ქალის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაწილი მუცელი და წელის მიდამოებია.
პირველივე კილოგრამების სამიზნე სწორედ ეს „სუსტი წერტილი“ ხდება. ლამაზი ფორმები მუდმივ მუშაობას და დატვირთვას მოითხოვს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ბუნებამ დაგაჯილდოვათ უნაკლო თანდაყოლილი მონაცემებით, მშობიარობის, წონის ცვალებადობის და სხვა „ექსტრემალური“ მომენტების შემდეგ თვითაღდგენის უნიკალური უნარით.
წამოზრდილი მუცლის ფორმასთან და შევსებულ წელთან საბრძოლველად, პირველ რიგში პრესის ვარჯიშებებს მიმართავენ ხოლმე. მუცლის კუნთების ვარჯიში რა თქმა უნდა აუცილებელია, პრესების შესრულება დაგეხმარებათ ტონუსში მოიყვანოთ კუნთები, გაიუმჯობესოთ მუცლის ფორმა და მოყვანილობა, გაიმართოთ წელში და შეცვალოთ სიარულის მანერა უკეთესობისაკენ. თუმცა ეს არაა ყველაფერი. ამ მიმზიდველი შედეგების მისაღებად ბევრი თავს არ ზოგავს. ცდილობს რაც შეიძლება მეტი პრესი, მეტი გამეორება, ვარჯიშის სხვადასხვა ვარიანტები შეასრულოს. მცდელობა ხანდახან საკმაოდ რეკორდულ მაჩვენებლებსაც უახლოვდება, სასურველი შედეგის მიღწევა კი – სწორი მუცელი, წვრილი წელი ან სპორტული ოცნება – 6 კუბიკის (6 pack) დაყენება, უსასრულოდ ჭიანურდება, რადგან ის ცხიმის ფენის უკან რჩება დამალული.
საქმე იმაშია, რომ ლამაზი და სექსუალური მუცლის ფორმის მისაღწევად მარტო პრესის ვარჯიშის არაა საკმარისი, ის ამუშავებს და აძლიერებს კუნთებს, ფორმას აძლევს, მუცელი აღარაა ჩამოვარდნილი, ჩამოწეული, მაგრამ პრესები არ წვავს მუცლის არეში ცხიმის ფენებს – ლამაზი მუცლის საიდუმლო სამზარეულოში იმალება – აუცილებელია შეამციროთ თქვენი კვების კალორაჟი, ჭამეთ ნაკლები, შეამცირეთ ტკბილეული და ცომეული, ერიდეთ ალკოჰოლს.
პრესის ვარჯიშებს აუცილებლად დაუმატეთ აერობული ვარჯიშები, რომ მოიცილოთ ის ცხიმის ფენა, რომელიც თქვენი შრომის შედეგს ეფარება.
მასალის გამოყენების პირობები