მელიტინს, სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედების ერთ საათში განადგურება შეუძლია!
24-საათიანი მარკეტები და აფთიაქები იხურება
„ანაზღაურების DRG მეთოდი პაციენტისთვის მოხერხებული, გამჭვირვალე და სამართლიანია“
„მე ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობდი 2014 წლიდან. მიზანს მივაღწიე 2023 წელს“ – გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჯანდაცვის აკრედიტაციის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით საქართველოში აქტიურად მუშაობს 2014 წლიდან.
აკრედიტაცია კანადას ახალი პარტნიორია მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.
კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
აკრედიტაცია კანადას ახალი პარტნიორია მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი.
გიორგი ფხაკაძე მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრს ეწვია. შეხვდა კლინიკის ხელმძღვანელობას.
„აკრედიტაცია კანადას ახალი პარტნიორია მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ეს დიდი პატივია. სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია მიმდინარეობს წარმატებით“, – განაცხადა გიორგი ფხაკძემ.
ტკივილი, როგორც წესი, გვერდის, წელის არეში ან კუდუსუნის ზემოთ იგრძნობა
ტკივილი წელის არეში
თირკმლების დაავადებებით გამოწვეული ტკივილი, როგორც წესი, გვერდის, წელის არეში ან კუდუსუნის ზემოთ იგრძნობა. ზოგჯერ იგი მუცლის შუა ნაწილისკენ გადაეცემა. ტკივილს თირკმლების გარედან მფარავი კაფსულის დაჭიმვა იწვევს, რაც, თავის მხრივ, ამა თუ იმ დაავადებისას თირკმლების სწრაფად შეშუპების გამო ხდება. ძლიერ ტკივილს ხშირად გულისრევა და ღებინება ახლავს თან.
მიზეზები
თირკმლების კენჭი აუტანელ ტკივილს იწვევს, როცა დაიძვრება და შარდსაწვეთში გადადის. კენჭის მოძრაობის საპასუხოდ შარდსაწვეთი იკუმშება და ადამიანი ძლიერ, ჭვალისმაგვარ ტკივილს გრძნობს (თირკმლების ან შარდსაწვეთის კოლიკა) გვერდში და წელში, ხშირად საზარდულში ან სათესლე ჯირკვლებში გადაცემით. ტკივილი მოვლითი ხასიათისაა. ის შეიძლება გაგრძელდეს 20-დან 60 წუთამდე და შემდეგ გაქრეს. ტკივილი ყუჩდება და აღარ გრძელდება, თუ შარდსაწვეთი მოდუნდა ან კენჭი შარდის ბუშტში გადავიდა.
თირკმლების ინფექცია (პიელონეფრიტი) ამ ორგანოს შეშუპებას იწვევს, რაც ჭიმავს კაფსულას და პაციენტი მუდმივ, მღრღნელ ტკივილს გრძნობს. თირკმლების სიმსივნეები, როგორც წესი, არ იწვევს ამ შეგრძნებას, სანამ ძალიან დიდი ზომისა არ გახდება.
წელის ტკივილის სხვა მიზეზებია: თირკმლების ან ნაწლავის სისხლით მომარაგების მწვავე მოშლა, აორტის ანევრიზმა გამსკდარი ან, ზოგჯერ, გასკდომის გარეშე, ხერხემლის ან ზურგის ტვინის ნერვების დაავადებები, კუნთების ან ძვლების დაზიანებები და მუცლის ღრუს უკანა ნაწილის (რეტროპერიტონეუმი) სიმსივნეები.
შეფასება და მკურნალობა
სიმპტომების შეფასებისა და პაციენტის გასინჯვის შემდეგ ექიმი ხშირად შარდის ანალიზს ნიშნავს. ამ კვლევის შედეგით დგინდება, არის თუ არა შარდში სისხლის წითელი უჯრედები ან ჭარბი რაოდენობით თეთრი უჯრედები, რაც ინფექციას ხდის სავარაუდოს. საჭიროებისას შესაძლოა შარდში მიკრობული კულტურის შესწავლა. თუ ადამიანს ძალიან ძლიერი, შეტევითი ხასიათის ტკივილი აქვს (ჭვალი) და შარდში სისხლი აღმოჩნდება, დიდი ალბათობით მიზეზი თირკმლების კენჭოვანი დაავადებაა. თუ ტკივილი შედარებით სუსტია, თანაბარი, აღინიშნება მტკივნეულობა რომელიმე თირკმლის საპროექციო არეზე ხელის მსუბუქად დარტყმისას, მაღალი ტემპერატურა და სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის სიჭარბე შარდში, სავარაუდო დიაგნოზი თირკმლების ინფექციაა. თუ ექიმი კენჭის არსებობას ვარაუდობს, როგორც წესი, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა ტარდება, რათა ზუსტად განისაზღვროს კენჭის ზომა და მდებარეობა, ასევე ის, თუ რამდენად უშლის ის ხელს შარდის დინებას. ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერება საჭირო არ არის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩასატარებლად. თუ ტკივილის მიზეზი გაურკვეველია, შესაძლოა იგივე გამოკვლევა ჩატარდეს კონტრასტული ნივთიერებით ან სხვა კვლევა დაინიშნოს.
