პარასკევი, მაისი 8, 2026

ძირითადი გამოწვევები, რაც DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ გვხვდება, კლინიკიდან გაზრდილი ტარიფების გა

13/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, ძირითადი გამოწვევები, რაც DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ გვხვდება, კლინიკიდან გაზრდილი ტარიფების გამოგზავნაა.


„ძირითადი გამოწვევები, რაც DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ გვხვდება, კლინიკიდან გაზრდილი ტარიფების გამოგზავნაა. ასევე, არის პაციენტების შეცდომაში შეყვანის, ან თანაგადახდის გაზრდის შემთხვევები. თუმცა, ასეთ ფაქტებზე, მკაცრი და დროული რეაგირება გვაქვს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა.


მისი განმარტებით, სამინისტროს მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტური მექანიზმი გააჩნია, რომლის მეშვეობითაც დეტალურად აღირიცხება, რა სერვისებს აწვდიან კლინიკები პაციენტებს.

„ამ სისტემით, შესაძლებლობა გვაქვს, ონლაინ რეჟიმში, აღმოვაჩინოთ, თუ კი რაიმე დარღვევა დაფიქსირდება. ჩვენ ეფექტურად ვახორციელებთ კონტროლს იმ კლინიკებზე, რომელთა მხრიდანაც გარკვეული დარღვევები, ან გადაცდომები ფიქსირდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასეთი შემთხვევები, თანდათან, უფრო იკლებს.

DRG სისტემის ამოქმედებიდან დღემდე, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, რამდენიმე კლინიკას, საერთოდ შეუჩერდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი, ზოგიერთს კი, ნაწილობრივ შეეზღუდა გარკვეული სერვისების მიწოდების უფლება“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

მისივე განმარტებით, გამოვლენილი დარღვევების გამო, სამინისტროს მხრიდან გატარებული ღონისძიებები, პაციენტებისთვის, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით, არანაირ პრობლემას არ ქმნის.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ჯამში, 300-მდე კლინიკაა რეგისტრირებული. კლინიკები გაძლიერებული კონტროლის შემთხვევაში, მეტად მოტივირებულები იქნებიან, რომ ხარისხი გააუმჯობესონ და პაციენტს შესაბამისი სერვისი შესთავაზონ, რაც საერთო ჯამში, გააჯანსაღებს ჯანდაცვის სექტორს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც პროექტმა, 10 თვის შეჯამებისას, დადებითი შეფასება მიიღო“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა, რომლის განცხადებასაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ჩუტყვავილა — გამომწვევი მიზეზი, სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია

12/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჩუტყვავილა ძლიერ გადამდები დაავადებაა, რომელსაც ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი იწვევს (VZV). სხვადასხვა სიმპტომთან ერთად, ახასიათებს ქავილი და ბუშტუკებიანი გამონაყარი. გამონაყარი პირველად მკერდზე, ზურგსა და სახეზე ჩნდება, შემდეგ კი მთელ სხეულს ედება.


ჩუტყვავილა შეიძლება გართულდეს, განსაკუთრებით ორსულებში, ჩვილებში, მოზარდებში, მოზრდილებში და სუსტი იმუნური სისტემის მქონეებში.


ჩუტყვავილას პრევენციის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა.

ნიშნები და სიმპტომები


ჩუტყვავილა შეიძლება შეხვდეს ნებისმიერს, ვისაც ის ჯერ არ ჰქონია ან ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა არ მიუღია. როგორც წესი, დაავადება დაახლოებით 4-7 დღეს ვრცელდება.


ჩუტყვავილას კლასიკური სიმპტომია გამონაყარი, რომელსაც ქავილი ახასიათებს და გადაიქცევა სითხით სავსე ბუშტუკებად, რომლებიც საბოლოოდ, მუწუკებად იქცევა.


გამონაყარი თავდაპირველად მკერდზე, ზურგსა და სახეზე ჩნდება, შემდეგ კი მთელ სხეულზე ვრცელდება, მათ შორის პირში, თვალის ქუთუთოებზე და გენიტალიების ზონაში. დაახლოებით ერთ კვირაში, ყველა ბუშტუკი მუწუკად გადაიქცევა.


გამონაყარის გამოჩენამდე ერთი ან ორი დღით ადრე შეიძლება გამოჩნდეს სხვა ტიპური სიმპტომები:

  • სიცხე

  • დაღლილობის შეგრძნება

  • მადის დაქვეითება

  • თავის ტკივილი


როგორც წესი, ჩუტყვავილას გამო ბავშვებს სკოლის ან საბავშვო ბაღის გაცდენა 5-6 დღით უწევთ.

ჩუტყვავილა ვაქცინირებულ პირებში

ჩუტყვავილა მაინც შეიძლება შეხვდეს ზოგიერთ ვაქცინირებულ ადამიანს. თუმცა, როგორც წესი, არავაქცინირებულებისგან განსხვავებით, მათ მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვთ სიცხის სახით და საერთოდ არ აქვთ სითხიანი ბუშტუკები, აქვთ დაბალი სიცხე (ან საერთოდ არ აქვთ) და დაავადებაც გაცილებით ცოტა ხანს გრძელდება. თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ვაქცინირებულ პირებს დაავადება ზუსტად ისე უვითარდებათ, როგორც არავაქცინირებულებს.

ჩუტყვავილას გამწვავების რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები

ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჩუტყვავილას სიმპტომები მწვავედ გამოუვლინდეს და მაღალი იყოს გართულებათა რისკი.

გართულებები

ჩუტყვავილას შეიძლება გართულებები მოჰყვეს, მაგრამ როგორც წესი, ასეთი რამ არ ხდება ინფიცირებულ, ჯანმრთელ ადამიანებში.

იმ ადამიანებს შორის, ვისაც შეიძლება ჩუტყვავილა გაუმწვავდეს და შეიძლება გართულებათა მაღალი რისკის ქვეშ მოექცნენ, არიან:

  • ჩვილები

  • მოზარდები

  • მოზრდილები

  • ორსულები

  • ავადმყოფობის ან მკურნალობის გამო შესუსტებული იმუნური სისტემის მქონეები, მაგალითად,

  • ⦿ ვისაც აქვს აივ/შიდსი ან კიბო

  • ⦿ ვისაც გადანერგილი აქვს რომელიმე ორგანო

  • ⦿ ვინც იმყოფება ქიმიოთერაპიაზე, იღებს იმუნიტეტის დამთრგუნველ მედიკამენტებს ან დიდი ხანია, რაც იღებს სტეროიდებს


ჩუტყვავილას სერიოზულ გართულებებს შორის არის:


  • კანისა და რბილი ქსოვილების ბაქტერიული ინფექციები ბავშვებში, მათ შორის, A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციები

  • ფილტვის ინფექცია (პნევმონია)

  • თავის ტვინის ინფექცია ან შეშუპება (ენცეფალიტი, ცერებრალური ატაქსია)

  • სისხლდენის პრობლემები (ჰემორაგიული გართულებები)

  • სისხლის მიმოქცევის ინფექციები (სეფსისი)

  • დეჰიდრატაცია

ჩუტყვავილას გართულებებმა ზოგიერთი ადამიანი შეიძლება იმდენად ავად გახადოს, რომ საჭირო გახდეს საავადმყოფოში გადაყვანა. ჩუტყვავილამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიც.


ვაქცინების წყალობით, ჩუტყვავილათი სიკვდილი დღეს უკვე იშვიათია. თუმცა, ჩუტყვავილა ზოგჯერ მაინც იწვევს ჯანმრთელი, არავაქცინირებული ბავშვების ან მოზარდების სიკვდილს. ფაქტები მიუთითებს, რომ წარსულში, ჩუტყვავილათი გარდაცვლილ ჯანმრთელ მოზარდებს დაავადება არავაქცინირებული ბავშვებისგან გადაედოთ.

გადადება

ჩუტყვავილა ძლიერ გადამდები დაავადებაა, რომელსაც ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი იწვევს (VZV). ვირუსი ადვილად ვრცელდება ჩუტყვავილათი ინფიცირებული ადამიანიდან სხვებში, ვისაც ის არასოდეს ჰქონია ან ვაქცინირებული არ არის. თუ ერთ ადამიანს ჩუტყვავილა აქვს, მასთან ახლო კონტაქტის მქონე არაიმუნურ ადამიანთა 90 პროცენტი ინფიცირდება. ვირუსი ძირითადად ინფიცირებულთან ახლო კონტაქტით ვრცელდება.



ჩუტყვავილას მქონე პირი გადამდებად მიიჩნევა გამონაყარის გაჩენიდან ერთი-ორი დღით ადრე პერიოდიდან იქამდე, ვიდრე ყველა ბუშტუკი ქერქს არ გაიკეთებს (დამუწუკება). ვაქცინირებულ პირებს შეიძლება გაუჩნდეთ გამონაყარი, რომელიც არ მუწუკდება. ასეთი ადამიანები გადამდებად მიიჩნევა იქამდე, ვიდრე მომდევნო 24 საათში ახალი გამონაყარი აღარ გაუჩნდება.


ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი ასევე იწვევს ჰერპესს. ჩუტყვავილას შემდეგ, ვირუსი სხეულში რჩება (მიძინებული). ჰერპესი მაშინ ჩნდება, როდესაც VZV ვირუსი ჩუტყვავილას გავლის შემდეგ სხეულში ხელახლა აქტიურდება. ჰერპესის მქონე ადამიანებმა VZV ვირუსი შეიძლება გადასდონ ისეთებს, ვისაც ჩუტყვავილა არასოდეს ჰქონია ან ვაქცინირებული არ არის. ეს შეიძლება მოხდეს ჰერპესის ბუშტუკებიანი გამონაყარის სითხესთან პირდაპირი კონტაქტით ან ბუშტუკებიდან ამოსული ვირუსული ნაწილაკების შესუნთქვით. ასე ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანს ჩუტყვავილა განუვითარდება და არა ჰერპესი.


ჩუტყვავილა ვლინდება ჩუტყვავილას ან ჰერპესის მქონე ადამიანთან კონტაქტიდან დაახლოებით ორ კვირაში (10-21 დღე). გადამდებია ვაქცინირებული, მაგრამ ინფიცირებული ადამიანიც. უმეტეს შემთხვევაში, ჩუტყვავილა სამუდამო იმუნიტეტს ტოვებს. შესაძლებელია ეს დაავადება რამდენჯერმე შეგხვდეს, მაგრამ ძალიან იშვიათად.

პრევენცია და მკურნალობა
პრევენცია

ჩუტყვავილას პრევენციის საუკეთესო გზა მისი საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაა. ყველასთვის, მათ შორის ბავშვების, მოზარდებისა თუ ზრდასრულებისთვის, საჭიროა ორი დოზა, თუკი მათ ჩუტყვავილა არასოდეს ჰქონიათ ან არ არიან წარსულში ვაქცინირებული.


ჩუტყვავილას ვაქცინები ძლიერ უსაფრთხო და ეფექტიანია დაავადების პრევენციის თვალსაზრისით. ვაქცინირებულ ადამიანთა უმეტესობას ჩუტყვავილა არ ემართება. თუკი ვაქცინირებულ ადამიანს ის მაინც შეხვდა, სიმპტომები ძირითადად მსუბუქია, მხოლოდ სიცხე გამონაყარის გარეშე (ან უბრალოდ წითელი წერტილების სახით); ან დაბალი სიცხე, ან საერთოდ უსიცხოდ.



ჩუტყვავილას ვაქცინა ახდენს დაავადების თითქმის ყველა მწვავე შემთხვევის პრევენციას. მას შემდეგ, რაც აშშ-ში ჩუტყვავილას ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, შემთხვევათა რაოდენობა 97 პროცენტით შემცირდა. უიშვიათესი გახდა ჰოსპიტალიზებისა და სიკვდილის შემთხვევები.


სახლში მკურნალობა


ჩუტყვავილას სიმპტომების შემსუბუქებისა და კანის ინფექციების პრევენციისთვის, რამდენიმე რამ სახლში შეგიძლიათ გააკეთოთ. ქავილის შემსუბუქება შეუძლია კალამინის ლოსიონს და ცივ აბაზანაში დამატებულ საჭმელ სოდას, დაუმუშავებელ შვრიის ფაფას ან კოლოიდურ შვრიის ფაფას. მოკლედ დაიჭერით ფრჩხილები და მინიმუმამდე დაიყვანეთ ფხანა, რათა თავიდან აიცილოთ ვირუსის სხვა ადამიანებზე გავრცელება. თუკი ფხანის დროს ბუშტიკი შემთხვევით გაგისკდათ, ხელები საპნით და წყლით დაიბანეთ სულ მცირე 20 წამის განმავლობაში.


ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები


ჩუტყვავილას დროს სიცხის დასაწევად, არ მიიღოთ ასპირინი ან ასპირინის შემცველი პროდუქტები. ჩუტყვავილას მქონე ბავშვებში ასპირინის გამოყენება დაკავშირებული აღმოჩნდა რეის სინდრომთან — მწვავე დაავადებასთან, რომელიც ღვიძლსა და თავის ტვინს აზიანებს და შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს. სიცხის დასაწევად, შეგიძლიათ გამოიყენოთ პრეპარატები, რომლებიც არ შეიცავს ასპირინს, მაგალითად აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი).


ამერიკის პედიატრთა აკადემია გასცემს რეკომენდაციას, რომ თუკი შესაძლებელია, მოვერიდოთ იბუპროფენის გამოყენებას, რადგან ეს დაკავშირებული აღმოჩნდა სიცოცხლისთვის საშიშ კანის ინფექციებთან.


როდის მივმართოთ ჯანდაცვის პროვაიდერს


ჩუტყვავილას ან ჰერპესის მქონე ადამიანებისთვის, ჯანდაცვის პროვაიდერთან უნდა დავრეკოთ იმ შემთხვევაში, თუ პირს:

  • არასოდეს ჰქონია ჩუტყვავილა და არ არის ვაქცინირებული

  • ორსულია

  • აქვს ინფექციებთან ბრძოლის სუსტი უნარი (შესუსტებული იმუნური სისტემა), რაც გამოწვეულია დაავადებით ან მკურნალობით; მაგალითად:

  • ⦿ ვისაც აქვს აივ/შიდსი ან კიბო

  • ⦿ ვისაც გადანერგილი აქვს რომელიმე ორგანო

  • ⦿ ვინც იმყოფება ქიმიოთერაპიაზე, იღებს იმუნიტეტის დამთრგუნველ მედიკამენტებს ან დიდი ხანია, რაც იღებს სტეროიდებს


თუ სიმპტომები გაქვთ, დარეკეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პირი:


1. სერიოზული გართულებების რისკის ქვეშაა, რადგან:

  • არის ერთ წელზე ნაკლები ასაკის

  • არის 12 წელზე მეტის

  • აქვს შესუსტებული იმუნური სისტემა

  • ორსულია

ან


2. აქვს ქვემოთ მოცემული ნებისმიერი სიმპტომი:

  • სიცხე უკვე ოთხ დღეზე მეტხანს

  • სიცხე აჭარბებს 38,9°c-ს

  • გამონაყარის რომელიმე უბანი ძლიერ გაწითლდა, გაცხელდა, დარბილდა ან გადმოდის სითხე (ბლანტი, უფერო სითხე), რადგან ეს სიმპტომები შეიძლება ბაქტერიულ ინფექციაზე მიუთითებდეს

  • უჭირს გაღვიძება ან დაბნეულად იქცევა

  • უჭირს სიარული

  • გაუშეშდა კისერი

  • ხშირად აღებინებს

  • ძლიერ ახველებს

  • აქვს მუცლის ძლიერი ტკივილი

  • გამონაყარიდან მოსდის სისხლი ან აქვს სისხლჩაქცევები


მომზადებულია cdc.gov-ის მიხედვით.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/chutyvavila-gamomwvevi-mizezi-simptomebi-mkurnaloba-da-prevencia-1tvmecniereba/?fbclid=IwAR1bFh9eDtavOxkZ7yVVcacCBrYSwPAxdfaqbrbTWw9xJRe1AuRNK2ijdKQ


თვალის ბადურაში მიძინებულ უჯრედთა გააქტიურებით შეიძლება დაკარგული მხედველობა აღდგეს

12/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

თვალის ბადურის დეგენერაციული დაავადება მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს; ვითარდება მაშინ, როდესაც თვალის უკანა მხარეს მოთავსებული სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედები, სახელად ფოტორეცეპტორები კვდება და მათი ჩანაცვლება შეუძლებელია. ახალი კვლევის წყალობით, ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება არც ისე შორს იყოს.


კანადელმა მეცნიერებმა მიაგნეს გზას, როგორ გარდაქმნან მიძინებული მხარდამჭერი ნეირონები, სახელად მიულერის გლიური უჯრედები ისეთ ქსოვილებად, რომლებიც თვალის ბადურის კოლბის ფოტორეცეპტორების მსგავსად მოქმედებენ; ეს უკანასკნელები კი საჭიროა ფერის აღქმისა და მხედველობის სიმკვეთრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მხოლოდ თაგვის უჯრედებზე გატესტეს, თანდათანობით შეიძლება გადაიქცეს თერაპიად, რომელიც ადამიანებს მხედველობას აღუდგენს.


ნაწილობრივი მიზეზი იმისა, თუ რატომ აირჩიეს კვლევისთვის მიულერის გლიური უჯრედები, არის მათი უნარი, რომ გადაპროგრამდნენ ზოგიერთ ცხოველში. სამწუხაროდ, ადამიანებში ამ უჯრედებს ეს არ შეუძლიათ.


„საინტერესოა, რომ თევზებში მიულერის გლიური უჯრედები რეაქტიულია და თვალის ბადურას აღადგენენ. თუმცა, ძუძუმწოვრებში, მათ შორის ადამიანებშიც, ისინი ამას არ აკეთებენ არც დაზიანების და არც დაავადების შემდეგ. ბოლომდე არ ვიცით, რატომ“, — ამბობს კვლევის ავტორი, მონრეალის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი კამილ ბუდრო-პინსონო.


ამ კვლევაში საკვანძო იყო ორი გენი — Ikzf1 და Ikzf4 და მათ მიერ წარმოებული ცილები. ამ ცილებს დროებით იდენტიფიცირების ფაქტორებს უწოდებენ და ცნობილია, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვადასხვა ტიპის უჯრედების განვითარებაში.


მიულერის გლიური უჯრედები ჯერ გამოყვეს და მოახდინეს მათი კულტივირება, შემდეგ კი სხვადასხვა დროებითი იდენტიფიცირების ფაქტორის გამოყენებით გადააპროგრამეს, მათ შორის Ikzf1-ის და Ikzf4-ის საშუალებით. ამ ფაქტორებმა გლიური უჯრედები ბადურის კონუსის უჯრედებად სრულად ვერ გარდაქმნა, მაგრამ მისცა ზოგიერთი ისეთი აუცილებელი მახასიათებელი, რომელიც ფოტორეცეპტორების მსგავსად ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.


მიუხედავად იმისა, რომ გლიური უჯრედები ხელს უწყობენ თვალის სხვა უჯრედების კვებას, რეგულირებას და ორგანიზებას, მკვლევართა განცხადებით, ამ დამხმარე უჯრედთა ჭარბი რაოდენობა საკმარისია, რომ გარკვეული ნაწილი გარდაიქმნას ფოტორეცეპტორის მსგავს უჯრედებად, რომლებიც გადამწყვეტია სინათლის დასანახად და ფერების გასარჩევად.


ჯერ ძალიან ადრეული ეტაპია, მაგრამ ეს პროცესი შეიძლება თანდათან ისე დაიხვეწოს, რომ ადამიანებშიც იმუშაოს, ყოველგვარი ახალი უჯრედების გადანერგვის გარეშე. ამას გარდა, კვლევის შედეგები ასევე შეიძლება გამოსადეგი იყოს თავის ტვინის დაავადებათა სამკურნალოდ — დაზიანებული ნეირონები ჩავანაცვლოთ გადაპროგრამებული სხვა ტიპის უჯრედებით.


წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ დასაწყისი საკმაოდ იმედისმომცემია. ამის შემდეგ, ჯგუფს სურს, რომ უფრო ახლოს შეისწავლოს ამ უჯრედთა გარდაქმნაში ჩართული მექანიზმი და გამოავლინოს გზები, რომლითაც ის უფრო ეფექტიანი შეიძლება გახდეს.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.




მომზადებულია nouvelles.umontreal.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/tvalis-badurashi-midzinebul-ujredta-gaaqtiurebit-sheidzleba-dakarguli-mkhedveloba-aghdges-1tvmecniereba/?fbclid=IwAR3BZRzBc52CTNj7mWYaiw3f-IAGudMbCip85a_rMwXXAnh4GvlH6Hc4DN8


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხელოვნური დამატკბობელი ასპარტამი კიბოს შესაძლო მიზეზად გამოაცხადა

15/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნახევრად დამოუკიდებელ კომიტეტში აცხადებენ, რომ როგორც მათ განსაზღვრეს, პოპულარულ ხელოვნურ დამატკბობელი ასპარტამს, რომელიც ათასობით პროდუქტში გვხვდება, მათ შორის გაზიან სასმელებსა და უშაქრო საღეჭ რეზინებში, „ადამიანისთვის შესაძლო კანცეროგენის“ კატეგორია უნდა მიენიჭოს.


თუმცა, რამდენად საგანგაშოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს განცხადება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გაზიანი სასმელები კიბოს იწვევს.


საქმე ის არის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევების საერთაშორისო სააგენტოს (IARC) მიერ მიმოხილული ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ შეიძლება არსებობდეს კავშირი ასპარტამსა და ღვიძლის კიბოს შორის. თუმცა, ასეთი დასკვნა საბოლოო არ არის, როგორც ეს თუნდაც აზბესტისა და თამბაქოს შემთხვევაშია.


ასპარტამი ერთ-ერთ ყველაზე კარგად შესწავლილ საკვებ დანამატად მიიჩნევა არსებულთა შორის. მრავალი მარეგულირებელი ორგანო, მათ შორის, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია გამუდმებით აღნიშნავს, რომ გარკვეული მითითებების ფარგლებში გამოყენებისას, ასპარტამი ადამიანებისათვის უსაფრთხოა. უფრო მეტიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცალკე კომიტეტმა ასევე ჩაატარა ასპარტამის რისკების შეფასება და აცხადებს, რომ ორგანიზაციის საკუთარი სახელმძღვანელო შეცვლას არ საჭიროებს.


ზოგიერთი მეცნიერი და საკვებისა და სასმლის მწარმოებელი შიშობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „შესაძლო კანცეროგენურის“ იარლიყი მომხმარებლებს დააბნევს. თუმცა, სააგენტო იმედოვნებს, რომ ეს ფაქტი მეცნიერებს ასპარტამისა და კიბოს შესაძლო რისკის უფრო მეტად შესწავლისკენ უბიძგებს.


არაალკოჰოლურ სასმელთა ინდუსტრიის წარმომადგენელი ასოციაცია American Beverage განცხადებაში აღნიშნავს, რომ „სამეცნიერო და მარეგულირებელ საზოგადოებაში არსებობს ფართო კონსენსუსი, რომ ასპარტამი უსაფრთხოა. ასეთ დასკვნამდე მრავალჯერ მივიდნენ სურსათის უვნებლობის სააგენტოები მთელ მსოფლიოში“.


აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) გადაწყვეტილებას ეხმიანება და არ ეთანხმება IARC-ის დასკვნას ასპარტამის შესაძლო კანცეროგენურობის შესახებ. სააგენტო აღნიშნავს, რომ პრობლემა იმ კვლევებში მდგომარეობს, რომლებზე დაყრდნობითაც მივიდა კომიტეტი ასეთ დასკვნამდე.


რა არის ასპარტამი?


ასპარტამი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ხელოვნური დამატკბობელია.


უკვე ათწლეულებია, რაც ის ბაზარზეა. კალორიების კონტროლის საბჭო — საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც დაბალ და შეზღუდული რაოდენობის კალორიების სურსათისა და სასმელების ინდუსტრიას წარმოადგენს, აღნიშნავს, რომ გლობალურად ასპარტამი დაახლოებით 6000 პროდუქტში გვხვდება.


ასპარტამი შეიძლება შეგხვდეთ ისეთ პროდუქტებშიც, რომლებშიც ვერც კი წარმოიდგენთ. მაგალითად, კბილის პასტებსა და მედიკამენტებში. როგორც წესი, მის შემცველ პროდუქტებს აწერია „დიეტური“ ან „უშაქრო“.


ასპარტამს შეიცავს უშაქრო გაზიანი სასმელები, ყავის დამატკბობლები და ზოგიერთი წვენი. საკვებში ასპარტამი ხშირად გვხვდება დაბალკალორიულ ნაყინებში, ჟელატინში; ასევე უშაქრო საღეჭ რეზინებში.


ჯერ კიდევ მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ადამიანები წონის კონტროლის მიზნით ხელოვნურ დამატკბობლებს არ უნდა დაეყრდნონ. მიუხედავად ამისა, ასპარტამი ხშირად გამოიყენება „დიეტურ“ სასმელებში, რადგან მას შაქარზე გაცილებით ნაკლები კალორია აქვს. შედარებისათვის, ასპარტამი შაქარზე დაახლოებით 200-ჯერ უფრო ტკბილია და შესაბამისად, პროდუქტებში ბევრის დამატება საჭირო არ არის.


მაგალითად, ერთი პაკეტი ყავის დამატკბობელი დაახლოებით იმდენ კალორიას შეიცავს, რამდენსაც ორი ჩაის კოვზი ჩვეულებრივი შაქარი. პაკეტში 4 კალორიაა, მაგრამ ორ ჩაის კოვზში 32 კალორია.


თავდაპირველი დაბნეულობა ასპარტამის ირგვლივ


გამოჩენისას, ასპარტამმა გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია.


1974 წელს, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ასპარტამი ზოგიერთ საკვებსა და სასმელში გამოსაყენებლად დაამტკიცა; თუმცა, გადაწყვეტილება რამდენიმე წლით შეჩერდა გარკვეული ურთიერთგამომრიცხავი კვლევებისა, მისი დამტკიცების მიზნებისა და თავად თავდაპირველი კვლევების გარშემო არსებული კითხვების გამო. ზოგიერთი მკვლევარი შეშფოთებული იყო, რადგან ცხოველებზე ჩატარებულმა ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასპარტამი ვირთხებში შეიძლება თავის ტვინის სიმსივნეს იწვევდეს.


1981 წელს, ყოვლისმომცველი კვლევა-ძიების შემდეგ, FDA-მ ასპარტამის მშრალ საკვებში გამოყენების ნებართვა გასცა. იმავე წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საკვები დანამატების ექსპერტთა კომიტეტმა მისი მიღების დაშვებული დღიური პარამეტრები განსაზღვრა.


ასპარტამის სახელმძღვანელო


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო 1981 წლის შემდეგ არ შეცვლილა: დღეში მაქსიმუმ 40 მილიგრამი ასპარტამი სხეულის ერთ კილოგრამზე. აშშ-ში რეკომენდებული ოდენობა ცოტა მაღალია: 1983 წელს, FDA-მ ეს მაჩვენებელი სხეულის ყოველ კილოგრამზე 50 მილიგრამით განსაზღვრა.


ამდენის მოსახმარებლად, ადამიანმა ძალიან ბევრი გაზიანი სასმელი ან ასპარტამის შემცველი ძალიან ბევრი საკვები უნდა ჭამოს.


American Beverage-ის განცხადებით, დიეტური სასმელები ქილაში საშუალოდ 100 მილიგრამ ასპარტამს შეიცავს.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით გამოდის, რომ ადამიანმა, რომელიც 83 კილოგრამს იწონის, შეიძლება დღეში 33 ქილა გაზიანი სასმელი დალიოს და ამით ზღვარს არ გადააჭარბოს. ამერიკული რეკომენდაციის მიხედვით კი მას დღეში 40-მდე ქილის დალევა შეუძლია.


როგორია კლასიფიკაციის პროცესი


ჯანმრთელობაზე ასპარტამის შესაძლო გავლენა ასობით კვლევაშია შესწავლილი.


მიუხედავად იმისა, რომ ყოველი კვლევა მას უსაფრთხოდ მიიჩნევს, მეცნიერების წინსვლასთან ერთად, FDA და სხვა მარეგულირებელი ორგანოები ხელახლა აფასებენ, თუ ზუსტად რამდენად უსაფრთხოა ის. ახალი მიმოხილვა პირველია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს ექსპერტთა დამოუკიდებელმა საბჭომ ჩაატარა; მათ გადაწყვიტეს, ოფიციალურად მიმოეხილათ წლების განმავლობაში შეგროვებული მტკიცებულებები.


ასეთ საქმიანობას ეწევა და საფრთხეების შეფასება ახდენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის დანაყოფი, IARC. კომიტეტი ამოწმებს ქიმიურ ნივთიერებებს, ვირუსებსა და საკვებ დანამატებს, რათა განსაზღვროს, ხომ არ არის რომელიმე მათგანი კიბოს გამომწვევი. ასეთ მიმოხილვებს ის ხუთწლიანი ციკლებით ატარებს. 2015 წელს, ისეთი დამუშავებული ხორცი, როგორიც სოსისებსა და ჰოთდოგებშია, საბჭომ იმავე კატეგორიაში მოაქცია, რაშიც არის სიგარეტი.


ასპარტამის მიმოხილვისთვის, კომიტეტმა შეისწავლა ლაბორატორიული მონაცემები, როგორც ცხოველებზე, ისე ადამიანებზე ჩატარებული კვლევების. 2022 წელს საფრანგეთში 100 000 ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ბევრი ხელოვნური დამატკბობლის შემცველ საკვებსა და სასმელს მოიხმარდნენ, კიბოს ოდნავ მაღალი რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც უფრო ნაკლებ დამატკბობელს მოიხმარდნენ. კვლევა დაკვირვებითი იყო და შესაბამისად, ვერ განსაზღვრავს, იყო თუ არა კიბოს უფრო მაღალი რისკის მიზეზი დამატკბობლები. ამას გარდა, კვლევა ეფუძნებოდა თხოვნას ადამიანთა მიმართ, ჩაეწერათ, რას სვამდნენ და მიირთმევდნენ; ასეთი თვითმოხსენებითი კვლევები კი ზოგჯერ ნაკლებად დამაჯერებლად მიიჩნევა.


2020 წელს თაგვებსა და ვირთხებზე ჩატარებულ კვლევაში ხელახლა გააანალიზეს იტალიის რამაზინის ინსტიტუტის კვლევა და დაადგინეს, რომ ცხოველებში ასპარტამი ლეიკემიასა და ლიმფომას იწვევდა. თუმცა, მეცნიერები შენიშნავენ, რომ ადამიანები არც თაგვები არიან და არც ვირთხები; ამავე დროს, ტოქსიკოლოგიის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ცხოველებში ასპარტამის კვლევების უმეტესობაში კიბოსთან კავშირი ვერ დადგინდა.


ჯამში კომიტეტმა ცხოველებზე ჩატარებული 12 კვლევა მიმოიხილა და მათი უმეტესობის შედეგი უარყოფითი იყო. ისინი, რომლებმაც კიბოსთან კავშირი აჩვენა, შეზღუდული იყო დიზაინისა და მონაცემთა ინტერპრეტაციის ხარისხის თვალსაზრისით. ადამიანებზე ჩატარებულმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა კიბოს გარკვეულ ეფექტებს მიაგნო, მათ შორის, ღვიძლის, ძუძუსა და ლიმფომის; ასევე მე-2 ტიპის დიაბეტის ზოგიერთ ეფექტს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს კვლევები დაკვირვებითი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი მტკიცებულება.


რას ნიშნავს ეს ყოველდღიურობაში


შეკითხვაზე, უნდა დავლიოთ თუ არა ასპარტამის ნაცვლად შაქრის შემცველი გაზიანი სასმელები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საკვების უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ფრანჩესკო ბრანკა აღნიშნავს, რომ არსებობს მესამე ალტერნატივაც, მაგრამ არა კიბოს რაიმე რისკის, არამედ სიმსუქნის საშიშროების გამო.


„უბრალოდ წყალი დალიეთ. მნიშვნელოვანია, რომ შეამციროთ ტკბილი სასმელი და საჭმელი, მიუხედავად იმისა, ხელოვნურ დამატკბობელს შეიცავს ისინი თუ შაქარს“, — ამბობს ბრანკა.


ბრანკა იქვე აღნიშნავს, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ბავშვებისთვის, რომლებიც ზედმეტად ბევრ ტკბილ პროდუქტებს მოიხმარენ. ნებისმიერ ტკბილზე უარის თქმა ჯანსაღი არჩევანია.


ზოგიერთი მეცნიერი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში ჩართული არ ყოფილა, შეშფოთებული არიან, რადგან რაიმესთვის შესაძლო კანცეროგენის დარქმევამ შეიძლება ხალხი ზედმეტად შეაშფოთოს.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) ასპარტამის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვის ვალდებულება არ აქვს, მაგრამ აშშ-ის დებულების თანახმად, საკვები დანამატებისგან კიბოს რისკი მიუღებელია, რამხელაც არ უნდა იყოს ის.


„არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდი იქნება რისკი ან პატარა, ეს კანონია. ვფიქრობ, ამაზე ყველამ სერიოზულად უნდა ილაპარაკოს“, — ამბობს საკვები დანამატების მკვლევარი თომას გალიგანი.


მომზადებულია CNN-ის მიხედვით.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/jandacvis-msoflio-organizaciam-khelovnuri-damatkbobeli-aspartami-kibos-shesadzlo-mizezad-gamoackhada-1tvmecniereba/?fbclid=IwAR1DxrfiCWWEDUD2-DHVBkxefzTfO8a_eBvvs5GOyQhitfdH5TFvwXI76xI




ალცჰაიმერის სამკურნალო ექსპერიმენტულმა პრეპარატმა დაავადების პროგრესი სამჯერ შეანელა

12/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

მრავალწლიანი სტაგნაციის შემდეგ, ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატებზე მუშაობა განახლდა.


ფარმაცევტული გიგანტის, Eli Lilly-ს განცხადებით, მისმა ექსპერიმენტულმა პრეპარატმა Donanemab-მა წარმატებით შეანელა კოგნიტური და ფუნქციური დაქვეითება ალცჰაიმერის ადრეული ეტაპის მქონე პაციენტებში, რაც დიდ იმედს წარმოადგენს იმ ფონზე, როდესაც დღეს ამ დაავადების სამკურნალო კარგი მედიკამენტი არ არსებობს. კომპანიის განცხადებით, აშშ-ის მარეგულირებლებს მონაცემებს ივნისის ბოლომდე გაუგზავნის და იმედი აქვს, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში, ავტორიზაციასაც მიიღებს.


აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაჩქარებული წესით დაამტკიცა ალცჰაიმერის ასეთივე პრეპარატი, სახელად Leqembi, რომელიც კომპანია Biogen-მა და Eisai-მ შექმნეს. ეს პრეპარატი ზომიერად ანელებს ალცჰაიმერის პროგრესს ადამიანებში, რომლებსაც დაავადების ადრეული ეტაპი აქვთ.


ალცჰაიმერის დიაგნოზი დაახლოებით 6,5 მილიონ ამერიკელს აქვს და ამჟამად არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ადამიანს მისგან ბოლომდე განკურნავს.


Eli Lilly-მ ცდებში ძირითადად შეისწავლა, რა გავლენა მოახდინა მისმა პრეპარატმა პაციენტების მიერ ყოველდღიური ამოცანების შესრულებაზე, მაგალითად, მანქანის მართვასა და სადილის მომზადებაზე, როგორც ამას ალცჰაიმერის დაავადების რეიტინგის სკალა (iADRS) ზომავს. ბოლო ფაზის კვლევაში 1182 ადამიანი მონაწილეობდა და აღმოჩნდა, რომ 18 თვის განმავლობაში, დაავადების მაჩვენებელი 35 პროცენტით შემცირდა.


„ეს გახლავთ ალცჰაიმერის დაავადების პრეპარატის კლინიკური ცდების მესამე ფაზის პირველი კვლევა, რომელმაც 35-პროცენტიანი კლინიკური და ფუნქციური შემცირება აჩვენა. შედეგად, ეს ამ სფეროში ყველაზე კარგი მაჩვენებელია ამ დროისათვის. ნაკლები პროგრესირება ნიშნავს მეტ დროს პაციენტებისთვის“, — ამბობს კომპანიის წარმომადგენელი დაუნ ბრუკსი.


ცდებში, პაციენტების ნახევარს, რომლებმაც Donanemab-ი მიიღეს, მკურნალობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ არ აღენიშნებოდათ ალცჰაიმერის სიმპტომების გაუარესება, მაშინ, როცა პლაცებომიღებულ პაციენტთა 71 პროცენტს დაავადების პროგრესირება აღენიშნათ.


პაციენტებს და მათ ექიმებს მოუწევთ შეაფასონ პრეპარატის სარგებელი გარკვეული სერიოზული გვერდითი ეფექტების წინააღმდეგ. ცდებისას დადგინდა, რომ პრეპარატი მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეშუპება ან სხვა პათოლოგიები. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა სერიოზული არ არის, კომპანია აცხადებს, რომ სულ მცირე ორი პაციენტის სიკვდილი სწორედ ამ გვერდით ეფექტებთან იყო დაკავშირებული.


Leqembi-ის მსგავსია Donanemab-ის მოქმედების პრინციპიც — თავის ტვინში ამცირებს იმ ცილების დონეს, რომლებიც ალცჰაიმერის პროგრესირებას იწვევენ. ცდებში პაციენტები Donanemab-ს იქამდე იღებდნენ, ვიდრე სკანირება არ აჩვენებდა, რომ მათ ტვინში უკვე აღარ იყო ეს ცილები, სახელად ბეტა-ამილოიდები.


მეორე მხრივ, პრეპარატი Leqembi უფრო ხანგრძლივი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. donanemab-ის მიღება ოთხ კვირაში ერთხელ ხდება, Leqembi-ს კი ორ კვირაში ერთხელ.


კლინიცისტები და ანალიტიკოსები, Leqembi-სა და donanemab-ის მონაცემებს გამოიკვლევენ, რათა გამოავლინონ თითოეული წამლის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები. ცდების ბოლო ფაზაში, 18-თვიანი მკურნალობის შემდეგ, Leqembi-მ კოგნიტური გაუარესების მაჩვენებელი პაციენტებში 27 პროცენტით შეანელა. ამავე საზომით, რომელსაც CDR-SB-ს უწოდებენ, donanemab-ის მაჩვენებელი 36 პროცენტია.


მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/alchaimeris-samkurnalo-eqsperimentulma-preparatma-daavadebis-progresi-samjer-sheanela-1tvmecniereba/?fbclid=IwAR0ryeMWjRmw1KBZlzd-9Ssmef0dmVdhnzD-kJZtXtxKfuOxfrpupIgyq8o


ალცჰაიმერის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ თაგვებზე ცდისას წარმატებული შედეგები აჩვენა

11/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ექსპერიმენტული ვაქცინა, რომლის მიზანიც ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირების შენელება ან პრევენციაა, თაგვებზე დაიტესტა. ადრეული შედეგები იმედისმომცემია.


თაგვებს ინჟინერიით შეყვანილი ჰქონდათ გენი, რომელიც მათ ალცჰაიმერის მსგავსი დაავადების მაღალი რისკის ქვეშ აყენებდა; აღმოჩნდა, რომ ვაქცინაციის შემდეგ, მათ ძალიან ცოტა ამილოიდური ფირფიტები ჰქონდათ.


ამას გარდა, ნაკლებად ჰქონდათ თავის ტვინის ანთებაც და აღენიშნებოდათ გაუმჯობესება ქცევასა და ცნობიერებაში. ამის შესახებ იაპონიის ჯუნტენდოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ჯგუფი იუწყება.


კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის და შესაბამისად, ზედმეტად არ უნდა აღვფრთოვანდეთ. შედეგები მკვლევრებმა ბოსტონში, ამერიკის გულის ასოციაციის 2023 წლის გულ-სისხლძარღვთა მეცნიერების სამეცნიერო სესიაზე წარმოადგინეს.


„ახალ ვაქცინაზე ჩვენ მიერ თაგვებზე ჩატარებული ტესტი მიგვანიშნებს დაავადების პრევენციის ან შეცვლის პოტენციურ გზაზე. თუ ვაქცინა ადამიანებშიც წარმატებული აღმოჩნდა, დიდი ნაბიჯი იქნება ამ დაავადების პროგრესირების გადავადების ან პრევენციისკენ“, — ამბობს გულ-სისხლძარღვთა მეცნიერი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჩიე-ლუნ ჰსიაო.


ცოტა ხნის წინ, ადამიანებზე ცდა ჩატარდა ახალი პრეპარატითაც, რომელიც მალე შეიძლება FDA-მ დაამტკიცოს. როგორც ამ ცდებმა აჩვენა, პრეპარატი დაავადების პროგრესს თვეებით ანელებს.


ახალი პოტენციური ვაქცინა მიზანში იღებს ცილას, რომელიც დაბერებულ უჯრედებში ჩნდება — ასაკოვან უჯრედებში, რომლებიც აღარ იყოფიან, მათ აღარც ორგანიზმი წმენდს, ირგვლივ ტრიალებენ და იწვევენ ანთებას.


ერთ-ერთი ცილა, რომელსაც დაბერებული უჯრედები გამოხატავენ, არის SAGP, ანუ სიბერესთან დაკავშირებული გლიკოპროტეინი, რომელიც ვაქცინის სამიზნეა.


