„ონკოლოგიური პაციენტების 14%-სთვის 25000-ლარიანი ლიმიტი საკმარისი არ იყო, შესაბამისად ეს გარკვეულ პრობლემებს ბადებდა“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ამიტომ, სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ 25000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ონკოლოგიური მედიკამენტები გამოიტანოს.
„საკითხი ამგვარად იყო – რეგულაცია რომელიც მოქმედებდა, იყო გამოთვლილი საშუალო მაჩვენებელი, ან შედარებით მაღალი ზღვარი, რომლის ფარგლებში ხორციელდებოდა ონკოლოგიური პაციენტებისთვის პროგრამა, რომელიც უდიდესი უმრავლესობისთვის საკმარისი იყო ყველანაირი მომსახურებით. მაგრამ ონკოლოგიური პაციენტების 14% არსებობდა, რომელთათვისაც სამწუხაროდ 25000-იანი ლიმიტი საკმარისი არ იყო, შესაბამისად ეს გარკვეულ პრობლემებს ბადებდა. ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო მათ უყურადღებოდ ტოვებდა და არ ჰქონდათ შესაძლებლობა მაგალითად სხვა პროგრამების საშუალებით რომ მკურნალობა ხელმისაწვდომო ყოფილიყო, თუმცა საკითხის ამგვარი რეგულირება გარკვეულ უკმაყოფილებას და დისკომფორტს იწვევდა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ შექმნილი მდგომარეობა მხედველობაში და ვფიქრობ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც მედიკამენტები 25 000-იანი კალკულაციიდან გამოვიყვანეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად არავის ექნება რისკი იმისა, რომ 25000-იან ლიმიტს მიაღწიოს და ამის გამო რაღაც პრობლემები შეექმნას დაფინანსებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მედიკამენტების ღირებულებების ანაზღაურებას, როგორც აღვნიშნეთ, ეს ხელმისაწვდომი ექნება. ეს ეხება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ პროგრამებს. არის მაგალითად მოწინავე, ინოვაციური მედიკამენტები, რომელიც ბუნებრივია შესაძლოა სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდებოდეს, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტები საბედნიეროდ ხელმისაწვდომია, შესაბამისად პრაქტიკულად ლიმიტის გარეშე ამ მედიკამენტებზე წვდომა ექნებათ პაციენტებს. ეს პროცესი მარტივი არ იყო. პირველივე დღიდან პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რომ ამ საკითხებზე გვემუშავა და რაც შეიძლება უმტკივნეულო გაგვეხადა პროგრამის მუშაობა თითოეულ ონკოლოგიურ პაციენტთან მიმართებით“, – განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები