საშარდე გზების ინფექციები
ჯანმრთელ ადამიანებში შარდის ბუშტში დაგროვილი შარდი სტერილურია – ბაქტერიებსა და სხვა ინფექციურ მიკროორგანიზმებს არ შეიცავს. შარდის ორგანიზმიდან გამომტანი მილი – შარდსადენიც არ შეიცავს ბაქტერიებს ან ყოველ შემთხვევაში, არა იმდენს, რომ ინფექცია გამოიწვიოს. თუმცა, ინფექცია საშარდე გზების ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს და მას საშარდე გზების ინფექციას უწოდებენ (სგი).
სგი ორ ჯგუფად იყოფა: ზედა და ქვედა, იმის მიხედვით, თუ რომელ ნაწილში განვითარდა. ქვედა სგი შარდსადენის ან შარდის ბუშტის ინფექციაა. ზოგი ექიმი თვლის, რომ წინამდებარე ჯირკვლის ინფექციაც (პროსტატიტი) ამ ჯგუფს უნდა მიეკუთვნოს. ზედა საშარდე გზების ინფექციები თირკმელში ვითარდება (პიელონეფრიტი). წყვილ ორგანოებში, მათ შორის თირკმლებშიც, ინფექციამ შეიძლება ერთი ან ორივე ორგანო დააზიანოს. სგი შეიძლება ბავშვებშიც განვითარდეს და ზრდასრულებშიც.
მიზეზები
ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმები საშარდე გზებში ორიდან ერთი საშუალებით ხვდება. ყველაზე ხშირად ისინი ორგანიზმში საშარდე გზების უკიდურესი ქვედა ნაწილიდან – შარდსადენის გარეთა ხვრელიდან შეაღწევენ, რომელიც მამაკაცებში ასოს თავზე, ხოლო ქალებში ვულვაშია მოთავსებული. ინფექცია აღმავალი გზით მიემართება შარდის ბუშტისკენ და ზოგჯერ, თირკმლებისკენაც. მეორე გზა, რომლითაც მიკროორგანიზმები საშარდე გზებში ხვდება, სისხლის მიმოქცევაა. ამ დროს ისინი, როგორც წესი, თირკმელში ხვდებიან.
სგი-ები თითქმის ყოველთვის ბაქტერიებითაა გამოწვეული, თუმცა ზოგჯერ მიზეზი შეიძლება ვირუსი, სოკო ან პარაზიტიც იყოს. სგი-ების 85%-ზე მეტს ნაწლავებიდან ან საშოდან მოხვედრილი ბაქტერიები იწვევს. თუმცა, ჩვეულებრივ, საშარდე გზებში შეღწეული ბაქტერიები შარდის ნაკადით გამოიდევნება ბუშტის დაცლასთან ერთად.
ბაქტერიები: ქვედა საშარდე გზების, ანუ შარდსადენის და შარდის ბუშტის, ბაქტერიული ინფექციები ძალიან ხშირია, განსაკუთრებით ახალგაზრდა სქესობრივად აქტიურ ქალებში. ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიკროორგანიზმი ნაწლავის ჩხირია. როცა ადამიანს თირკმლის კენჭი აქვს, საშარდე გზებში შეიძლება სპეციფიკური ბაქტერია – პროტეუსი გამრავლდეს. 20-50 წლის ასაკში სგი-ები 50-ჯერ უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ამის მიზეზი კაცებში შარდსადენის მეტი სიგრძეა, რის გამოც ბაქტერიებს უჭირთ იმდენად ზევით შეღწევა, რომ ინფექცია გამოიწვიონ. 50 წლის ზემოთ საშარდე გზების ინფექციები ორივე სქესში ხშირდება და გავრცელებაში განსხვავებაც ნაკლებია.
ვირუსები: შარდსადენი შეიძლება დააინფიციროს მეორე ტიპის მარტივმა ჰერპესის ვირუსმა (HშV-2), რაც იწვევს ტკივილს შარდვისას და აძნელებს შარდის ბუშტის დაცლას.
სოკოები: საშარდე გზების ინფექციების გამოწვევა ზოგიერთ სოკოს, მათ შორის საფუარასაც, შეუძლია (საფუარა სოკოები ვაგინიტსაც იწვევს). მათ შორის ყველაზე ხშირად მიზეზი სოკო კანდიდაა. კანდიდა საკმაოდ ხშირად იწვევს სგი-ს დაქვეითებული იმუნიტეტის ან შარდის ბუშტის კათეტერის მქონე ადამიანებში. იშვიათად სგი-ს მიზეზი შეიძლება სხვა სახის სოკოებიც იყოს, მაგ. ბლასტომიკოზისა და კოკციდიომიკოზის გამომწვევები, შესაბამისად Bლასტომყცეს და ჩოცციდიოიდეს. სოკოებსა და ბაქტერიებს იმავდროულად თირკმლების ინფიცირებაც შეუძლიათ.
- საშარდე გზების დახშობა ნებისმიერ ადგილას, მაგ. კენჭებით;
- შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლა, რის გამოც მისი ბოლომდე დაცლა არ ხდება, მაგ. ნევროლოგიური დაავადებების დროს;
- შარდსაწვეთებსა და შარდის ბუშტს შორის არსებული სარქვლის მსგავსი მექანიზმის მოშლა, რის გამოც შარდი და ბაქტერიები ბუშტიდან ზევით, შარდსაწვეთებში და შესაძლოა თირკმლებშიც ადის (უფრო ხშირად საშარდე გზების ინფექციის მქონე ბავშვებში);
ექიმის მიერ კათეტერის ან რაიმე ინსტრუმენტის შეყვანა საშარდე გზებში; - სქესობრივი აქტი;
- საშოს დიაფრაგმის გამოყენება სპერმიციდთან ერთად;
- პათოლოგიური კავშირის ანუ ხვრელმილის (ფისტულის) არსებობა შარდის ბუშტსა და საშოს ან ნაწლავს შორის;
- მამაკაცებში პროსტატიტი.
სისხლით გავრცელებული ინფექციები:
- ინფექციის გავრცელება სისხლში (სეპტიცემია);
- გულის სარქვლების ინფექცია (ინფექციური ენდოკარდიტი).
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)