მკვლევრებმა ვაქცინა ასაკთან დაკავშირებული მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ შექმნეს, მათ შორის თაგვებში მე-2 ტიპის დიაბეტის.


თუმცა, სხვა მკვლევრებმა აჩვენეს, რომ SAGP ძლიერ არის გამოხატული (ექსპრესია) ნერვულ დამხმარე ქსოვილებში (გლიური უჯრედები) ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებში; შესაბამისად, მკვლევართა ჯგუფმა ვაქცინა დატესტა გენური ინჟინერიით ისე დამუშავებულ თაგვებზე, რომლებსაც ამილოიდური დაფები უნდა განვითარებოდათ და გასჩენოდათ ალცჰაიმერის მსგავსი სიმპტომები.


2,5 თვის თაგვების ნაწილს პლაცებო გაუკეთეს, ნაწილს SAGP ვაქცინა.


ამის შემდეგ, ექვსი თვის ასაკში, მკვლევრებმა მათი ქცევა ლაბირინთის მსგავს მოწყობილობაში დატესტეს, შემდეგ კი მათი თავის ტვინი და სხეული შეისწავლეს.


ვაქცინირებულ თაგვებმა ქცევით ტესტებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენეს. აღენიშნებოდათ უფრო მეტი ცნობიერება მიმდებარე გარემოსადმი და იქცეოდნენ ჯანმრთელი თაგვებივით.


ამას გარდა, მათ თავის ტვინში შემცირებული იყო ანთების რამდენიმე ბიომარკერი.


ვაქცინირებულ თაგვებს მნიშვნელოვნად შემცირებული ჰქონდათ ამილოიდური ფირფიტების დაგროვებაც თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქში — ტვინის რეგიონში, რომელიც დაკავშირებულია ენის დამუშავებასა და პრობლემების გადაჭრასთან.


საინტერესოა, რომ როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, SAGP ცილები ძლიერ იყო გამოხატული თავის ტვინის სპეციალიზებული უჯრედების, მიკროგლიის სიახლოვეს. მიკროგლია ცენტრალური ნერვული სისტემის თავდაცვის მთავარი ნაწილია.


თუმცა, მიკროგლიას ანთების გამოწვევაც შეუძლია და უკვე არსებობს ეჭვი, რომ ის ალცჰაიმერში გარკვეულ როლს ასრულებს.


ამ ცდის შედეგები მიუთითებს, რომ მიკროგლიის მიზანში ამოღება შეიძლება ამ დაავადების მკურნალობის გზა იყოს.


„გააქტიურებულ მდგომარეობაში მყოფი მიკროგლიის ამოღებით, შეიძლება ასევე გაკონტროლდეს ანთება თავის ტვინში. ვაქცინამ შეიძლება მიზანში ამოიღოს მიკროგლია და მოაშოროს ეს ტოქსიკური უჯრედები, რითაც საბოლოოდ გასწორდება ის დეფიციტი ქცევაში, რაც ალცჰაიმერის დაავადების დროს გვხვდება“, — ამბობს ჰსიაო.


აღსანიშნავია, რომ ალცჰაიმერის ვაქცინის შექმნის მცდელობა აქამდეც ყოფილაპოტენციური ვაქცინებიც, რომლებიც ამჟამად ადამიანებზე იტესტება.
ასეთ ექსპერიმენტულ ვაქცინებს ადამიანებზე ცდების დასაწყებად ძალიან დიდი გზის გავლა ესაჭიროება.


თუმცა, იმედისმომცემია, რომ ვაქცინა ქცევის გაუმჯობესებასთან აღმოჩნდა დაკავშირებული და აშკარად აჩვენებს, რომ მკვლევრები სწორ გზაზე დგანან.


„ალცჰაიმერის სამკურნალო სხვა ვაქცინებით თაგვებზე აქამდე ჩატარებული კვლევები წარმატებული აღმოჩნდა ამილოიდური ფირფიტების დალექვისა და ანთებითი ფაქტორების შემცირების თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენი კვლევა იმით განსხვავდება, რომ ჩვენმა SAGP ვაქცინამ თაგვებში ქცევაც უკეთესობისკენ შეცვალა“, — აღნიშნავს ჰსიაო.


მომზადებულია newsroom.heart.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/alchaimeris-eqsperimentulma-vaqcinam-tagvebze-cdisas-warmatebuli-shedegebi-achvena-1tvmecniereba/


მასშტაბური გლობალური კვლევის მიხედვით, 50 წელს ქვემოთ კიბოს შემთხვევები ბოლო 30 წელიწადში 80%-ით არი

11/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

გასული 30 წლის განმავლობაში, 50 წელს ქვემოთ კიბოს დიაგნოზის მაჩვენებელი საგანგაშოდ, 79,1 პროცენტით გაიზარდა, რაც ამ დაავადებით 27,7 პროცენტით მეტ სიკვდილიანობას ნიშნავს.


ახალი მოხსენება, რომელშიც პროგრამა „დაავადებათა გლობალური ტვირთის“ 2019 წლის კვლევის მონაცემები გამოიყენეს, აჩვენებს, რომ 14-დან 49 წლამდე ასაკის პირებში კიბოს შემთხვევები 1990 წელს 1,82 მილიონი იყო, 2019 წელს კი 3,26 მილიონი.


204 ქვეყანაში 29 ტიპის კიბოზე შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე ეჭვქვეშ აყენებს საერთო წარმოდგენას კიბოს იმ ტიპის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში გვხვდება. კვლევას ჩინეთის ჯეძიანის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ ჩაატარა.


მკვლევართა განცხადებით, ეს ყველაფერი წარმოაჩენს ადრეული დიაგნოზისა და მიზანმიმართული მკურნალობის მნიშვნელობას; ასევე იმას, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებში პოპულარიზაცია უნდა გაუწიონ პრევენციული ცხოვრების წესს, მათ შორის ჯანსაღ კვებას, თამბაქოსა და ალკოჰოლის შეზღუდვას და ფიზიკურ აქტივობას.


მოსალოდნელია, რომ ადრეულ ასაკში კიბოს შემთხვევები (50 წელს ქვემოთ ასაკში) 2030 წლისთვის მსოფლიოში 31 პროცენტით გაიზრდება, რაც სიკვდილიანობის 21-პროცენტიან ზრდას ნიშნავს. რისკი ყველაზე დიდია 40-დან 49 წლამდე პირებში.


2019 წელს, ამ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ძუძუს კიბოს ჰქონდა; ამავე დროს, 1990 წლიდან ყველაზე სწრაფ ზრდას აჩვენებდა სასუნთქი მილის (ტრაქეა) და პროსტატის კიბოები. მეორე მხრივ, დაკლებულია ადრეულ ასაკში ღვიძლის კიბოს მაჩვენებელი.


ლონდონის დედოფალ მარის უნივერსიტეტის მეცნიერის, სტივენ დაფი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ზოგიერთი ტენდენციის პოტენციურ ახსნას გვთავაზობს.