საჭიროა დადგენილი დაავადების მკურნალობა. საშუალო სიძლიერის ტკივილი შეიძლება გაყუჩდეს აცეტამინოფენის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღების შემდეგ. კენჭით გამოწვეული ტკივილი შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს და ინტრავენური ოპიოიდების გამოყენება გახდეს საჭირო.
თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
შესაძლოა, დააზიანოს ერთი ან ორივე თირკმელი, ერთი ან ორივე შარდსაწვეთი, შარდის ბუშტი ან შარდსადენი
თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი
თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებებმა შესაძლოა დააზიანოს ერთი ან ორივე თირკმელი, ერთი ან ორივე შარდსაწვეთი, შარდის ბუშტი ან შარდსადენი.
სიმპტომები
საშარდე გზების ზოგიერთი დაავადება იშვიათად იწვევს სიმპტომებს მანამ, სანამ ძალიან არ გაღრმავდება. ასეთი დაავადებებია: თირკმლების უკმარისობა, სიმსივნეები და კენჭები, თუ ისინი არ უშლის ხელს შარდის დინებას, აგრეთვე, ზოგი ნაკლებად მძიმე ინფექცია.
ზოგჯერ სიმპტომები ვლინდება, მაგრამ იმდენად ზოგადია, რომ ექიმისთვის ძნელია მათი თირკმელთან დაკავშირება. მაგალითად, შეუძლოდ ყოფნა ან უმადობა, ან გულისრევა, ან გავრცელებული ქავილი შესაძლოა თირკმლების ქრონიკული უკმარისობის ერთადერთი სიმპტომი იყოს. მოხუცებში ინფექცია ან თირკმლების უკმარისობა პირველად ცნობიერების მოშლით შეიძლება გამოვლინდეს. სიმპტომები, რომლებიც უფრო მეტად მიანიშნებს თირკმლების ან საშარდე გზების პრობლემებზე, შემდეგია: ტკივილი წელის არეში, ქვედა კიდურების შეშუპება და შარდვის გამოყოფის დარღვევები.
წვა ან ტკივილი შარდვისას
მოშარდვის დროს ტკივილი ან წვა (დიზურია) შესაძლოა იგრძნობოდეს შარდსადენის გარეთა ხვრელის მიდამოში ან, უფრო იშვიათად, შარდის ბუშტის არეში (მენჯში, მუცლის ქვედა ნაწილში, ბოქვენის ძვლის ზემოთ). ზოგჯერ ქალებში შარდვისას ტკივილი ან წვა მაშინაც არის, როცა საშოს ან მისი მიმდებარე არის ინფექცია ან ანთება, ანუ ვულვოვაგინიტია გამოხატული.
მიზეზები
დიზურია გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით ზრდასრული ასაკის ქალებს შორის. მისი მიზეზი ხშირად საშარდე გზების ინფექციაა, მაგალითად, ცისტიტი ან ურეთრიტი. თუმცა, დიზურია შესაძლოა აწუხებდეს ნებისმიერი ასაკის მამაკაცს ან ქალს, მაგრამ ინფექციით გამოწვეული არ იყოს.
