ფიტნესის უკეთ გაგებისთვის
ფიტნესი და ბოდიბილდიგი. რა კავშირია მათ შორის?
ბოდიბილდინგი, ჩვენთან 90 იანი წლებიდან ხალხში ე.წ. კულტურიზმად წოდებული სპორტი დღემდე ხშირად გაიგივებულია თანამედროვე ფიტნესთან. არა მხოლოდ საქმეში ჩაუხედავი ადამიანების მიერ, არამედ თავად პროფესიონალი ბოდიბილდერებიც „სცოდავენ“ ამ მიმართულებით.
უმთავრესი განსხვავება არის მიზანი. ბოდიბილდიგის, როგორც სპორტის სახეობის მიზანი არის მიაღწიოს და აჩვენოს ადამიანის კუნთოვანი სისტემის მაღალი ფიზიკური მომზადება და ესთეტიურობა სიმძიმეებით ვარჯიშის, სპეციფიკური კვების და დასვენების კომბინაციით.
ფიტნესის მიზანია ნებისმიერი ასაკის და ფიზიკური მომზადების ადამიანების საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება რეგულარული ფიზიკური აქტივობით, კარგი კვებისა და დაბალანსებული ცხოვრების წესის დაცვით.
შესაბამისად, ბოდბილდინგის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სპორტის სახეობის ამოცანაა დაეხმარონ ადამიანთა მცირე ჯგუფს, რომელთაც სურთ თავიანთი ცხოვრება დაუკავშირონ მაღალი მიღწევების სპორტს, რაც ზოგჯერ ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯზეც შეიძლება მოხდეს.
ფიტნესი, როგორც დარგი, მასთან დაკავშირებულ პროფესიული კვალიფიკაციებით ისტორიულად გარკვეულწილად დაკავშირებულია ბოდიბილდინგთან, მაგრამ რა თქმა უნდა, მთლიანად არ არის დაფუძნებული ბოდიბილდინგზე.
ბოდიბილდინგი, როგორც პრაქტიკა, განვითარდა მე-19 საუკუნის ბოლოს, როგორც სპორტის სახეობა ძალისა და კუნთების ესთეტიკური განვინათარების დემონსტრირების მიზნით. ევგენი სენდოუმ, რომელსაც ხშირად “თანამედროვე ბოდიბილდინგის მამად” მიიჩნევენ, გადამწყვეტი როლი ითამაშა ბოდიბილდინგის პოპულარიზაციაში. მან არა მხოლოდ შეძლო, მოეხდინა თავისი სხეულის ფიზიკური განვითარების დემონსტრირება, არამედ განავითარა ბიზნესი საკუთარი სახელის გამოყენებით, მათ შორის სავარჯიშო აღჭურვილობით ვაჭრობა, რითაც ხელი შეუწყო ბოდიბილდინგის, როგორც სპორტისა და ფიტნეს პრაქტიკის ზრდას.
თუმცა, ფიტნეს ინდუსტრიის ევოლუცია და მისთან დაკავშირებული პროფესიული კვალიფიკაციები მოიცავს ფიზიკური ვარჯიშისა და ჯანმრთელობის მიდგომების უფრო ფართო სპექტრს და არა მხოლოდ ბოდიბილდინგს. მაგალითად, ბოდიბილდინგისა და ფიტნესის საერთაშორისო ფედერაციამ (IFBB), რომელიც დაარსდა 1946 წელს ბენ ვეიდერის მიერ, გადამწყვეტი როლი ითამაშა ბოდიბილდინგის, როგორც გლობალური სპორტის ჩამოყალიბებაში. IFBB დაეხმარა ბოდიბილდინგის ფორმალიზებას, მაგრამ ფიტნეს ინდუსტრია, ზოგადად, ამ დრომდე და მას შემდეგაც ყოველთვის მოიცავდა ფიზიკური ვარჯიშის სხვადასხვა ფორმებს ბოდიბილდინგისთვის დამახასიათებელი სპეციალური ვარჯიშების მიღმა.
ბოდიბილდინგის გავლენა ფიტნეს ინდუსტრიაზე უდაოა, განსაკუთრებით კუნთების განვითარებისა და ესთეტიურობის თვალსაზრისით. ამან გამოიწვია ვარჯიშის სპეციფიკური მეთოდების, დიეტური პრაქტიკისა და შეჯიბრის სტანდარტების შექმნა, თუმცა, ფიტნეს ინდუსტრია მთლიანობაში მოიცავს აქტივობების უფრო ფართო სპექტრს, რომლებიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობისა და ფიზიკური სხეულის მდგომარების გაუმჯობესებას და არ შემოიფარგლება მხოლოდ ბოდიბილდინგის ესთეტიკური აქცენტით.
მიუხედავად იმისა, რომ ბოდიბილდინგმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფიტნეს ინდუსტრიაზე და ხელი შეუწყო გარკვეული პროფესიული კვალიფიკაციის განვითარებას, ის არ არის და ვერ იქნება ამ კვალიფიკაციების ერთადერთი საფუძველი. ფიტნეს ინდუსტრია აერთიანებს პრაქტიკის და დისციპლინების მრავალფეროვან სპექტრს, ბოდიბილდინგის მნიშვნელოვანი ელემენტების ჩათვლით, მაგრამ ის არ წარმოადგენს ამ სპექტრის ექსკლუზიურ ნაწილს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულად ბოდიბილდინგი როგორც სპორტის სახეობა ჩამოყალიბდა სწორედ ფიტნესის და ვარჯიშის ფართო დარგის ერთ-ერთ მიმართულებად და არა პირიქით!
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#აქტიური #აქტიურისხეულიაქტიურიგონება #activebodyactivemind
მასალის გამოყენების პირობები