გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ყოველწლიურად 17,9 მილიონი ადამიანი კვდება. აღნიშნული მაჩვენებლიდან ხუთიდან ორზე მეტი გამოწვეულია გულის შეტევით და ინსულტით. მათი ერთი მესამედი კი 70 წლამდე ადამიანებში ვლინდება.
ადამიანთა დასახმარებლად შეიქმნა ინოვაციური ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია სასიკვდილო ინფარქტი 10 წლით ადრე იწინასწარმეტყველოს.
მას შეუძლია აჩვენოს გულის შეტევის რისკი, არტერიების შევიწროების ინფორმაცია და სხვა კლინიკური რისკფაქტორები.
ხშირად, როდესაც ადამიანი გულმკერდის ტკივილს უჩივის, ექიმი მას გულის CT სკანირების რეკომენდაციას აძლევს, თუმცა ამ შემთხვევების დაახლოებით სამ მეოთხედში მნიშვნელოვანი შევიწროების ნიშანი არ იკვეთება, რის გამოც პაციენტები შემდგომ გამოკვლევას აღარ მიმართავენ.
მეცნიერებმა 40 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები გამოიკვლიეს, რომლებსაც ბრიტანეთის რვა სხვადასხვა საავადმყოფოში რუტინული CT სკანირება ჩაუტარდათ. მკვლევრები მათ დაახლოებით 2,7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, რომლებსაც კორონარულ არტერიებში შესამჩნევი შევიწროება აქვთ, უფრო მეტად განიცდიან გულის შეტევებს, აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანი შევიწროების არმქონე პაციენტებში ორჯერ უფრო ხშირია გულის შეტევითა და პრობლემებით გამოწვეულ სიკვდილიანობა.
“ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება გულის შეტევით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი, რათა წარიმართოს პაციენტის მკურნალობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი ტექნოლოგია ყოველწლიურად ათასობით ადამიანის გადარჩენაში დაგვეხმარება, რომლებიც სხვაგვარად მკურნალობის გარეშე დარჩებოდნენ” – თქვა ბრიტანეთის გულის ფონდის სამედიცინო დირექტორმა – პროფესორმა სერ ნილეშ სამანმა.
სწორედ აქ ვლინდება ხელოვნური ინტელექტის როლი. მეცნიერთა გუნდმა გამოიგონა ახალი ტექნოლოგია, რომელიც აანალიზებს ანთებითი არტერიების ირგვლივ ცხიმის ცვლილებებსა და სხვა კლინიკურ ფაქტორებს და აყალიბებს გულის შეტევის სიგნალებს.
თითქმის რვა წლის განმავლობაში 3393 პაციენტზე ტესტების ჩატარების შემდეგ, AI ინსტრუმენტმა დამოუკიდებლად და ზუსტად შეძლო გულთან დაკავშირებული პრობლემების რისკის პროგნოზირება.
როგორც გაირკვა, ხელოვნური ინტელექტის შეხედულების საფუძველზე, კლინიცისტების 45%-მა შეცვალა მკურნალობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალი AI ინსტრუმენტი შეიძლება გულმკერდის ტკივილების მქონე პაციენტების მკურნალობის დანიშვნაში გადამწყვეტი საშუალება გახდეს. აღნიშნული კი ექიმებს დაავადების ადრეული იდენტიფიკაციისა და პრევენციული ზომების მიღების საშუალებას მისცემს.
”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს AI ინსტრუმენტი მალე დაინერგება NHS-ში, რაც ხელს შეუწყობს ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში გულის შეტევით ათასობით სიკვდილის თავიდან აცილებას,” – თქვა ოქსფორდის პროფესორმა, ხარალამბოს ანტონიადესმა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები