედურება;
- უხალისობა;
- ადვილად გაღიზიანებადობა, დაძაბულობა, შფოთვა;
- ემოციური გადატვირთულობა;
- დანაშაულის გრძნობა;
- იმედგაცრუება;
- სასოწარკვეთა;
- თავდაჯერების ნაკლებობა, საკუთარი მნიშვნელობის/ფასეულობის დაქვეითება;
- ორჭოფობა, ეჭვი;
- ყურადღების გაფანტულობა;
დეპრესიისათვის დამახასიათებელი ფიქრები:
- „ვერაფერს მივაღწიე”
- „უსარგებლო ვარ”
- „არაფერი გამომდის”
- „ჩემი ბრალია”
- „უარესის ღირსიც ვარ”
- „ჩემს თავს არაფერი კარგი არ ხდება”
- „უაზრო, მომაბეზრებელი და უშინაარსოა სამყარო”
- „არაფერი არ მაბედნიერებს”
- „ეს არასდროს შეიცვლება”
- „სიცოცხლეს აზრი არ აქვს”
- „უჩემოდ ყველა უკეთ იქნება”
დეპრესიის ქცევითი სიმპტომები
- ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან ჩამოშორება;
- მუდმივად სახლში დარჩენა (სოციალური იზოლაცია);
- საყვარელი აქტივობების შეწყვეტა;
- სამსახურის საქმეების ან სკოლის დავალებების შეუსრულებლობა;
- ალკოჰოლისა და დამამშვიდებლების იმედად ყოფნა;
დეპრესიის ფიზიკური სიმპტომები
- მუდმივი დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა, გადაწვის შეგრძნება;
- შეუძლოდ, ცუდად ყოფნა;
- მუცლის, თავის ან კუნთების ხშირი ტკივილი
- გულისრევის შეგრძნება;
- ძილის პრობლემები;
- მადის დაკარგვა ან ცვლილება;
- წონის მნიშვნელოვანი მატება ან კლება;
როგორ გავუმკლავდეთ დეპრესიას?
აუცილებლად მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს (ფსიქიატრს, ფსიქოთერაპევტს);
დაისახეთ რეალისტური მიზნები დეპრესიის ფონზე. ძალიან ბევრს ნუ აიღებთ საკუთარ თავზე. დიდი ამოცანები დაყავით პატარა მიზნებად, დაადგინეთ პრიორიტეტები და ყურადღება გაამახვილეთ პირველხარისხოვან ამოცანებზე;
დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად, გაუზიარეთ თქვენი ემოციები და ენდეთ მათ;
აუცილებლად აკეთეთ ისეთი აქტივობები რაც სიამოვნებას განიჭებთ;
იყავით ფიზიკურად აქტიური,- ისეირნეთ, ივარჯიშეთ;
იკვებეთ ჯანსაღად და შეეცადეთ მიიღოთ მეტი ცილა და მინიმუმამდე დაიყვანოთ ნახშირწყლები;
შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ფოკუსირება მოახდინოთ სასიამოვნო, პოზიტიურ შინაარსებზე;
დეპრესია არის დაავადება, რომელიც თვითმკურნალობით არ იკურნება და შესაძლებელია თვითმკურნალობის მცდელობამ დაამძიმოს თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა. ამიტომ აუცილებელია მიმართოთ კვალიფიციურ სპეციალისტს.
დაიმახსოვრეთ, დეპრესია განაჩენი არ არის.
ვიზიტის დასანიშნათ დაუკავშირდით: +995 595 75 11 22
ნინი ჭაჭია – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, სერტიფიცირებული ქოუჩი, NLP ოსტატი https://www.ninichachia.ge/