შეფასება
ექიმები ზოგჯერ მიზეზს დაახლოებით ხვდებიან იმის მიხედვით, თუ სად არის ეს შეგრძნება ყველაზე მეტად გამოხატული. მაგალითად, თუ წვა ან ტკივილი ყველაზე ძლიერია ბოქვენის ძვლის ზემოთ, მაშინ შარდის ბუშტის ინფექცია – ცისტიტია სავარაუდო. ქალები, რომლებსაც ხშირად აქვთ ეს პრობლემა, ზოგჯერ სიმპტომების გამოვლენისთანავე ხვდებიან, რომ მორიგი გამწვავებაა მოსალოდნელი. თუ შეგრძნება შარდსადენის გარეთა ხვრელთანაა ყველაზე მკვეთრი, მიზეზი შეიძლება შარდსადენის ანთება – ურეთრიტი იყოს. მამაკაცებს შორის პენისიდან გამონადენის მიზეზი ხშირად ურეთრიტია. თუ წვა ძირითადად საშოს მიდამოში იგრძნობა და ქალს გამონადენიც აქვს, ვაგინიტია სავარაუდო.
გასინჯვამ შესაძლოა გამოავლინოს დიზურიის გამომწვევი დაავადება. მაგალითად, შეიძლება დადასტურდეს გამონადენის არსებობა, საშოს ან გარეთა სასქესო ორგანოების (ვულვა) ანთება და ატროფია, რაც ვულვოვაგინიტის ნიშანია. გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი მისი კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დამადასტურებელი შეიძლება იყოს. სათესლე დანამატის ან სათესლე ჯირკვლების მტკივნეულობა შესაძლოა ეპიდიდიმოორქიტით იყოს გამოწვეული, წინამდებარე ჯირკვლის მტკივნეულობა – პროსტატიტით.
ექიმები ყოველთვის ვერ თანხმდებიან დამატებითი გამოკვლევების საჭიროებაზე. ზოგი მათგანი უბრალოდ მკურნალობს ზრდასრულ ქალებს, რომლებსაც ცისტიტის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ. ზოგი გამოკვლევებს უნიშნავს ყველას ან მათ, ვისი დიაგნოზიც გარკვეული არ არის. ამ დროს, როგორც წესი, პირველად შარდის ანალიზი კეთდება. ხშირად საჭირო ხდება შარდში მიკრობული კულტურის შესწავლა ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმის დასადგენად და ეფექტური ანტიბიოტიკების შესარჩევად. ქალებში საშოდან გამონადენის ნაცხსაც იღებენ და მიკროსკოპით სწავლობენ. გარდა ამისა, უნდა დადგინდეს, იმ მამაკაცებს და ქალებს, რომლებსაც შარდსადენიდან გამონადენი აწუხებთ, ხომ არა აქვთ გონორეა ან ქლამიდიოზი.
მკურნალობა
უპირველესად პრობლემის მიზეზზე ზემოქმედებაა საჭირო. ხშირად მიზეზი ინფექციაა და მკურნალობა ადამიანს 1-2 დღეში ჰგვრის შვებას. თუ დიზურია ძალიან მკვეთრია, პირველი ორი დღის განმავლობაში ექიმმა შეიძლება ფენაზოპირიდინი დანიშნოს დისკომფორტის მოსახსნელად. ეს მედიკამენტი შარდს მოწითალო-ნარინჯისფრად ღებავს.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
თირკმლების ფუნქციები – ყველა ის ფუნქცია, რომელსაც ნორმაში ორი თირკმელი ასრულებს, შეიძლება ერთმა ჯანმრთელმაც შეასრულოს
თირკმლების ფუნქციები
ყველა ის ფუნქცია, რომელსაც ნორმაში ორი თირკმელი ასრულებს, შეიძლება ერთმა ჯანმრთელმაც შეასრულოს. ზოგი ადამიანი ცალი თირკმლით იბადება, ზოგი კი დონორი ხდება – ერთ თირკმელს გასცემს სხვისთვის გადასანერგად. სხვა შემთხვევაში შეიძლება ერთი თირკმელი ტრავმამ ან დაავადებამ ძალიან მძიმედ დააზიანოს და მისი ფუნქციონირება შეწყდეს.
თირკმლების ძირითადი ფუნქცია ორგანიზმში წყლისა და მინერალების (მათ შორის ელექტროლიტების) ბალანსის შენარჩუნებაა. გარდა ამისა, თირკმლებში იფილტრება და თირკმლების გზით გამოიყოფა საკვების, წამლებისა და მავნე ნივთიერებების (ტოქსინების) გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებები, აგრეთვე, გამომუშავდება ზოგი ჰორმონი. თირკმლები არტერიული წნევის რეგულაციაშიც მონაწილეობს.
წყლისა და ელექტროლიტების ბალანსი: ადამიანისთვის წყლის რეგულარულად მიღება სასიცოცხლოდ აუცილებელია. კიდევ უფრო მეტი წყალი საკვების გადამუშავებისას (მეტაბოლიზმი) გამოიყოფა. თუ მიღებული და გამოყოფილი წყლის რაოდენობა თანაბარი არ არის, ის სწრაფად გროვდება სხეულში, ადამიანი ავადდება და შესაძლოა დაიღუპოს კიდეც. ჭარბი რაოდენობით წყალი განაზავებს ორგანიზმში ელექტროლიტებს, წყლის რაოდენობის შემცირებისას კი, პირიქით, მათი კონცენტრაცია იზრდება. ამავე დროს, ელექტროლიტების კონცენტრაციის მუდმივობა ძალიან დიდი სიზუსტით უნდა იყოს შენარჩუნებული, რასაც თირკმლები უზრუნველყოფს.
სისხლი გლომერულაში მაღალი წნევით შედის. მისი თხევადი ნაწილის დიდი რაოდენობა გორგლის მცირე ზომის ფორებში იფილტრება, უჯრედები და დიდი მოლეკულები, მაგალითად ცილები, სისხლძარღვში რჩება. გამჭვირვალე, გაფილტრული სითხე ბოუმენის სივრცეში გადადის და იქიდან მილაკებით გაედინება. ზრდასრულ, ჯანმრთელ ადამიანებში თირკმლების მილაკებში დღეში 180 ლიტრი გაფილტრული სითხე გაივლის. იგი თითქმის მთლიანად (ელექტროლიტების ჩათვლით) უკან შეიწოვება თირკმელშივე. მისი დაახლოებით 1,5%-2% შარდის სახით გამოიყოფა. უკუშეწოვის განსახორციელებლად ნეფრონის სხვადასხვა ნაწილი აქტიურად გამოჰყოფს ან შეიწოვს სხვადასხვა ელექტროლიტს, რომელსაც თან წყალიც „მიჰყვება“. ნეფრონის ზოგი ნაწილი, საჭიროებისამებრ, ცვლის წყლის გატარების პროცესს, რითიც უკუშეწოვილი სითხის რაოდენობა რეგულირდება. ეს საკმაოდ რთული და მრავალსაფეხურიანი პროცესია.
მილაკის პირველ ნაწილში (პროქსიმალური კლაკნილი მილაკი) ნატრიუმის, წყლის, გლუკოზისა და სხვა გაფილტრული ნივთიერებების უდიდესი ნაწილი უკან შეიწოვება და სისხლს უბრუნდება. მილაკის შემდეგ ნაწილში (ჰენლეს მარყუჟი) ნატრიუმი, კალიუმი და ქლორი გარეთ გაედინება და, შესაბამისად, დარჩენილი სითხე უფრო მეტად არის განზავებული. ის გაივლის მილაკის მომდევნო ნაწილს (დისტალურ კლაკნილ მილაკს), სადაც დარჩენილი ნატრიუმის უდიდესი ნაწილი მილაკიდან გარეთ გაედინება კალიუმისა და მჟავას სანაცვლოდ, რომლებიც მილაკში შედის.
რამდენიმე ნეფრონის მილაკებიდან სითხე შემკრებ სადინარში გროვდება. სადინარებში ის შეიძლება განზავებული დარჩეს ან წყალი უკან, სისხლში გადავიდეს, რის შედეგადაც უფრო კონცენტრირებული შარდი წარმოიქმნება. წყლის უკუშეწოვა რამდენიმე ჰორმონით რეგულირდება, მათ შორის ანტიდიურეზული ჰორმონით (რომელსაც ჰიპოფიზი წარმოქმნის). ეს ნივთიერებები ეხმარება თირკმელს ფუნქციონირებაში, შარდის შემადგენლობის კონტროლში, წყლის და ელექტროლიტების ბალანსის შენარჩუნებაში.
ფილტრაცია და გამოყოფა: ორგანიზმში საკვების გადამუშავების პროცესში ნარჩენი ნივთიერებები წარმოიქმნება, რომლებიც სხეულიდან უნდა გამოიყოს. მათ შორის ერთ-ერთი ძირითადია შარდოვანა, რომელიც ცილების გადამუშავების შედეგად გროვდება. ის თავისუფლად გადადის გლომერულადან მილაკოვან სითხეში და რადგანაც, როგორც წესი, უკან არ შეიწოვება, შარდით გამოიყოფა.
სხვა არასასურველი ნივთიერებები, როგორიცაა მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი მჟავები, ბევრი ტოქსინი და წამალი, შარდში გამოიყოფა თირკმლების მილაკების უჯრედების მიერ (ისინი შარდის დამახასიათებელ სუნს განაპირობებენ).
არტერიული წნევის რეგულირება: თირკმლების კიდევ ერთი ფუნქცია არტერიული წნევის რეგულაციაა, რაც ზედმეტი ნატრიუმის ორგანიზმიდან გამოყოფის გზით ხორციელდება. თუ ნატრიუმი მცირე რაოდენობით გამოიყო, წნევა, როგორც წესი, მატულობს. რეგულაციის კიდევ ერთი გზაა სპეციფიკური ფერმენტის, რენინის, გამოყოფა. როცა წნევა ნორმაზე დაბლა ეცემა, თირკმლები სისხლში გადმოისვრიან ამ ნივთიერებას, რის შედეგად აქტიურდება რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემა, რომელიც წნევის მომატებას განაპირობებს. თირკმლების უკმარისობის მქონე ადამიანებში არტერიული წნევის რეგულირების უნარი დაქვეითებულია და წნევა ხშირად მაღალია.
ჰორმონების გამომუშავება: ჰორმონების გამოყოფის გზით თირკმლები სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებსაც ასრულებს, მაგალითად, არეგულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას, ძვლების ზრდასა და განვითარებას.
თირკმლებში გამომუშავდება ჰორმონი ერითროპოეტინი, რომელიც ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს, რომლებიც შემდეგ ძვლის ტვინიდან სისხლში გადმოდის.
ჯანმრთელი ძვლების ზრდა და განვითარება რთული პროცესია, რომელიც ორგანოთა რამდენიმე სისტემაზეა დამოკიდებული, მათ შორის თირკმლებზე. მათი მეშვეობით რეგულირდება კალციუმისა და ფოსფორის შემცველობა, ანუ იმ მინერალებისა, რომლებიც აუცილებელია ძვლების სიჯანსაღისთვის. თირკმლები ამას კანში წარმოქმნილი და საკვებით მიღებული D ვიტამინის აქტიურ ფორმაში (კალციტრიოლი) გადაყვანით უზრუნველყოფენ. კალციტრიოლი მოქმედებს როგორც ჰორმონი და ასტიმულირებს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას წვრილ ნაწლავში.
თირკმლებისა და საშარდე გზების ბიოლოგია
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
თირკმლები ლობიოს მარცვლის ფორმის ორგანოებია, რომელთა სიგრძე დაახლოებით 12 სანტიმეტრია
თირკმლებისა და საშარდე გზების
ბიოლოგია
ადამიანს ორი თირკმელი აქვს. საშარდე გზების დანარჩენი ნაწილებია: ორი შარდსაწვეთი (ისინი თითოეულ თირკმელს აკავშირებს შარდის ბუშტთან), შარდის ბუშტი და შარდსადენი (მილი, რომელიც შარდის ბუშტიდან სხეულის გარეთ მიემართება). თითოეული თირკმელი მუდმივად წარმოქმნის შარდს, რომელიც შარდსაწვეთების გავლით შარდის ბუშტში დაბალი წნევით ჩაედინება. შემდეგ შარდი შარდსადენის გავლით გამოდის სხეულიდან, მამაკაცებში პენისით, ხოლო ქალებში – ვულვის სიახლოვეს. შარდში ნორმაში, როგორც წესი, არ არის ბაქტერიები და სხვა პათოლოგიური მიკროორგანიზმები.
თირკმლები
თირკმლები ლობიოს მარცვლის ფორმის ორგანოებია, რომელთა სიგრძე დაახლოებით 12 სანტიმეტრია. ისინი ხერხემლის აქეთ-იქით, საჭმლის მომნელებელი ორგანოების შემცველი მუცლის ღრუს უკანაა განთავსებული. თითოეული მათგანი სისხლს აორტის ტოტებიდან – თირკმლების არტერიებიდან იღებს. სისხლი მათგან უფრო და უფრო მცირე არტერიებში მიედინება, რომელთაგან ყველაზე მცირე ზომისას არტერიოლები ეწოდება. არტერიოლებიდან სისხლი გლომერულებში, ანუ გორგლებში გადადის, სადაც უმცირესი სისხლძარღვების – კაპილარების ქსელია განთავსებული. გლომერულებიდან სისხლი არტერიოლებით გამოდის და პატარა ვენებში გადაედინება, რომლებიც ერთიანდება და წარმოქმნის თირკმლის ვენას, რომელსაც ამ ორგანოდან სისხლი გააქვს.
ნეფრონი თირკმლის უმცირესი, მიკროსკოპიული ერთეულია, რომელიც ფილტრავს სისხლს და წარმოქმნის შარდს. თითოეულ თირკმელში დაახლოებით ერთი მილიონი ნეფრონია. ისინი შედგება გლომერულის, მილაკისა და შემკრები სადინარისგან. გლომერულას, ანუ გორგალს, გარს აკრავს თხელი, თასის ფორმის ბოუმენის კაფსულა. კაფსულის შიგნით არსებული ბოუმენის სივრციდან გაფილტრული სითხე (შარდი) მილაკით გაედინება. ნეფრონის მესამე ნაწილი შემკრები სადინარია, რომელშიც შარდი რამდენიმე მილაკიდან გროვდება. თითოეული მილაკი, თავის მხრივ, სამი ერთმანეთთან დაკავშირებული ნაწილისგან შედგება: პროქსიმალური კლაკნილი მილაკი, ჰენლეს მარყუჟი და დისტალური კლაკნილი მილაკი.
თირკმელში ორი ნაწილი გამოიყოფა: გარეთა (ქერქოვანი) ნაწილი და შიგნითა (ტვინოვანი) ნაწილი. ყველა გლომერულა გარეთა ნაწილშია მოთავსებული, მილაკები კი – როგორც ქერქოვან, ისე ტვინოვან ნაწილებში. ათასობით ნეფრონის შემკრები სადინარიდან შარდი თირკმლების ფიალებში ჩაედინება. თითოეულ თირკმელში რამდენიმე ფიალაა, რომლებიც ცენტრალურ სივრცეს – თირკმლების მენჯს უკავშირდება. მენჯიდან შარდი შარდსაწვეთში გადადის.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
UNFPA-სა და ჟორდანიას კლინიკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – კლინიკა „მამების სკოლის“ პარტნიორი ხდება
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და ჟორდანიას კლინიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება, 2024 წლიდან ჟორდანიას კლინიკა „მამების სკოლას“ უმასპინძლებს. თანამშრომლობა ხორციელდება UNFPA-ის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ვიზრუნოთ ერთად“, რომელიც „მამების სკოლის“ პროგრამის კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი.
ინფორმაციას საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ოფისი ავრცელებს.
„მამების სკოლის“ მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. “მამების სკოლის” პროგრამა ასევე დაეხმარება კაცებს, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის და იმ სტერეოტიპების და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას აფერხებს.
სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის მამაა. სკოლაში სწავლა უფასოა და დაინტერესებული მამები მონაწილეობას ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით შეძლებენ.
„მამების სკოლა“ რვა ძირითადად სესიას მოიცავს. თითოეული სესიის ხანგრძლივობა ორი საათია. საგანგებოდ შემუშავებული მოდულის საშუალებით, მამები მიიღებენ ცოდნასა და ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:
• როგორ შევარჩოთ შვილის ყოლისთვის სასურველი დრო;
• როგორ დავუჭიროთ მხარი პარტნიორს ორსულობისა და მშობიარობის დროს;
• როგორ გავინაწილოთ საოჯახო შრომა;
• როგორ ავარჩიოთ ბავშვის აღზრდის მეთოდები;
• როგორ დავიცვათ შვილი ძალადობისგან;
• როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში;
• რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორი პარტნიორობა.
ასევე, „მამების სკოლის“ ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პროფესიონალებთან, რომლებიც ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად არიან ჩართული.
შვილებზე ზრუნვასა და აღზრდაში მამების აქტიური ჩართულობის სარგებელი არაერთი კვლევითაა დამტკიცებული – ამ დროს ბავშვები გაცილებით ბედნიერები არიან, გამოირჩევიან ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობით, მაღალი აკადემიური მიღწევებით, უკეთესი სოციალური უნარებით, მაღალი თვითშეფასებით, ნაკლები ქცევითი პრობლემებითა და სტრესისადმი გაზრდილი მედეგობით.
UNFPA-ის ინიციატივით, საქართველოში პირველად „მამების სკოლა“ 2021 წელს თბილისში, გაგუას კლინიკასთან და ქუთაისში – ქალთა ჯანმრთელობის ცენტრ „ჰერასთან“ თანამშრომლობით გაიხსნა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. აღნიშნულია ინფორმაციაში.