„ღვიძლის კიბოს შემთხვევაში, შემთხვევათა დიდი რაოდენობის მიზეზი B ჰეპატიტის ვირუსია, რომლის წინააღმდეგაც ახლა უკვე არსებობს ეფექტიანი ვაქცინა. რაც შეეხება ნაზოფარინგეალურ კიბოს, დიდი რიცხვების მიზეზია ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომლის წინააღმდეგაც ჯერ არ არსებობს ეფექტიანი ვაქცინა“, — ვარაუდობს ექსპერტი კვლევის შეფასებისას.


მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ კიბოში გენები ასრულებს როლს, ზოგჯერ მისგანაც კი გვიცავს, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ გასათვალისწინებელია მრავალი პრევენციული ფაქტორი.


„კვებითი რისკფაქტორები (რაციონში ბევრი წითელი ხორცი, ცოტა ხილი, ბევრი ნატრიუმი, ცოტა რძე და ა. შ.), ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, ადრეულ ასაკში კიბოს განვითარების მთავარი რისკფაქტორებია“, — წერენ მკვლევრები.


მონაცემები ასევე მიუთითებს, რომ დამნაშავეებს შორის ასევე არის არააქტიური ცხოვრების წესი, ჰაერის დაბინძურება, სიმსუქნე, დიაბეტი და სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა.


1990-იანი წლების შემდეგ 50 წელს ქვემოთ პირებში კიბოს შემთხვევათა ზრდაზე წინა კვლევებიც მიუთითებდა, მაგრამ კვლევების უმეტესობა რეგიონულ განსხვავებებზე იყო ფოკუსირებული.


არასაკმარისი კვლევებია ჩატარებული იმ ფაქტორთა განსასაზღვრად, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდა ასაკში სერიოზულ კიბოებთან, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფებში კიბოს გავრცელებასთან.


„ამ კვლევის მნიშვნელოვანი ასპექტია მონაცემების გლობალურობა. წარმოჩენილია რეგიონებს შორის სხვადასხვაობები, რაც მიუთითებს სხვადასხვა პოპულაციებში სპეციფიკური რისკფაქტორების დადგენის საჭიროებაზე“, — ამბობს ბელფასტის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მკვლევარი ეშლი ჰამილტონი.


ადრეულ ასაკში კიბოს შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპაში; სხვადასხვანაირი მაჩვენებლები იყო დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში — მათ შორის კი სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა ოკეანეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ამ ქვეყნებში არაპროპორციულად მაღალი იყო სიკვდილიანობა და ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით დაზარალებულებს შორის კი ქალები იყვნენ.


კვლევას გარკვეული ნაკლოვანებები აქვს. თუნდაც ის ფაქტი, რომ მონაცემთა ხარისხი ქვეყნების მიხედვით იცვლება, არის არასწორ მოხსენებათა შესაძლებლობა, მკაფიო არ არის სკრინინგისა და ადრეულ ასაკში გარემოებითი ფაქტორების ეფექტები.


მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები გავითვალისწინოთ მზარდი მოსახლეობის ფართო კონტექსტშიც, როგორც ამას ლონდონის წმინდა გიორგის უნივერსიტეტის უჯრედული ბიოლოგი დოროთი ბენეთი განმარტავს.


„ამ ასაკობრივ ჯგუფში კიბოთი სიკვდილიანობის ზრდა საგრძნობლად დაბალი იყო, ვიდრე დიაგნოზი, კერძოდ, 28 პროცენტი, რაც ნაკლებია მთლიანი მოსახლეობის ზრდისა და შემთხვევათა რაოდენობაზე, რაც მიუთითებს ამ ასაკობრივ ჯგუფში კიბოთი სიკვდილის საშუალო მაჩვენებლის ვარდნაზე“, — ამბობს ბენეთი.


მრავალწლიანი კვლევების მიუხედავად, კიბო ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს კლავს; შესაბამისად, პრევენცია გადამწყვეტია. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კვლევებში ინვესტირება, საზოგადოებისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენელთა განათლება გადამწყვეტია ხანგრძლივი, ჯანმრთელი სიცოცხლისთვის.


კვლევა BMJ Oncology-ში გამოქვეყნდა.


მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/masshtaburi-globaluri-kvlevis-mikhedvit-50-wels-qvemot-kibos-shemtkhvevebi-bolo-30-weliwadshi-80-it-aris-gazrdili-1tvmecniereba/?fbclid=IwAR3Q14mR9S4_sR86-lNGy88Zegs6rqsCaTDPTz7u8MXoGU8cXMFyYjvvWtg



„ექთნების რაოდენობა მინიმუმ 3,6-ჯერ გასაზრდელია…“

11/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ 2019 წლის მდგომარეობით ერთ ექიმზე საშუალოდ 0.6 ექთანი მოდის, მაშინ როდესაც 1990 წლამდე ერთ ექიმზე საშუალოდ 2.2 ექთანი მოდიოდა.


„2019 წლის მდგომარეობით ერთ ექიმზე საშუალოდ 0.6 ექთანი მოდის, მაშინ როდესაც 1990 წლამდე ერთ ექიმზე საშუალოდ 2.2 ექთანი მოდიოდა.


ამდენად, 2019 წლის მდგომარეობით ექთნების რაოდენობა მინიმუმ 3,6-ჯერ გასაზრდელია, რომ აღდგეს უმაღლესი და საშუალო კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის ოპტიმალური პროპორცია“, – წერს გიორგი ფხაკაძე.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

რეფორმების შედეგად, ფასები მკვეთრად, 70%-მდე შემცირდა…

08/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აგვისტოში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ჯანდაცვის მიმართულებით ფასები 7.3 პროცენტით შემცირდა, რაც -0.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.


ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.6 პროცენტი). ივლისის თვეში, ჯანდაცვის ჯგუფში 6.9 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა, ამასთან, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფში -17.3 პროცენტიანი კლება იყო. შესაბამისად, აგვისტოში სამედიცინო პროდუქცია კიდევ უფრო გაიაფდა.


სამინისტროს მიერ ფარმაცევტულ ბაზარზე განხორციელებული რეფორმების შედეგად, ფასები მკვეთრად, 70%-მდე შემცირდა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მკურნალობის პროგრამაში, საწყის ეტაპზე, 6 პაციენტი ჩაერთვება…

08/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მედიკამენტ„ვოსორიტიდით“ მკურნალობის პროგრამას და მასში ჩასართავად საჭირო პროცედურებს გაეცნენ. მშობლებმა ხელი მოაწერეს ინფორმირებულ თანხმობას, რაც მკურნალობის პროგრამაში ჩასართავად, აუცილებელი წინაპირობაა.


სახელმწიფო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დანერგვას, ქვეყანაში, ეტაპობრივად, იწყებს. 2023 წელს, მკურნალობის პროგრამაში, საწყის ეტაპზე, 6 პაციენტი ჩაერთვება. მათ შორის არიან ბენეფიციარები, ვისაც ზრდის ზონები, ასაკის გამო, ყველაზე ადრე ეხურებათ. ასევე – მძიმე კლინიკური გამოვლინებების მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობას მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყებენ.


მკურნალობის პროგრამა მრავალპროფილურ, პედიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში განხორციელდება. პროცესს კლინიცისტების მულტიდისციპლინური გუნდი წარმართავს.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights